შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება

პუტინი: მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რუსეთი მარცვლეულის შეთანხმებას დატოვებს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი
Sputnik/Gavriil Grigorov/Kremlin

13 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რუსეთი აპირებს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების დატოვებას.

რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიისთვის მიცემულ კომენტარში პუტინმა ასევე თქვა, რომ გაერომ ამ დრომდე ვერ შეძლო საკითხის გადაწყვეტის რუსული მხარისთვის დამაკმაყოფილებელი გზის მოძებნა და დასძინა, რომ გაეროს გენერალური მდივნისგან, ანტონიო გუტერეშისგან წერილის სახით არანაირი შეთავაზება არ მიუღია. გაეროს სპიკერის ინფორმაციით, გუტერეშმა პუტინს შეტყობინება 11 ივლისს გაუგზავნა და მარცვლეულის ექსპორტის შენარჩუნების გზა შესთავაზა.

"ჩვენ შეგვიძლია შეთანხმებაში მონაწილეობა შევაჩეროთ და თუ ყველა კიდევ ერთხელ იტყვის, რომ ჩვენთვის მოცემული ყველა პირობა შესრულდება, დაე შეასრულონ ეს დაპირება. ჩვენ ხელახლა, დაუყოვნებლივ შევუერთდებით შეთანხმებას". - თქვა პუტინმა.

კრემლის წარმომადგენელმა მოგვიანებით დააზუსტა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების დატოვებასთან დაკავშირებით ჯერ მიღებული არ არის.


შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა გასული წლის ივლისში გაეროსა და თურქეთის შუამავლობით შემუშავდა. იგი მიზნად ისახავდა გლობალური სასურსათო კრიზისის თავიდან აცილებას რუსეთის შემოჭრით ბლოკირებული უკრაინული მარცვლეულის სამი პორტიდან უსაფრთხო ექსპორტის გზით. შეთანხმება 2023 წლის 18 მარტს 120 დღით გაგრძელდა. 

20 მარტს რუსეთმა მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით თავისი მოთხოვნები წამოაყენა. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, კრემლი უფასო მარცვლეულის აფრიკის ქვეყნებში გაგზავნით იმუქრებოდა.

სხვა მოთხოვნებთან ერთად, რუსეთი აცხადებდა, რომ სურდა მისი სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ბანკი Россельхозбанк კვლავ დაჰკავშირებოდა SWIFT-ის სისტემას და ტოლიატი-ოდესის მილსადენით ამიაკის მიწოდება აღმდგარიყო.

17 ივნისს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი აფრიკის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრის დროს ირწმუნებოდა, რომ შავი ზღვის პორტებიდან უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი, რომლის გაშვებაზეც რუსეთის კიევთან იყო შეთანხმებული, აფრიკის საკვების კრიზისს არ ეხმარება, რადგან პროდუქტი ძირითადად მდიდარ ქვეყნებში შედის. ვლადიმირ პუტინი ირწმუნებოდა, რომ დასავლეთმა რუსეთი კიდევ ერთხელ მოატყუა მარცვლეულის შეთანხმების ფარგლებში და მოსკოვი მის დატოვებას ფიქრობდა. მაისის შუა რიცხვებში, რუსეთის მიერ შეთანხმების დატოვების საფრთხის მიუხედავად, ის ორი თვით გახანგრძლივდა. 

შემდეგ ცნობილი გახდა, რომ კიევმა შესაძლოა დაუშვას რუსული ამიაკის ტრანზიტი უკრაინის ტერიტორიაზე გავლით, თუ რუსეთისგან და გაეროსგან მიიღებენ გარანტიას, რომ მარცვლეულის შეთანხმება შეუფერხებლად იმუშავებს.

შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელების სანაცვლოდ 11 ივლისს გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს რუსეთის სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ბანკის (Россельхозбанк) შვილობილი კომპანიის SWIFT-ის სისტემასთან კავშირის აღდგენა შესთავაზა.

კომენტარები