REUTERS: მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებისთვის რუსეთს SWIFT-თან კავშირის აღდგენას სთავაზობენ

შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელების სანაცვლოდ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს რუსეთის სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ბანკის (Россельхозбанк) შვილობილი კომპანიის SWIFT-ის სისტემასთან კავშირის აღდგენა შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 

ევროკავშირმა რუსეთის სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ბანკს SWIFT-ის სისტემასთან კავშირი 2022 წლის ივნისში შეუწყვიტა. გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი თავდასხმის დაწყებას მოჰყვა. Россельхозбанк-ის SWIFT-თან ხელახალი დაკავშირება მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებასთან დაკავშირებით რუსეთის მთავარ მოთხოვნებს შორის ერთ-ერთი იყო. Reuters-ის ცნობით, ევროკავშირი მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო ბანკის შვილობილი კომპანიის საერთაშორისო გადახდის სისტემასთან დაკავშირებას განიხილავს, რათა მარცვლეულსა და სასუქებზე ტრანზაქციები გახდეს შესაძლებელი. 

გაეროს სპიკერის ინფორმაციით, გუტიერეშმა პუტინს შეტყობინება 11 ივლისს გაუგზავნა და მარცვლეულის ექსპორტის შენარჩუნების გზა შესთავაზა.  

მანამდე კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ სავარაუდოდ რუსეთი უკრაინასთან დადებულ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას აღარ გააგრძელებს.

 17 ივნისს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი აფრიკის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრის დროს ირწმუნებოდა, რომ შავი ზღვის პორტებიდან უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი, რომლის გაშვებაზეც რუსეთის კიევთან იყო შეთანხმებული, აფრიკის საკვების კრიზისს არ ეხმარება, რადგან პროდუქტი ძირითადად მდიდარ ქვეყნებში შედის. ვლადიმირ პუტინი ირწმუნებოდა, რომ დასავლეთმა რუსეთი კიდევ ერთხელ მოატყუა მარცვლეულის შეთანხმების ფარგლებში და მოსკოვი მის დატოვებას ფიქრობდა. მაისის შუა რიცხვებში, რუსეთის მიერ შეთანხმების დატოვების საფრთხის მიუხედავად, ის ორი თვით გახანგრძლივდა. 

შემდეგ ცნობილი გახდა, რომ კიევმა შესაძლოა დაუშვას რუსული ამიაკის ტრანზიტი უკრაინის ტერიტორიაზე გავლით, თუ რუსეთისგან და გაეროსგან მიიღებენ გარანტიას, რომ მარცვლეულის შეთანხმება შეუფერხებლად იმუშავებს.


შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა გასული წლის ივლისში გაეროსა და თურქეთის შუამავლობით შემუშავდა. იგი მიზნად ისახავდა გლობალური სასურსათო კრიზისის თავიდან აცილებას რუსეთის შემოჭრით ბლოკირებული უკრაინული მარცვლეულის სამი პორტიდან უსაფრთხო ექსპორტის გზით. შეთანხმება 2023 წლის 18 მარტს 120 დღით გაგრძელდა. 

20 მარტს რუსეთმა მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით თავისი მოთხოვნები წამოაყენა. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, კრემლი უფასო მარცვლეულის აფრიკის ქვეყნებში გაგზავნით იმუქრებოდა.

სხვა მოთხოვნებთან ერთად, რუსეთი აცხადებდა, რომ სურდა მისი სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ბანკი Россельхозбанк კვლავ დაჰკავშირებოდა SWIFT-ის სისტემას და ტოლიატი-ოდესის მილსადენით ამიაკის მიწოდება აღმდგარიყო.

კომენტარები