შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება

გაეროს შავი ზღვის შეთანხმების მასშტაბების გაფართოება სურს – REUTERS

REUTERS/Mehmet Emin Caliskan

შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების გასაგრძელებლად სამომავლო გარანტიების შექმნის მიზნით,  გაერომ უკრაინას, თურქეთსა და რუსეთს ამიაკის ექსპორტის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს

Reuters-ის წყარო იუწყება, რომ გაეროს ხელშეკრულების მასშტაბების გაფართოება სურს, რათა მასში მეტი უკრაინული პორტი და ტვირთმზიდი იყოს ჩართული. 

ინფორმაციის გადამოწმება გამოცემამ გაეროს სპიკერთან, სტეფან დუჟარიკთან სცადა. პრესკონფერენციაზე დუჟარიკმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკებები გრძელდება. 

"როგორც გახსოვთ, ურთიერთთანამშრომლობის გასაღრმავებლად გენერალურმა მდივანმა მხარეებს სხვადასხვა იდეა შესთავაზა, მათ შორის ამიაკის ექსპორტზე მუშაობის დაწყება, რაც ხელშეკრულების ნაწილს წარმოადგენს. ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გრძელდება. ამ წუთისთვის მეტს ვერაფერს გეტყვით". - აღნიშნა გაეროს სპიკერმა. 

შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა გასული წლის ივლისში გაეროსა და თურქეთის შუამავლობით შემუშავდა. იგი მიზნად ისახავდა გლობალური სასურსათო კრიზისის თავიდან აცილებას რუსეთის შემოჭრით ბლოკირებული უკრაინული მარცვლეულის სამი პორტიდან უსაფრთხო ექსპორტის გზით. შეთანხმება 2023 წლის 18 მარტს 120 დღით გაგრძელდა. 

20 მარტს რუსეთმა მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით თავისი მოთხოვნები წამოაყენა. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, კრემლი უფასო მარცვლეულის აფრიკის ქვეყნებში გაგზავნით იმუქრებოდა.

სხვა მოთხოვნებთან ერთად, რუსეთი აცხადებდა, რომ სურდა მისი სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ბანკი Россельхозбанк კვლავ დაჰკავშირებოდა SWIFT-ის სისტემას და ტოლიატი-ოდესის მილსადენით ამიაკის მიწოდება აღმდგარიყო.

კომენტარები