შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება

ზახაროვა: გაეროს 3 თვე აქვს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების რუსული ნაწილის შესასრულებლად

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, გაეროს სამი თვე აქვს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების რუსული ნაწილის შესასრულებლად.

როგორც გამოცემა Reuters-ი წერს, რუსეთში აღნიშნავენ, რომ თუ გაერო არ შეასრულებს მემორანდუმის პირობებს რუსული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის შესახებ, მომდევნო სამი თვის განმავლობაში, მოსკოვი არ განაახლებს მოლაპარაკებებს შავი ზღვის გავლით უკრაინის მარცვლეულის ექსპორტის დაშვების შეთანხმების შესახებ.

"გაეროს ჯერ კიდევ სამი თვე აქვს კონკრეტული შედეგების მისაღწევად. თუ იქნება კონკრეტული შედეგები, ჩვენ დავუბრუნდებით ამ საკითხის განხილვას". - თქვა ზახაროვამ.


შეგახსენებთ, რომ რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, შეთანხმების დატოვების მიზეზად დაასახელა რუსეთის მიმართ აღებული ვალდებულებები შეუსრულებლობა.

ამავდროულად, რუსეთის გადაწყვეტილება გახდა ცნობილი მას შემდეგ, რაც რუსეთისა და ოკუპირებული ყირიმის მაკავშირებელ ხიდზე აფეთქება მოხდა. 17 ივლისს ქერჩის სრუტეზე გამავალ ხიდზე, რომელიც ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთის ფედერაციას აკავშირებს, აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ობიექტი დაზიანდა და გადაადგილება დროებით შეჩერდა. უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ეს უსაფრთხოების სამსახურისა და სამხედრო-საზღვაო ძალების ერთობლივი სპეცოპერაცია იყო და იერიში საზღვაო დრონების გამოყენებით განახორციელეს. მსგავსი უპილოტო აპარატების გამოყენებაზე საუბრობდა რუსული მხარეც.

აფეთქებიდან რამდენიმე საათში, რუსეთმა დატოვა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება, რომელიც უკრაინული სავაჭრო ხომალდების გადაადგილების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. შეთანხმებას თურქეთი შუამავლობდა.

აქამდე მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პუტინი მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებაზე თანახმა იყო. რეპორტიორებთან საუბრისას ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ შეთანხმება, რომელიც 17 ივლისს უნდა დასრულებულიყო, თურქეთისა და გაეროს ერთობლივი ძალისხმევის შედეგად გახანგრძლივდება. 

კომენტარები