კინოცენტრი

წულუკიანი კინოცენტრზე: ნეპოტიზმი მეფობს – არაერთი პროტესტანტი ამ სისტემის ბენეფიციარია

კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, რეორგანიზაციის პროცესი კანონით გათვალისწინებულ ვადებში მიმდინარეობს. როგორც მან ტელეკომპანია იმედის ეთერში საუბრისას აღნიშნა, რეორგანიზაცია 12 ივნისს დაიწყო და 12 ივლისს დასრულდა, შესაბამისად "არაფერი გაჭიანურებულა".

ამასთან მინისტრი ამბობს, რომ მას და წინამორბედებსაც რეორგანიზაციის პროცესის დაწყება დააგვიანდათ და ეს მისი და მისი გუნდის შეცდომაა. " ბევრად ადრე უნდა გავეწყო, ბევრად".-ამბობს წულუკიანი და განმარტავს, რომ კინოცენტრი კინოხელოვანების ხელში მოქნილი ინსტრუმენტი უნდა იყოს. 

"რეორგანიზაცია არ გაჭიანურებულა. რეორგანიზაციის წესებს განსაზღვრავს კანონი და ერთი თვე მიმდინარეობს, მაგრამ უმრავლესობამ ეს მოსაწყენი დეტალები არ იცის. ერთი თვე 12 ივნისს დაიწყო და 12 ივლისს დასრულდა. ეს პროტესტია რას ემსახურება არ ვიცი.

დღეს ჩვენ შევიტყვეთ, რომ ერთ-ერთ პროტესტანტს, ასე დავარქმევ, რომელიც გათავისუფლდა სამსახურიდან, მიუმართავს მას სამსახურისთვის, უთხოვია რეორგანიზაციის შეჩერება და 10 ივლისს მისთვის სასამართლოს უთქვამს უარი. ეს გახლავთ, სახელი არ  მახსოვს ბოდიშს ვიხდი, ქალბატონი კუხალაშვილი, რომელიც მაინცდამაინც სანაქებო მეთოდებით არ მართავდა კინოცენტრს მრავალი წლის განმავლობაში. თუ რამე დაგვიანდა არის რეორგანიზაციის დაწყება. ეს ჩემი შეცდომაც არის, ჩემი გუნდის შეცდომას არის. ეს მეც და ჩემს წინამორბედებს ბევრად ადრე უნდა დაგვეწყო. ჩემი მიზანი ერთადერთია, რომ კინოცენტრი უნდა იყოს მოქნილი ინსტრუმენტი კინოხელოვანების ხელში და უკეთესად დაეხმაროს მათ".-ამბობს წულუკიანი. 

კულტურის მინისტრის თქმით, მომავალი კვირიდან შეხვედრები განახლდება, მაგრამ იმ ნაწილთან, რომლებმაც პირველი შეხვედრის დროს კინოცენტრთან დაკავშირებით თავიანთი ხედვა წარადგინეს. 

ამასთან წულუკიანმა კინოცენტრი ნეპოტიზმში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ "არაერთი პროტესტანტი ამ სისტემის ბენეფიციარია". 

"მომავალი კვირიდან განვაახლებთ კინოხელოვანებთან შეხვედრას. პირველ რიგში, მეორე შეხვედრა გვექნება მათთან, ვინც პირველი შეხვედრის დროს თავისი ხედვა წარმოადგინა კინოცენტრთან დაკავშირებით. კინოცენტრი გადაიქცევა სასარგებლო ინსტრუმენტად.  მე კონსესუსს არ ვეძიებ, მე პარტნიორობებს ვეძიებ. ასეთი ბევრია კინოხელოვანთა რიგებში, რომლებსაც კინო აინტერესებთ და არა პოლიტიკა. 

[...]მეფობს ნეპოტიზმი, მეფობს გაუმჭვირვალე საკონკურსო პირობები, არაერთი პროტესტანტი ამ სისტემის ბენეფიციარია და არაერთ მათგანს მოუთბია ხელი ამ ნეპოტიზმით და მიუღიათ დაფინანსება, რაც სხვას წაართვეს".- აცხადებს კულტურის მინისტრი


საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრში თანამშრომლები ახალ ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვენ.

ისინი ამბობენ, რომ  დირექტორი კონკურსის გზით უნდა აირჩეს და ახალი დირექტორის დანიშვნამდე რეორგანიზაციის პროცესი შეჩერდეს. ამასთან თანამშრომლების თქმით, დაუშვებელია, მინისტრი ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას იღებდეს და აუცილებელია დირექტორის შესარჩევი კომისია კინოცენტრის თანამშრომლებისგან დაკომპლექტდეს.  "დაინიშნოს დემოკრატიულად და არა სამინისტროს მხრიდან სადამსჯელო ღონისძიების აღმასრულებელი ადამიანი".- ამბობენ ისინი. 

კინოცენტრში იყო მისული  პროპაგანდისტული და სახელისუფლებო ტელევიზიის, POSTV-ის ჟურნალისტი  და წამყვანი ბაჩო ოდიშარია, რომელიც კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. ფორმულასთან საუბარში მან თქვა, რომ რეორგანიზაციის პროცესში ჩაერთვება და მისთვის გაუგებარია, რატომ მიმდინარეობს პროტესტი. მისივე თქმით, ერთადერთი, რაც მას უხერხულობას უქმნის ფორმულას "მიკროფონში პასუხის გაცემაა". 

ამჟამად დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კობა ხუბუნაიაა, რომელიც  კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსიცაა.

კინოცენტრში რეორგანიზაციის დაწყების შესახებ ინფორმაცია ცენტრის თანამშრომლებმა ფეისბუკის პირად გვერდებზე კვირას, 11 ივნისს გაავრცელეს. კინოცენტრის დირექტორის მოადგილე ნინო კუხალაშვილი წერდა, რომ თეა წულუკიანმა მისი შტატი გააუქმა და 12 ივლისიდან სამსახურიდან ათავისუფლებენ. 

რეორგანიზაციას წინ უძღოდა ცენტრის თანამშრომლების მიერ გამოქვეყნებული ღია წერილი, რომლითაც ისინი დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ითხოვდნენ. წერილ მალევე, ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში წაიშალა. 

2022 წლის 14 მარტს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი, გაგა ჩხაიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. უწყების ცნობით, შიდა აუდიტის სამსახურმა 2019-2020 წლების პერიოდში კინოცენტრში არაერთი დარღვევა აღმოაჩინა, მათ შორის არის ფინანსური რესურსის კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ ხარჯვის ფაქტები, ფინანსური მართვის სისტემის ხარვეზები და სავარაუდო ნეპოტიზმის ფაქტები.

თავად ჩხეიძე ბრალს უარყოფს.  ხელმძღვანელის პოსტზე ყოფნის პერიოდში მან არაერთხელ გააკრიტიკა თეა წულუკიანი და კულტურის სამინისტროს ბოლოდროინდელი პოლიტიკა. ამასთან აღსანიშნავია, რომ მანამდე 6 მარტს გაგა ჩხეიძის გადაწყვეტილებით ეროვნულმა კინოცენტრმა შეაჩერა საქმიანი ურთიერთობა რუსულ გოსფილმოფონდთან, მიზეზი უკრაინაში რუსეთის ჯარის შესვლა გახდა. კინოცენტრს კულტურის სამინისტროსთან ერთად 2016 წლის შემდეგ  რუსეთიდან გოსფილმოფონდში დაცული ქართული ფილმების ასლები მათი გაციფრულებისა და აღდგენის მიზნით ჩამოაქვს.

20 ივნისს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში პოსტით გამოეხმაურა.

23 ივნისს თეა წულუკიანი კულტურის სამინისტროსთან მიმდინარე აქციის ფონზე კინემატოგრაფისტების სხვა ჯგუფს შეხვდა.

28 ივნისს კინოცენტრის თანამშრომლებმა და სხვა სფეროს წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტს წერილით მიმართეს.

ამ დროისთვის ქართველ კინემატოგრაფისტებს ოთხი საპროტესტო აქცია აქვთ ჩატარებული.

2023 წლის კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე ორი ქართული ფილმი მოხვდა. საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ორი ფესტივალის მონაწილე ფილმი ახსენა, თუმცა მხოლოდ ერთი ფილმის ანოტაცია გამოაქვეყნა

კომენტარები