კინოცენტრი

მეუფე სტეფანე კინოცენტრზე: არაფრის შემქმნელებმა, ნულებმა წამოიწყეს პროცესი, თითქოს ზღუდავენ

"ამ არაფრის შემქმნელებმა და ნულებმა წამოიწყეს პროცესი, თითქოს ვიღაც შემოქმედებით შეზღუდვას უწესებს. მარტო მაგათ ჰქონდათ ბურთი, მოედანი, ფილმები, რასაც იღებდნენ, ვინმემ იცის მათ შესახებ? რა ფილმები, რას წარმოადგენენ?" – ასე გამოეხმაურა ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე კინოცენტრის გარშემო მიმდინარე მოვლენებს.

"გუშინ შევხედე ტელევიზორს და არ ვიცი, რეჟისორები აწერიათ, რაღაცები, არცერთი არ ვიცით ვინ არის. თუ ვინმეს უნახავს ფილმი, რომელიც მათი გადაღებულია ეგეც საინტერესოა. იბრძვიან იმისთვის, რომ დამოუკიდებელი და თითქოს ღირებულებას რამეს ქმნიდნენ და კაცი შვილმა არ იცის, რა გააკეთეს. მე სპეციალურად ვცდილობდი, რომ რა გადაიღეს ქართულად, ქართული ფილმი მენახა ხოლმე და წავაწყდებოდი უხამსობას, რაღაც უაზრობას, იდეოლოგიურ დივერსიებს და იმ წუთში ვაგდებდი. გამიჭირდა, რომ ქართული ფილმი მენახა ისეთი, რომელიც არ დააზიანებს ადამიანს. ესენი ახლა დგანან და ყვირიან, რომ თითქოს მათ არ აძლევენ საშუალებას, რომ რაღაც თავისუფლად შემოქმედები იყვნენ, სულ რაღაც ან რაღაც ისეთია, ნარკომანია, რომელიც, ფაქტობრივად, დამთრგუნველ სიტუაციამდე მიდიხარ, სულ ტირიან, სულ რაღაც უბედურება.

თქვენ რომ იცოდეთ, ფესტივალებისთვის ფილმების გადაღებას რა უნდა – ხალხისთვის გადაღებული ფილმი სხვა არის და ფესტივალისთვის სხვა არის, იმიტომ, რომ ფესტივალს შემკვეთი ჰყავს, იმას უნდა, რომ თავისი რაღაც იდეოლოგია გაატაროს. ამისთვის ითხოვს, რომ აუცილებლად იყოს იქ ლჭპტ, აუცილებლად უნდა იყოს გენდერული რაღაცები, ანუ ქალი, რაღაცა იქით-აქეთ, უნდა იყოს შავკანიანი ადამიანი, როგორც დადებითი პერსონაჟი და არავითარ შემთხვევაში ის უარყოფითი პერსონაჟი არ უნდა იყოს. უნდა იბრძოდე იმისთვის, რომ ამ ყველაფერი, რაც იდეოლოგიურად ჩამოგითვალეთ, გაიმარჯვოს და ღმერთის ხსენება არ შეიძლება". – თქვა მეუფე სტეფანემ.

საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრში თანამშრომლები ახალ ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ  დირექტორი კონკურსის გზით უნდა აირჩეს და ახალი დირექტორის დანიშვნამდე რეორგანიზაციის პროცესი შეჩერდეს. ამასთან თანამშრომლების თქმით, დაუშვებელია, მინისტრი ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას იღებდეს და აუცილებელია დირექტორის შესარჩევი კომისია კინოცენტრის თანამშრომლებისგან დაკომპლექტდეს.

ამჟამად დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კობა ხუბუნაიაა, რომელიც  კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსიცაა. კინოცენტრში რეორგანიზაციის დაწყების შესახებ ინფორმაცია ცენტრის თანამშრომლებმა Facebook-ის პირად გვერდებზე კვირას, 11 ივნისს გაავრცელეს. კინოცენტრის დირექტორის მოადგილე ნინო კუხალაშვილი წერდა, რომ თეა წულუკიანმა მისი შტატი გააუქმა და 12 ივლისიდან სამსახურიდან ათავისუფლებენ. 

რეორგანიზაციას წინ უძღოდა ცენტრის თანამშრომლების მიერ გამოქვეყნებული ღია წერილი, რომლითაც ისინი დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ითხოვდნენ. წერილ მალევე, ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში წაიშალა. 

14 მარტს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი, გაგა ჩხაიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. უწყების ცნობით, შიდა აუდიტის სამსახურმა 2019-2020 წლების პერიოდში კინოცენტრში არაერთი დარღვევა აღმოაჩინა, მათ შორის არის ფინანსური რესურსის კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ ხარჯვის ფაქტები, ფინანსური მართვის სისტემის ხარვეზები და სავარაუდო ნეპოტიზმის ფაქტები.

თავად ჩხეიძე ბრალს უარყოფს.  ხელმძღვანელის პოსტზე ყოფნის პერიოდში მან არაერთხელ გააკრიტიკა თეა წულუკიანი და კულტურის სამინისტროს ბოლოდროინდელი პოლიტიკა. ამასთან აღსანიშნავია, რომ მანამდე 6 მარტს გაგა ჩხეიძის გადაწყვეტილებით ეროვნულმა კინოცენტრმა შეაჩერა საქმიანი ურთიერთობა რუსულ გოსფილმოფონდთან, მიზეზი უკრაინაში რუსეთის ჯარის შესვლა გახდა. კინოცენტრს კულტურის სამინისტროსთან ერთად 2016 წლის შემდეგ  რუსეთიდან გოსფილმოფონდში დაცული ქართული ფილმების ასლები მათი გაციფრულებისა და აღდგენის მიზნით ჩამოაქვს.

20 ივნისს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში პოსტით გამოეხმაურა.

კომენტარები