პრიგოჟინის ამბოხება

WSJ: ამბოხიდან რამდენიმე საათში სულ მცირე 13 რუსი სამხედრო მაღალჩინოსანი დააკავეს

უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალების მეთაურის მოადგილე და რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდალი, არმაგედონის სახელით ცნობილი გენერალი, სერგეი სუროვიკინი
RUSSIAN DEFENSE MINISTRY PRESS SERVICE/ASSOCIATED PRESS

The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის მიერ რუსეთში სამხედრო არეულობის დაწყებიდან რამდენიმე საათში, ქვეყნის შიდა უსაფრთხოების სამსახურმა რამდენიმე მაღალი რანგის სამხედრო ოფიცერი, მათ შორის უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალების მეთაურის მოადგილე და რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდალი, გენერალი სერგეი სუროვიკინი დააკავა.

გამოცემის ცნობით, სირიაში წარმოებული დაბომბვის კამპანიების გამო გენერალ არმაგედონად ცნობილი სუროვიკინი მოსკოვში ჰყავთ დაკავებული, თუმცა უშუალოდ დაკავების ცენტრში არ ამყოფებენ და გამომძიებლები ამბოხში მისი როლის გასარკვევად განმეორებით დაკითხვებს უწყობენ. გენერლისთვის ბრალი არ წარუდგენიათ. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, სუროვიკინმა პრიგოჟინის გეგმების შესახებ იცოდა, თუმცა უშუალოდ ამბოხში ჩართული არ ყოფილა და სავარაუდოდ მას შემდეგ გაათავისუფლებენ, რაც პუტინი ამბოხის შედეგების გამკლავების გზებს იპოვის.

WSJ ასევე წერს, რომ კრემლის მიერ ღალატში ეჭვმიტანილი ოფიცრების გამოვლენისა და დასჯის მცდელობა იმაზე ფართო მასშტაბისაა, ვიდრე ეს საზოგადოებისთვისაა ცნობილი. წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა იუწყება, რომ გამოკითხვისთვის მაღალი რანგის სულ მცირე 13 ოფიცერი დააკავეს, რომელთაგან ზოგი მოგვიანებით გაათავისუფლეს. ასევე, დაახლოებით 15 სამხედრო მაღალჩინოსანს უფლებამოსილება შეუჩერეს, ან თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

გამოკითხვისთვის დააკავეს და შემდეგ გაათავისუფლეს სუროვიკინის მოადგილე, გენერალ-პოლკოვნიკი ანდრეი იუდინი და სამხედრო დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმირ ალექსეევი. მათ უფლებამოსილება შეუჩერეს, გადაადგილება შეუზღუდეს და მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

დაკავებულებს შორის ასევე არის ყოფილი გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილ მიზინცევი, რომელიც თავდაცვის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, აპრილში კი კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერს შეუერთდა.


27 ივნისს The New York Times-ი წერდა, რომ გენერალი სუროვიკინი შესაძლოა ვაგნერელებს მხარს უჭერდა და მათი გეგმების შესახებაც წინასწარ იცოდა, მიუხედავად იმისა, რომ აჯანყების ღამეს გავრცელდა მისი სპეციალური მიმართვა, რომელიც დეესკალაციის მოწოდება იყო. კრემლში ამ ცნობას სპეკულაციას უწოდებდნენ.

28 ივნისს დამოუკიდებელი რუსულენოვანი მედია, The Moscow Times-ი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებული ანონიმური პირების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერდა, რომ სუროვიკინი დააკავეს. გენერლის დაკავების შესახებ ცნობა The Financial Times-მაც გაავრცელა.

29 ივნისს CNN-მა მოპოვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალი სერგეი სუროვიკინი კერძო სამხედრო კომპანიის "ვაგნერის" VIP წევრი იყო.

პარალელურად რუსული ტელეგრამ-არხი BAZA წერდა, რომ ისინი დაუკავშირდნენ სერგეი სუროვიკინის ქალიშვილს, რომელმაც მათ უთხრა, რომ მამა კარგად არის, "სამუშაო ადგილზეა" და არ დაუკავებიათ. თუმცა გენერლის მეუღლე ამბობდა, რომ მისი ქმარი სამსახურიდან არ დაბრუნებულა.

დასავლურ მედიაში დაზვერვის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერენ, რომ პრიგოჟინის თავდაპირველი გეგმა გულისხმობდა თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუსა და გენშტაბის მეთაურის, ვალერი გერასიმოვის შეპყრობას, მაშინ, როცა ისინი უკრაინის მოსაზღვრე რეგიონს ესტუმრებოდნენ. თუმცა, ცნობების მიხედვით, პრიგოჟინის ბანაკიდან ინფორმაციამ გაჟონა, რის გამოც ვაგნერელებს ნაჩქარევად მოქმედება მოუწიათ. დასავლურ სადაზვერვო სამსახურებში თვლიან, რომ პრიგოჟინი აჯანყებას ვერ გაბედავდა, გარკვეული ძალაუფლების მქონე პირების მხარდაჭერა რომ არ ჰქონოდა.


რუსეთში სამხედრო არეულობა 23 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერელების ბანაკზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა და მათ საპასუხო ნაბიჯებს დაჰპირდა.

იერიშის ბრალდების გარდა, პრიგოჟინი უკრაინაში რუსი სამხედროების დიდ დანაკარგებში თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის მეთაურს, ვალერი გერასიმოვს ადანაშაულებდა. ვაგნერის დამფუძნებელი იმუქრებოდა, რომ გაანადგურებდნენ ყველას, ვინც გზაზე გადაუდგებოდა.

როცა მზარეულს მადა ეხსნება – ევგენი პრიგოჟინის გზა აჯანყებამდე

ვაგნერის ძალები 24 ივნისის გამთენიისას შევიდნენ დონის როსტოვში, სადაც, პრიგოჟინის მტკიცებით, აქამდე იმყოფებოდა რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ. ვაგნერის ლიდერი ამბობდა, რომ შოიგუ აქ სპეციალურად ჩამოვიდა, რათა მისი ძალების განადგურება დაეგეგმა, თუმცა, საპასუხო მოქმედებების დაწყების შემდეგ, გაიქცა. თავად პრიგოჟინი ამბობდა, რომ ეს არა სამხედრო გადატრიალება, არამედ "სამართლიანობის მარში" იყო.

ქალაქ როსტოვში ვაგნერელებმა ალყაში მოაქციეს და დაიკავეს ადმინისტრაციული და სამხედრო ობიექტები. იგივე მოხდა ქალაქ ვორონეჟშიც. პრიგოჟინის მოსკოვისკენ წინსვლას აანონსებდა. რუსეთის დედაქალაქში ამოქმედდა ანტიტერორისტული რეჟიმი.

მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალური მიმართვა გააკეთა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა. ის ამბობდა, რომ ეს მოქმედებები არის ღალატი და გადატრიალების მცდელობა და მის ლიდერებს გარდაუვალ სასჯელს ჰპირდებოდა. საპასუხოდ პრიგოჟინმა განაცხადა, რომ პუტინის მოთხოვნის გამო დანებებას არ აპირებდნენ, რადგან "ბიუროკრატიაში, ტყუილსა და კორუფციაში ცხოვრება" აღარ სურდათ.

დაპირისპირებულ მხარეებს შორის შუამავლობა დაიწყო ბელარუსის ავტოკრატმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ. საბოლოოდ მხარეებმა დეესკალაციის შეთანხმებას მიაღწიეს. პრიგოჟინმა განაცხადა, რომ "გეგმის შესაბამისად", საკუთარ ძალებს უკან, საველე ბანაკებში დააბრუნებდა. შემდეგ კრემლში განაცხადეს, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდებოდა, თავად ოლიგარქი კი ბელარუსში გადავიდოდა. თუმცა, შემდეგში რუსულმა სამთავრობო მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ შეწყვეტილა.

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების დროს ვაგნერელებმა ჩამოაგდეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ექვსი ვერტმფრენი, აქედან ერთი ძვირადღირებული რადიოელექტრონული ბრძოლის ვერტმფრენი და ერთი რადიოელექტრონული დაზვერვის თვითმფრინავი.

აჯანყების შემდეგ პრიგოჟინმა თქვა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 1-ელი ივლისისთვის კსკ ვაგნერის დაშლას აპირებდა. ოლიგარქის მტკიცებით, ისინი ჯავშანტექნიკას სატვირთოებზე ტვირთავდნენ, რათა როსტოვში ჩაეტანათ და უწყებისთვის საჯაროდ გადაეცათ, თუმცა მათზე იერიში მიიტანეს, რასაც, მისივე მტკიცებით, 30-მდე ვაგნერელი ემსხვერპლა. პრიგოჟინის თქმით, სწორედ ეს გახდა ესკალაციის გამომწვევი მიზეზი.

26 ივნისს პუტინმა ვაგნერელებს სამი ალტერნატივა შესთავაზა: თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის დადება, სახლში დაბრუნება, ან ბელარუსში გადასვლა.

29 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია და სატელიტური ფოტოები, რომლის მიხედვითაც ვაგნერი მინსკთან მდებარე სამხედრო ობიექტზე ახალ ბაზას ქმნის. ფოტოებზე ჩანს ახალი კონსტრუქციები იმ მინდორზე, რომელიც ჯერ კიდევ 14 ივნისს ცარიელი იყო.

10 ივლისს კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ 29 ივნისს პრიგოჟინი პუტინს შეხვდა, თუმცა შეხვედრის მნიშვნელოვან დეტალებზე არ უსაუბრია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით, მათ ვაგნერს ასობით ტანკი, საარტილერიო მოწყობილობები და სხვა შეიარაღება ჩამოართვეს. თუ ეს სიმართლეა, ვაგნერის ჯგუფის მებრძოლები რუსეთსა და უკრაინაში ფაქტობრივად იარაღის გარეშე არიან დარჩენილები.

კომენტარები