ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება

შვედეთი NATO-ში რაც შეიძლება მალე უნდა გაწევრიანდეს – სტოლტენბერგი და ბაიდენი

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი
Manuel Balce Ceneta/AP

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა შვედეთის სამხედრო ალიანსში რაც შეიძლება სწრაფად გაწევრიანების სურვილი კიდევ ერთხელ გამოთქვეს

"ვაშინგტონში შეხვედრის დროს, ორმა ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათი საერთო სურვილია, შვედეთი ალიანსში რაც შეიძლება მალე გაწევრიანდეს". - წერია თეთრი სახლის განცხადებაში. 

შვედეთმა NATO-ში გაწევრიანების მოთხოვნით ალიანსს 2022 წლის მაისში მიმართა, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. შვედეთის ალიანსში მიღებას თურქეთი და უნგრეთი ბლოკავენ. 

თეთრი სახლის განცხადებაში წერია ისიც, რომ ბაიდენმა და სტოლტენბერგმა ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების კონტექსტში რუსეთის ომის შედეგებსა და NATO-ს შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.  

მანამდე, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ უკრაინის უკანასკნელი მიღწევები ბრძოლის ველზე ხაზს უსვამს დასავლეთის მიერ კიევის დახმარების გაგრძელების აუცილებლობას, რათა უკრაინას მოსკოვთან მომავალ მოლაპარაკებებში უფრო მეტი ბერკეტი ჰქონდეს. 

შეხვედრა 13 ივნისს, ვილნიუსში NATO-ს სამიტის წინ გაიმართა. 

კომენტარები