სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო'სალივანის თქმით, ევროკავშირი იმედგაცრუებულია, რომ საქართველო დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ უერთდება და ასრულებს, თუმცა გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, ეს მათთვის გასაგებია.
"რა თქმა უნდა, საქართველო არ აწესებს სანქციებს. შესაძლოა, ჩვენ იმედგაცრუებული ვართ. ქვეყანა, რომელსაც აქვს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფება, უნდა შეესაბამებოდეს, მათ შორის, ჩვენს საგარეო პოლიტიკას, მაგრამ ჩვენ, ასევე, ვიაზრებთ, რა სპეციფიკურ სიტუაციაში იმყოფება საქართველო ეკონომიკურად, გეოგრაფიულად და მრავალმხრივ რუსეთის კონტექსტის გათვალისწინებით. ამიტომ, ჩვენ გვესმის, რომ საქართველო უერთდება ჩვენი სანქციების იმპლემენტაციას. თუმცა, ბოლო ორ დღეში ვნახეთ, საქართველოს მთავრობა საკითხს ძალიან სერიოზულად უდგება, რომ ქვეყანა არ იყოს გამოყენებული სანქციების თავის ასარიდებელ პლატფორმად". – თქვა ო'სალივანმა.
დევიდ ო'სალივანი საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელთან, ჯიმ ო'ბრაიენთან და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის გენერალური დირექტორთან ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში, კუმარ აიერთან ერთად იმყოფება.
აიერმა და ო'ბრაიენმა ერთობლივ კონფერენციაზე განმარტეს, რომ ვიზიტის ძირითადი მიზანი მოსაზღვრე ქვეყნებიდან რუსეთის მიმართულებით სანქცირებული ტექნიკის შესაძლო იმპორტის კონტროლის მექანიზმებზე მუშაობაა.
კუმარ აიერის თქმით, დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის თავის არიდების მცდელობების უმრავლესობა სახმელეთო საზღვრებზე ხდება, თუმცა კონტროლი უნდა გამკაცრდეს საჰაერო მიმოსვლაზეც.
დელეგაციის წევრები შეხვდნენ პრემიერმინისტრს, პრეზიდენტს, ეკონომიკის მინისტრს, ეროვნული ბანკის პირველ ვიცეპრეზიდენტს, გენერალურ პროკურორს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს. დელეგაცია ვიზიტს სომხეთში აგრძელებს.
გამოცემა POLITICO-ს ცნობით, 2023 წლის გაზაფხულზე დევიდ ო'სალივანი უკვე იმყოფებოდა თურქეთში, უზბეკეთსა და ყაზახეთში რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შესაძლო გვერდის ავლის შემთხვევების მონიტორინგისთვის.
ჯეიმს ო'ბრაიენმა ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ საქართველო სრულად ასრულებს დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურს სანქციებს, თუმცა მომატებულია რუსეთის მიმართულებით ელექტრონული ნივთების ტრანზიტი, რაც ლეგალური აღარ არის. ამასთან, ო'ბრაიენმა ხაზი გაუსვა, რომ სანქციების სრულად აღსრულება საქართველოს ეკონომიკას არ აზარალებს.
მანამდე, ო'ბრაიენმა საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს (ECFR) ყოველწლიურ შეხვედრაზე თქვა, რომ რუსეთი გარკვეული სანქციებისთვის თავის არიდებას სხვა სახელმწიფოების გავლით ცდილობს, რაც ხელს უშლის შეზღუდვების მიზნების შესრულებას.