რუსეთის წინააღმდეგ სანქციები

ფინანსთა სამინისტრო: საქართველო სრულად იცავს საერთაშორისო სანქციებს

1tv.ge

ფინანსთა სამინისტრო ბრიტანულ გამოცემა Politico-ში გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა, სადაც წერია, რომ აშშ-მ გამოავლინა, რომ ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ხელს უწყობს რუსეთის მიერ სანქციებისთვის თავის არიდების პრობლემას, არის საქართველო. ფინანსთა სამინისტროს თქმით, საქართველო სრულად იცავს საერთაშორისო სანქციებს და აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ ქვეყნებთან.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ეხმაურება ზოგიერთი პოლიტიკოსისა და მედიის მხრიდან საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით საერთაშორისო მედიაში - ამ შემთხვევაში, გამოცემა Politico-ში გამოქვეყნებულ პუბლიკაციას, რომელშიც, როგორც გამოცემა აღნიშნავს, მოყვანილი აქვს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორ ჯიმ ო’ბრაიანის მიერ სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით გამოთქმული განცხადება. სამწუხაროა, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადება კვლავ ინტერპრეტირებულია მედიის მხრიდან და გამოყენებულია საქართველოს წინააღმდეგ მორიგი დეზინფორმაციისთვის. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მედიის მიერ ხდება ბ-ნ ჯიმ ო’ბრაიანის ნათქვამის არასწორი ინტერპრეტაცია. საინტერესოა, რომ Politico პუბლიკაციის საფუძვლად იღებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორის, ჯიმ ო’ბრაიანის მიერ 7-8 ივნისს, სართაშორისო ანალიტიკური ცენტრის - საგარეო საქმეთა ევროპული საბჭოს (ECFR) მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ღია დისკუსიის დროს გამართულ დიალოგს, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ეხებოდა რუსეთისთვის საერთაშორისოდ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს, მათი შესრულების მხრივ არსებულ გლობალურ გამოწვევებს და აშშ-ის და ევროკავშირის თანამშრომლობას პარტნიორ სახელმწიფოებთან სანქციების შესაძლო გვერდის ავლის რისკების პრევენციის მიზნით. დისკუსიისას წამოჭრილ საკითხზე, თუ რომელ ქვეყნებთან მიდის მუშაობა სანქციების ეფექტურობის გაზრდის მიზნით და რამდენად წარმატებულად ახერხებს აშშ და ევროკავშირი სანქციების გვერდის ავლის პრევენციას, საქართველო ნახსენები იყო არა როგორც ქვეყანა, სადაც ხდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა, არამედ, იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ პარტნიორებთან იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს სანქციების რეჟიმის დარღვევის პრევენცია". - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფინანსთა სამინისტროს თქმით, საქართველო საერთაშორისო სანქციებს სრულად იცავს და ამბობენ, რომ საქართველომ საბაჟო პუნქტებიდან სანქცირებული საქონელი უკან არაერთხელ გააბრუნა.

"სანქციების აღსრულების მიმართულებით საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის აქტიური და ქმედითი თანამშრომლობის გათვალისწინებით, მიუხედავად ზემოხსენებული მედია საშუალებებისა და ცალკეული პოლიტიკოსების ინტერპრეტაციისა, დარწმუნებულნი ვართ, რომ სანქციების გვერდის ავლის მიზეზად საქართველოს მოაზრება არ ასახავს არც შეერთებული შტატების პოზიციას და არც ჩვენი თანამშრომლობის ხასიათს ამ მიმართულებით. საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან საქართველოს მიერ მიღებულია საბაჟო გამშვები პუნქტებიდან სანქცირებული საქონლის უკან გაბრუნების 1 200-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება, გაფორმების ეკონომიკურ ზონებში საქონლის ექსპორტის ან რეექსპორტის განზრახვის თაობაზე, პირის ზეპირი/წერილობითი მომართვისას უარის თქმის 800-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ საქართველო სრულად იცავს საერთაშორისო სანქციებს და აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ ქვეყნებთან". - წერია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

ბრიტანული გამოცემა Politico-ს სტატიაში წერია, რომ აშშ-მ გამოავლინა 5 ქვეყანა, რომელიც ხელს უწყობს რუსეთის მიერ სანქციებისთვის თავის არიდების პრობლემას, მათ შორის ერთ-ერთი საქართველოა. გამოცემა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორის, ჯიმ ო'ბრაიენის საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს (ECFR) ყოველწლიურ შეხვედრაზე გამოსვლას ეყრდნობა.

რიგირც გამოცემა აღნიშნავს, ო'ბრაიენის განმარტებით, პრობლემა ის არის, რომ ევროპული კომპანიები მასალებს სხვა ქვეყნებს ყიდიან, შემდეგ კი ეს ქვეყნები ამ მასალებს რუსეთში ყიდიან.

"ძირითადი მიკროჩიპებისა და ელექტრონიკის ექსპორტი, რომელიც რუსეთს მისი ომის მანქანისთვის სჭირდება, დაუბრუნდა ომამდელ დონეს, რადგან რუსეთი სანქციების გვერდის ავლაში უკეთესი გახდა. ამ წლის დასაწყისისთვის რუსეთს შეეძლო ელექტრონიკის გარკვეული ძირითადი კატეგორიების ხელახალი იმპორტი, დაახლოებით ომამდელ დონეზე, რაც გულისხმობდა ჩიპებს, პროცესორებს და ინტეგრირებულ სქემებს, რომლებიც თანამედროვე იარაღის დამზადებისთვის არის საჭირო". - აღნიშნა ო'ბრაიენმა.

 

კომენტარები