რუსეთის წინააღმდეგ სანქციები

აიერი სანქციებზე: მონიტორინგი და კონტროლი საჰაერო მიმოსვლაზეც უნდა გამკაცრდეს

კადრი ვიდეოდან / რადიო თავისუფლება

გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის გენერალური დირექტორის ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში, კუმარ აიერის თქმით, დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის თავის არიდების მცდელობების უმრავლესობა სახმელეთო საზღვრებზე ხდება, თუმცა კონტროლი უნდა გამკაცრდეს საჰაერო მიმოსვლაზეც.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა აიერმა საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის თანმდევ საფრთხეებზე კითხვის უპასუხა.

"სანქციებისთვის თავის არიდების უმრავლესი მცდელობა სახმელეთო საზღვრების გზით მიმდინარეობს და საჭიროა განხილვა, რა დამატებითი მექანიზმები შეიძლება იქნას შემოღებული, რომ გამკაცრდეს კონტროლი და მონიტორინგი იმ სახმელეთო გზით საქონლის მიმოსვლაზე. თუმცა, საჰაერო მიმოსვლა არის მიმართულება, რომელზეც მონიტორინგი და კონტროლი ასევე უნდა გამკაცრდეს". – თქვა აიერმა.

აიერმა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ჯიმ ო'ბრაიენმა ერთობლივ კონფერენციაზე განმარტეს, რომ ვიზიტის ძირითადი მიზანი მოსაზღვრე ქვეყნებიდან რუსეთის მიმართულებით სანქცირებული ტექნიკის შესაძლო იმპორტის კონტროლის მექანიზმებზე მუშაობაა.

ო'ბრაიენის თქმით, საქართველოში საკამოდ დიდი სამუშაო გაიწია სანქციების შესრულების მონიტორინგის მიმართულებით და შექმნილია კომპლექსური სისტემაც.

"შექმნილი სისტემა თუ გააგრძელებს მუშაობას, მოგვცემს შესაძლებლობას, რომ მოვახდინოთ იდენტიფიცირება, თუ ხდება იმ საქონლით ვაჭრობა, რომელიც აკრძალულია". – თქვა ო'ბრაიენმა.

კუმარ აიერი საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელთან, ჯიმ ო'ბრაიენთან და სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ დევიდ ო'სალივანთან ერთად იმყოფება. დელეგაცია ვიზიტს სომხეთში აგრძელებს.

გამოცემა POLITICO-ს ცნობით, 2023 წლის გაზაფხულზე დევიდ ო'სალივანი უკვე იმყოფებოდა თურქეთში, უზბეკეთსა და ყაზახეთში რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შესაძლო გვერდის ავლის შემთხვევების მონიტორინგისთვის.

ჯეიმს ო'ბრაიენმა ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ საქართველო სრულად ასრულებს დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურს სანქციებს, თუმცა მომატებულია რუსეთის მიმართულებით ელექტრონული ნივთების ტრანზიტი, რაც ლეგალური აღარ არის. ამასთან, ო'ბრაიენმა ხაზი გაუსვა, რომ სანქციების სრულად აღსრულება საქართველოს ეკონომიკას არ აზარალებს.

მანამდე, ო'ბრაიენმა საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს (ECFR) ყოველწლიურ შეხვედრაზე თქვა, რომ რუსეთი გარკვეული სანქციებისთვის თავის არიდებას სხვა სახელმწიფოების გავლით ცდილობს, რაც ხელს უშლის შეზღუდვების მიზნების შესრულებას. 

კომენტარები