ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის თქმით, არ არსებობს საქართველოში სანქციების დარღვევის ფაქტები და მათი აღსრულება ხდება საერთაშორისო პარტნიორების მიერ დადგენილი ფორმითა და მასშტაბით.
ხუციშვილმა რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებში საქართველოს მონაწილეობაზე პარლამენტში გამოსვლისას ხატია დეკანოიძის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. დეპუტატმა მას ჰკითხა, რომ 2023 წელს საქართველოდან რუსეთსა და ბელარუსში მანქანების ექსპორტის შეზღუდვის პარალელურად, თვლის თუ არა პრობლემად საქართველოს გამოყენებად სანქცირებული მანქანების გადასაყვანად რუსეთში.
"საქართველოში სანქციების აღსრულება სრულად ხდება. არ არსებობს სანქციების დარღვევის ფაქტები. კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო, სანქციების აღსრულება ხდება იმ ფორმითა და მასშტაბით, რა ფორმითა და მასშტაბითაც საერთაშორისო პარტნიორების მიერაა დადგენილი. უშუალოდ საქართველოს სანქციები დაწესებული არ აქვს, საქართველო არის სანქციების აღმასრულებელი და ამ შემთხვევაში, იმ ფორმით და იმ მასშტაბით ასრულებს სანქციებს, რა ფორმითა და მასშტაბითაც არის დადგენილი". - თქვა მან.
მისივე თქმით, "უამრავი რეზერვაცია აქვს გაკეთებული არაერთ ქვეყანას, რომ კონკრეტული საქონელი ან ტრანზაქცია არის გამონაკლისში", რაზეც ხუციშვილი ამბობს, რომ ამის შესახებ განმარტებას ისინი ვერ გააკეთებენ, "შესაძლოა, პარტნიორებმა გააკეთონ".
2023 წლის 8 ივნისს ბრიტანულმა გამოცემამ Politico-მ გამოაქვეყნა სტატია, სადაც წერია, რომ აშშ-ს მიერ გამოვლენილი ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ხელს უწყობს რუსეთის მიერ სანქციებისთვის თავის არიდების პრობლემას, საქართველოა.
სტატიას მალევე გამოეხმაურა ფინანსთა სამინისტრო, სადაც განაცხადეს, რომ საქართველო სრულად იცავს საერთაშორისო სანქციებს და აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ ქვეყნებთან.
ამავე წლის 14 ივნისს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ჯეიმს ო'ბრაიენმა თქვა, რომ საქართველო სრულად ასრულებს დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურს სანქციებს, თუმცა მომატებულია რუსეთის მიმართულებით ელექტრონული ნივთების ტრანზიტი, რაც ლეგალური აღარ არის.