ვაგნერის ჯგუფი

კსკ ვაგნერი მალის ტოვებს, მათ აქ რუსეთის აფრიკული კორპუსი სრულად ჩაანაცვლებს

ვაგნერის ჯგუფის წევრები მალიში, 2024 წლის ივლისი.
Grey Zone

კსკ ვაგნერი საკუთარ ოფიციალურ ტელეგრამ არხზე აქვეყნებს ცნობას, რომელშიც ნათქვამია, რომ მალის დატოვებენ. რუსული ჯგუფი ამ აფრიკულ ქვეყანაში თითქმის 4 წლის მანძილზე იმყოფებოდა.

"კსკ ვაგნერმა მალიში ძირითადი მისია შეასრულა. 3.5 წლის განმავლობაში ორკესტრანტები მალის ხალხთან ერთად მხარდამხარ იბრძოდნენ ტერორიზმის წინააღმდეგ. ჩვენ გავანადგურეთ ათასობით "ბოევიკი" და მათი მეთაურები, რომლებიც წლების განმავლობაში ატერორებდნენ მშვიდობიან მოსახლეობას. დავეხმარეთ ადგილობრივ პატრიოტებს შეექმნათ ძლიერი და დისციპლინირებული არმია, რომელსაც საკუთარი მიწის დაცვა შეეძლება. და შევასრულეთ მთავარი დავალება - ყველა რეგიონული დედაქალაქი კანონიერ ხელისუფლების კონტროლქვეშ დავაბრუნეთ. მისია დასრულებულია. კსკ ვაგნერი სახლში ბრუნდება." - წერია ჯგუფის განცხადებაში.

ვაგნერის ჯგუფი განცხადებაში არ აღნიშნავს, თუ ვინ ჩაანაცვლებს მათ. თუმცა კსკ-სთან დაკავშირებული ერთ-ერთი ტელეგრამ არხი წერს, რომ ვაგნერელები რუსეთის ოფიციალური სამხედროებით მაისში ჩანაცვლდნენ. 

ჯერ კიდევ გასულ წელს გავრცელდა ცნობები, რომ კსკ ვაგნერს რუსეთის ახალი სამხედრო გაერთიანება, აფრიკული კორპუსი ჩაანაცვლებდა. აფრიკული კორპუსის ტელეგრამ არხზე ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკვე აქტიურად აქვეყნებდნენ მალიში გადაღებულ ფოტოებს, ასევე წერდნენ საბრძოლო მოქმედებებისა და მისიების შესახებ ისე, რომ ქვეყანას არ ასახელებდნენ. 6 ივნისს, კსკ ვაგნერის განცხადებიდან რამდენიმე საათით ადრე, აფრიკული კორპუსის ტელეგრამ არხზე მორიგი ფოტო გამოაქვეყნეს, აღწერაში სიტყვებით: "ვმუშაობთ, ძმებო".

აფრიკულ კორპუსში შევლენ ყოფილი ვაგნერელებით დაკომპლექტებული ვაგნერის ლეგიონის, იგივე ისტრის ბატალიონის ის წევრებიც, რომლებმაც აფრიკაში მუშაობა გადაწყვიტეს. ბოლო თვეების განმავლობაში ეს დანაყოფი, რომელსაც თავდაპირველად კსკ ვაგნერის ოფიციალურ სტრუქტურასთან უთანხმოება ჰქონდა, აქტიურად ეწეოდა აფრიკის მიმართულებით რეკრუტირებას. ინფორმაცია, რომ ისტრის ბატალიონი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აფრიკულ კორპუსს დაექვემდებარებოდა, ვაგნერთან დაკავშირებულ ტელეგრამ არხებზე გავრცელდა.

ვრცლად ისტრის ბატალიონზე, მის აგებულებასა და კსკ ვაგნერთან არსებულ უთანხმოებებზე წაიკითხეთ აქ – ისტრის ბატალიონი – ყოფილი ვაგნერელების კიდევ ერთი დანაყოფი რუსეთის თავდაცვის სტრუქტურაში.

რაც შეეხება კსკ ვაგნერს, მათი ძალების ნაწილი ჯერ კიდევ რჩებიან ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. 

კსკ ვაგნერის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინის ჩავარდნილი აჯანყებისა და სიკვდილის შემდეგ ჯგუფმა აფრიკის კონტინეტზე ძალაუფლება ნაწილობრივ დაკარგა, თუმცა მათ ძალები შეინარჩუნეს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში. აფრიკის კონტინენტზე ვაგნერის ჯგუფის ეტაპობრივი ჩანაცვლება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აფრიკულმა კორპუსმა დაიწყო. ვაგნერელებისგან განსხვავებით, ამ სტრუქტურის წარმომადგენლებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან ოფიციალური კონტრაქტი ექნებათ გაფორმებული.

 

კომენტარები