ვაგნერის ჯგუფი

კსკ ვაგნერის მეთაურმა, ანტონ ელიზაროვმა თანამდებობა დატოვა

ევგენი პრიგოჟინი და ანტონ ელიზაროვი

კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის მეთაურმა, ანტონ ელიზაროვმა, ზედმეტსახელად ლოტოსმა, თანამდებობა დატოვა.

თავდაპირველად ეს ინფორმაცია რუსმა პროპაგანდისტმა ჟურნალისტმა, ანასტასია კაშევაროვამ გაავრცელა. ის ირწმუნებოდა, რომ კსკ ვაგნერის მეთაურის გადაყენების გადაწყვეტილება ევგენი პრიგოჟინის შვილმა, პაველ პრიგოჟინმა მიიღო და ცვლილება ჯერ კიდევ ახალი წლის დადგომამდე მოხდა. 

კაშევაროვას მტკიცებით, როდესაც 2023 წელს ელიზაროვს მეთაურად ირჩევდნენ, კსკ-ს საბჭოს სხდომას ვაგნერის ჯგუფის ყველა დანაყოფის მეთაური არ ესწრებოდა. მისივე მტკიცებით, როცა ჯგუფის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი და სამხედრო მეთაური დმიტრი უტკინი მოკვდნენ, მანამ, სანამ "კსკ-ს ძირითადი ნაწილი საქმიანობით იყო დაკავებული", ელიზაროვი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავით რუსეთში ჩაფრინდა, რათა უმცროსი პრიგოჟინის, პაველის გვერდზე პირველი აღმოჩენილიყო. პროპაგანდისტი ასევე ხაზს უსვამს, რომ მას შემდეგ, რაც ლოტოსი კსკ-ს ლიდერი გახდა, ჯგუფი ბევრმა გამოცდილმა სამხედრო მეთაურმა დატოვა. კაშევაროვა ასევე ირწმუნება, რომ ლოტოსის გამო კსკ ვაგნერი როსგვარდიას (რუსეთის ეროვნული გვარდია) ვერ დაექვემდებარა, რადგან პერსონალის არარელაურ რაოდენობასა და ხელისუფლებისთვის მიუღებელ პირობებს აყენებდა, სახელმწიფო სტრუქტურებს კი მასთან საქმიანობა არ სურდა.

აფრიკაში მებრძოლი ვაგნერელების ტელეგრამ-არხმა ელიზაროვის მიერ თანამდებობის დატოვების ცნობას თავდაპირველად დისკრედიტაციის მცდელობა უწოდა. მათ უკმაყოფილება გამოთქვეს კსკ-ს იმ ყოფილი მეთაურების მიმართ, რომლებიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ მსგავსი სახელის მქონე ქვედანაყოფში, ვაგნერის ლეგიონში გადავიდნენ. თუმცა, რამდენიმე საათში ამავე ტელეგრამ-არხზე ლოტოსის მიერ მეთაურობის პოსტის დატოვება დაადასტურეს.

"ლოტოსმა ნამდვილად დატოვა მოვალეობა, მაგრამ რატომ და ახლა მის ნაცვლად ვინ იქნება, არავის უნდა აწუხებდეს. ჩემი წინა პოსტი ამ ინფორმაციას არანაირად უარყოფს." - ეწერა პოსტში.

აფრიკაში მებრძოლი ვაგნერელების ტელეგრამ-არხის მტკიცებით, კსკ-ს ლიდერების სიკვდილის შემთხვევაში ელიზაროვის სამხედრო მეთაურად დანიშვნა ჯერ კიდევ პრიგოჟინისა და უტკინის სიკვდილამდე გადაწყდა, სხდომაზე არჩევნების ჩატარებით.

გავრცელებული ცნობების მიხედვით, კსკ ვაგნერის მეთაურის პოსტს დმიტრი პოდოლსკი, ზედმეტსახელად სალემი დაიკავებს. ის ვაგნერის ჯგუფის მე-5 მოიერიშე დანაყოფს ხელმძღვანელობდა. რუსული მედიის ცნობით, 2024 წლის სექტემბერში პოდოლსკის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ფოსტენ არშანჟ ტუადერამ საკუთარ უსაფრთხოების საკითხების მრჩევლად დანიშნა.

ანტონ ელიზაროვმა წარსულში ფაქტობრივად დაადასტურა, რომ კსკ ვაგნერი როსგვარდიაში ინტეგრაციას იწყებდა. უცნობია, თუ როგორ დასრულდა ეს პროცესი. აფრიკაში მებრძოლი ვაგნერელები ირწმუნებიან, რომ მათი ჯგუფი დამოუკიდებელია.

გასული წლის ზაფხულში, როდესაც მალის აჯანყებულებმა ვაგნერელების წინააღმდეგ წარმატებული ჩასაფრება მოაწყეს, თავდაპირველად გავრცელდა ცნობები, რომ ლოტოსი ან მოკლეს, ან ტყვედ აიყვანეს. ეს ცნობები შემდეგში არ დადასტურებულა.

ყოფილი ვაგნერელების გამოცდილი სამხედრო მეთაურების ნაწილმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობა დაიწყო და შეიქმნა ვაგნერის ლეგიონი

ვრცლად ისტრის ბატალიონის, იგივე ვაგნერის ლეგიონისა და ევგენი პრიგოჟინის კერძო სამხედრო კომპანიის ბედის შესახებ წაიკითხეთ სტატიაში – ისტრის ბატალიონი – ყოფილი ვაგნერელების კიდევ ერთი დანაყოფი რუსეთის თავდაცვის სტრუქტურაში.

კომენტარები