საქართველოს ეროვნული კინოცენტრი

ევრიმაჟში კინოცენტრის საერთაშორისო წარმომადგენლად გიგა აგლაძე დაინიშნა

ევრიმაჟსა და ჩრდილოეთ ამერიკაში კინოცენტრის საერთაშორისო წამომადგენლად გიგა აგლაძე დაინიშნა. ინფორმაციას კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს

ეროვნული ცენტრის განცხადების მიხედვით, გიგა აგლაძეს, როგორც ავტორს, რეჟისორსა და პროდიუსერს, სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობით შექმნილი აქვს მრავალი მხატვრული, დოკუმენტური, ანიმაციური და მრავალსერიიანი მხარტვრული ფილმი, ასევე სხვადასხვა სარეკლამო პროდუქცია და სატელევიზიო გადაცემა. David Lynch Foundation Caucasus-ის დაარსების შემდგომ, ის ასევე წარმოადგენს ამერიკელი კინორეჟისორი დეივიდ ლინჩის ადგილობრივ პარტნიორს საქართველოში.

გიგა აგლაძე დამდგმელი რეჟისორი და პროდიუსერია ისეთი ფილმების, როგორიცაა - "საზღვარზე", "ჰენესი. შვიდი თაობა", "ჰენრი", "მაისის 47-ე დღე".

კინოცენტრმა აღნიშნულ თანამდებობაზე კონკურსი 18 აგვისტოს გამოაცხადა. მანამდე კინოცენტრის საერთაშორისო წარმომადგენელის პოზიციას ევრიმაჟსა და ჩრდილოეთ ამერიკაში ნინო კირთაძე იკავებდა. მან ეს პოზიცია საკუთარი განცხადების საფუძველზე, 13 ივლისს დატოვა

საქართველო ევრიმაჟის წევრი ქვეყანა 2011 წელს გახდა. ევრიმაჟი ევროსაბჭოს პროგრამაა, რომელიც ევროპის კინოინდუსტრიების თანამშრომლობას უწყობს ხელს. ამისათვის ფონდი რამდენიმე ევროპული ქვეყნის ერთობლივ კინოწარმოებას აფინანსებს და ხელს უწყობს ევროპული კინოს დისტრიბუციასა და კინოთეატრების განვითარებას.

კომენტარები