საქართველოს ეროვნული კინოცენტრი

კინოცენტრი კირთაძეზე: მას შემდეგ გააპროტესტა, რაც შეიტყო, რომ იგეგმებოდა მისი გათავისუფლება

საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ნინო კირთაძის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში პოსტით გამოეხმაურა.

"ნინო კირთაძე შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობდა საერთაშორისო პროექტების მენეჯერად. 11 ივლისს, მას ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ტელეფონით დაუკავშირდა და აცნობა, რომ რეორგანიზაციის პროცესში, იგეგმებოდა ხსენებული შტატგარეშე პოზიციის გაუქმება და მისი გადატანა საშტატო ერთეულად, რადგანაც ამ მიმართულების შემდგომი გაძლიერება იგეგმებოდა. ახალშექმნილ საშტატო პოზიციაზე კი გამოცხადდებოდა ღია კონკურსი, რომელშიც მასაც შეეძლებოდა მონაწილეობა.

აღნიშნულ რეალობასთან დაკავშირებით, სხვადასხვა მედიასაშუალებაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოსდა ქალბატონმა ნინო კირთაძემ ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობის შეწყვეტა დემარშის სახით, მისი ზოგიერთი კოლეგისადმი სოლიდარობის ნიშნად გადაწყვიტა.

ამის საპირისპიროდ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქალბატონმა ნინომ ეროვნულ კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციის გაპროტესტება რეორგანიზაციის ერთთვიანი პერიოდის დასრულების ბოლო დღეს, მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც შეიტყო, რომ იგეგმებოდა მისი სამუშაო პოზიციის შტატად გადაკეთება და ეს მის თუნდაც დროებით გათავისუფლებას გამოიწვევდა. სავარაუდოდ, მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ღია კონკურსის წესიც, რადგან თავად ევრიმაჟში საქართველოს წარმომადგენლის პოზიციაზე უკონკურსოდ, ბატონი გაგა ჩხეიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით იქნა დანიშნული.

მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ფაქტების დამახინჯებისა და სპეკულაციებისგან და მოერიდონ სიმართლის დამალვას". – წერია GNFC-ის ფეისბუქ გვერდზე.

15 ივლისს ცნობილი გახდა, რომ რეჟისორი, მსახიობი და სცენარისტი ნინო კირთაძე ევრიმაჟში საქართველოს წარმომადგენელი აღარ იქნება.

კირთაძე ფონდ ევრიმაჟსა და ევროპული კინო პრომოუშენში საქართველოს წარმომადგენელი იყო. მან განცხადება ამ პოზიციების დატოვებასთან დაკავშირებით განცხადება 11 ივლისს დაწერა, რაც, საბოლოოდ,13-ში დაკმაყოფილდა.

საქართველო ევრიმაჟის წევრი ქვეყანა 2011 წელს გახდა. ევრიმაჟი ევროსაბჭოს პროგრამაა, რომელიც ევროპის კინოინდუსტრიების თანამშრომლობას უწყობს ხელს. ამისათვის ფონდი რამდენიმე ევროპული ქვეყნის ერთობლივ კინოწარმოებას აფინანსებს და ხელს უწყობს ევროპული კინოს დისტრიბუციასა და კინოთეატრების განვითარებას.


საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრში თანამშრომლები ახალ ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვენ.

ისინი ამბობენ, რომ  დირექტორი კონკურსის გზით უნდა აირჩეს და ახალი დირექტორის დანიშვნამდე რეორგანიზაციის პროცესი შეჩერდეს. ამასთან თანამშრომლების თქმით, დაუშვებელია, მინისტრი ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას იღებდეს და აუცილებელია დირექტორის შესარჩევი კომისია კინოცენტრის თანამშრომლებისგან დაკომპლექტდეს.  "დაინიშნოს დემოკრატიულად და არა სამინისტროს მხრიდან სადამსჯელო ღონისძიების აღმასრულებელი ადამიანი".- ამბობენ ისინი. 

კინოცენტრში იყო მისული  პროპაგანდისტული და სახელისუფლებო ტელევიზიის, POSTV-ის ჟურნალისტი  და წამყვანი ბაჩო ოდიშარია, რომელიც კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. ფორმულასთან საუბარში მან თქვა, რომ რეორგანიზაციის პროცესში ჩაერთვება და მისთვის გაუგებარია, რატომ მიმდინარეობს პროტესტი. მისივე თქმით, ერთადერთი, რაც მას უხერხულობას უქმნის ფორმულას "მიკროფონში პასუხის გაცემაა". 

ამჟამად დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კობა ხუბუნაიაა, რომელიც  კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსიცაა.

კინოცენტრში რეორგანიზაციის დაწყების შესახებ ინფორმაცია ცენტრის თანამშრომლებმა ფეისბუკის პირად გვერდებზე კვირას, 11 ივნისს გაავრცელეს. კინოცენტრის დირექტორის მოადგილე ნინო კუხალაშვილი წერდა, რომ თეა წულუკიანმა მისი შტატი გააუქმა და 12 ივლისიდან სამსახურიდან ათავისუფლებენ. 

რეორგანიზაციას წინ უძღოდა ცენტრის თანამშრომლების მიერ გამოქვეყნებული ღია წერილი, რომლითაც ისინი დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ითხოვდნენ. წერილ მალევე, ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში წაიშალა. 

2022 წლის 14 მარტს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი, გაგა ჩხაიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. უწყების ცნობით, შიდა აუდიტის სამსახურმა 2019-2020 წლების პერიოდში კინოცენტრში არაერთი დარღვევა აღმოაჩინა, მათ შორის არის ფინანსური რესურსის კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ ხარჯვის ფაქტები, ფინანსური მართვის სისტემის ხარვეზები და სავარაუდო ნეპოტიზმის ფაქტები.

თავად ჩხეიძე ბრალს უარყოფს.  ხელმძღვანელის პოსტზე ყოფნის პერიოდში მან არაერთხელ გააკრიტიკა თეა წულუკიანი და კულტურის სამინისტროს ბოლოდროინდელი პოლიტიკა. ამასთან აღსანიშნავია, რომ მანამდე 6 მარტს გაგა ჩხეიძის გადაწყვეტილებით ეროვნულმა კინოცენტრმა შეაჩერა საქმიანი ურთიერთობა რუსულ გოსფილმოფონდთან, მიზეზი უკრაინაში რუსეთის ჯარის შესვლა გახდა. კინოცენტრს კულტურის სამინისტროსთან ერთად 2016 წლის შემდეგ  რუსეთიდან გოსფილმოფონდში დაცული ქართული ფილმების ასლები მათი გაციფრულებისა და აღდგენის მიზნით ჩამოაქვს.

20 ივნისს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში პოსტით გამოეხმაურა.

23 ივნისს თეა წულუკიანი კულტურის სამინისტროსთან მიმდინარე აქციის ფონზე კინემატოგრაფისტების სხვა ჯგუფს შეხვდა.

28 ივნისს კინოცენტრის თანამშრომლებმა და სხვა სფეროს წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტს წერილით მიმართეს.

ამ დროისთვის ქართველ კინემატოგრაფისტებს ხუთი საპროტესტო აქცია აქვთ ჩატარებული.

2023 წლის კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე ორი ქართული ფილმი მოხვდა. საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ორი ფესტივალის მონაწილე ფილმი ახსენა, თუმცა მხოლოდ ერთი ფილმის ანოტაცია გამოაქვეყნა

კომენტარები