პრიგოჟინის ამბოხება

პუტინი ვაგნერის ჯგუფის წევრებს სამომავლოდ სამ ალტერნატივას სთავაზობს

Getty Images

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სპეციალურ მიმართვაში კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის წევრებს, გასული დღეების არეულობის შემდეგ, სამი ალტერნატივა შესთავაზა.

პუტინის შეთავაზებით, ვაგნერელებს სამი ალტერნატივა გააჩნიათ: გააფორმონ კონტრაქტი თავდაცვის სამინისტროსთან; დაბრუნდნენ სახლში; გადავიდნენ ბელარუსში.

"მადლობას ვუხდი ვაგნერის ჯგუფის იმ ჯარისკაცებსა და მეთაურებს, რომლებმაც ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღეს - არ გადადგეს ნაბიჯი ძმათამკვლელი სისხლისღვრისკენ, ზღვარზე გაჩერდნენ.

დღეს თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გააგრძელოთ რუსეთის სამსახური, თავდაცვის სამინისტროსთან ან სხვა ძალოვან ორგანოსთან კონტრაქტის გაფორმებით, ან დაბრუნდეთ ნათესავებთან და ახლობლებთან. ვისაც სურს - ბელარუსში წასვლა შეუძლია. ჩემს მიერ მოცემული დაპირება შესრულდება. ვიმეორებ, არჩევანი თითოეულ თქვენგანზეა, მაგრამ მჯერა, გადაწყვეტილება იქნება რუსეთის მებრძოლების, რომლებმაც საკუთარი ტრაგიკული შეცდომა გააცნობიერეს". – თქვა პუტინმა.

ამას გარდა, სპეციალურ მიმართვაში პუტინმა რუსებს მადლობა გადაუხადა "ერთიანობისა და პატრიოტიზმისთვის". პუტინის მტკიცებით, "გამოვლინდა საზოგადოების, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი კონსოლიდაცია".

"ამ სამოქალაქო სოლიდარობამ აჩვენა, რომ ნებისმიერი შანტაჟი, საშინაო არეულობის მოწყობის მცდელობა წარუმატებლობისთვისაა განწირული". – თქვა პუტინმა.

პუტინის თქმით, შეიარაღებულ აჯანყებას ნებისმიერ შემთხვევაში ჩაახშობდნენ და ეს მის ორგანიზატორებსაც უნდა სცოდნოდათ.

"შეიარაღებულ აჯანყებას ნებისმიერ შემთხვევაში ჩავახშობდით. აჯანყების ორგანიზატორები, ადეკვატურობის დაკარგვის მიუხედავად, შეუძლებელია ამას ვერ მიმხვდარიყვნენ. მათ ყველას ესმოდა, მათ შორის ის, რომ წავიდნენ დანაშაულებრივ ქმედებებზე, ქვეყნის გახლეჩვასა და დასუსტებაზე". – თქვა პუტინმა და დაამატა, რომ ეს მოხდა მაშინ, როცა რუსეთი "კოლოსალურ საგარეო საფრთხეს უპირსპირდება" და უკრაინაში იბრძვის.

პუტინი ამბობს, რომ აჯანყების ორგანიზატორებმა არამხოლოდ რუსეთს, არამედ საკუთარ დაქვემდებარებულებსაც უღალატეს, როცა ისინი ამ მოქმედებებში "ჩაითრიეს" და "მოატყუეს".

"თუმცა, აჯანყების ორგანიზატორებმა, საკუთარი სამშობლოსა და ხალხის ღალატით, უღალატეს მათაც, ვინც დანაშაულში ჩაითრიეს. ატყუებდნენ მათ, უბიძგებდნენ სიკვდილისკენ, ცეცხლისკენ, იმისკენ, რომ თავისიანებისთვის ესროლათ". – აღნიშნა პუტინმა.

პუტინი საკუთარ სიტყვით გამოსვლაში შეეხო უკრაინის მთავრობასა და მათ დასავლელ პარტნიორებსაც. მისი თქმით, მათ რუსეთში სამოქალაქო დაპირისპირება სურდათ.

"სწორედ ასეთი შედეგი - ძმათაკვლა უნდოდათ რუსეთის მტრებს: ნეონაცისტებს კიევში და მათ დასავლელ მფარველებს, ასევე სხვადასხვა სახის ნაციონალ-მოღალატეს. სურდათ, რომ რუსეთის ჯარისკაცებს ერთმანეთი დაეხოცათ, რათა დაღუპულიყვნენ სამხედრო მოსამსახურეები და მშვიდობიანი მოქალაქეები, რათა საბოლოო ჯამში დამარცხებულიყო რუსეთი, ჩვენი საზოგადოება კი გახლეჩილიყო, დამხრჩვალიყო სისხლიან შიდა დაპირისპირებაში. ისინი ხელებს იფშვნეტდნენ, ფრონტზე საკუთარი წარუმატებლობისა და ე.წ. კონტრიერიშის მიმდინარეობაში საკუთარ წარუმატებლობაზე რევანშის ოცნებებით, მაგრამ არასწორად გამოთვალეს". – თქვა პუტინმა.

ამას გარდა, პუტინმა მადლობა გადაუხადა ყველა სამხედრო მოსამსახურესა და ძალოვანს, რომლებიც "აჯანყებულთა გზაზე დადგნენ" და დაამატა, რომ "თავგანწირული გმირი პილოტების სიმამაცემ რუსეთი ტრაგიკული, დამანგრეველი შედეგებისგან იხსნა". ამგვარად მან ოფიციალურად აღიარა გასულ დღეებში გავრცელებული ცნობები, ვაგნერის მიერ ვერტმფრენებისა და თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად მოყოლილ მსხვერპლზე.

პუტინმა ვაგნერის მებრძოლებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ იციან, რომ ისინიც "რუსეთის პატრიოტები" არიან, რომლებიც "საკუთარ ხალხსა და სახელმწიფოს ერთგულობენ". პუტინის თქმით მათ ეს დაამტკიცეს დონბასსა და ე.წ. ნოვოროსიაში, ანუ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მისივე თქმით, სწორედ ამიტომ, მისი პირადი ბრძანებით იდგმებოდა ნაბიჯები, რათა დიდი სისხლისღვრისგან თავი აერიდებინათ. პუტინის მტკიცებით, დრო სწორედ ამიტომ დასჭირდათ, ასევე იმისთვის, რომ ვაგნერელებს დაფიქრება შეძლებოდათ.

"ამიტომ, მოვლენების დაწყებისთანავე, ჩემი პირდაპირი ბრძანებით გადაიდგა ნაბიჯები, რომ დიდ სისხლისღვრას გავქცეოდით. ამისთვის დაგვჭირდა დროც, მათ შორის იმიტომ, რომ დაფიქრების საშუალება მიგვეცა მათთვის, ვინ დანაშაული ჩაიდინა, [რათა] გაეგოთ, რომ მათ ქმედებებს საზოგადოება მკაცრად გმობს და როგორ ტრაგიკულ, დამანგრეველ შედეგამდე მიჰყავს რუსეთი, ჩვენი სახელმწიფო ავანტიურას, რომელიც მათ ჩააწვეთეს". – აღნიშნა პუტინმა.

პუტინმა მოლაპარაკებებში შუამავლობისთვის მადლობა გადაუხადა ბელარუსის ავტოკრატ პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს, თუმცა აღნიშნა, რომ "სწორედ მოქალაქეთა პატრიოტულმა განწყობამ, მთელი რუსული საზოგადოების კონსოლიდაციამ ითამაშა გადამწყვეტი როლი".


რუსეთში სამხედრო არეულობა 23 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერელების ბანაკზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა და მათ საპასუხო ნაბიჯებს დაჰპირდა.

იერიშის ბრალდების გარდა, პრიგოჟინი უკრაინაში რუსი სამხედროების დიდ დანაკარგებში თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის მეთაურს, ვალერი გერასიმოვს ადანაშაულებდა. ვაგნერის დამფუძნებელი იმუქრებოდა, რომ გაანადგურებდნენ ყველას, ვინც გზაზე გადაუდგებოდა.

"პუტინს ატყუებენ, ომი ოლიგარქებს სურდათ, უკან ვიხევთ" – რაზე საუბრობდა პრიგოჟინი არეულობის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე

ვაგნერის ძალები 24 ივნისის გამთენიისას შევიდნენ დონის როსტოვში, სადაც, პრიგოჟინის მტკიცებით, აქამდე იმყოფებოდა რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ. ვაგნერის ლიდერი ამბობდა, რომ შოიგუ აქ სპეციალურად ჩამოვიდა, რათა მისი ძალების განადგურება დაეგეგმა, თუმცა, საპასუხო მოქმედებების დაწყების შემდეგ, გაიქცა. თავად პრიგოჟინი ამბობდა, რომ ეს არა სამხედრო გადატრიალება, არამედ "სამართლიანობის მარში" იყო.

ქალაქ როსტოვში ვაგნერელებმა ალყაში მოაქციეს და დაიკავეს ადმინისტრაციული და სამხედრო ობიექტები. იგივე მოხდა ქალაქ ვორონეჟშიც. პრიგოჟინის მოსკოვისკენ წინსვლას აანონსებდა. რუსეთის დედაქალაქში ამოქმედდა ანტიტერორისტული რეჟიმი.

მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალური მიმართვა გააკეთა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა. ის ამბობდა, რომ ეს მოქმედებები არის ღალატი და გადატრიალების მცდელობა და მის ლიდერებს გარდაუვალ სასჯელს ჰპირდებოდა. საპასუხოდ პრიგოჟინმა განაცხადა, რომ პუტინის მოთხოვნის გამო დანებებას არ აპირებდნენ, რადგან "ბიუროკრატიაში, ტყუილსა და კორუფციაში ცხოვრება" აღარ სურდათ.

დაპირისპირებულ მხარეებს შორის შუამავლობა დაიწყო ბელარუსის ავტოკრატმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ. საბოლოოდ მხარეებმა დეესკალაციის შეთანხმებას მიაღწიეს. პრიგოჟინმა განაცხადა, რომ "გეგმის შესაბამისად", საკუთარ ძალებს უკან, საველე ბანაკებში დააბრუნებდა. შემდეგ კრემლში განაცხადეს, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდებოდა, თავად ოლიგარქი კი ბელარუსში გადავიდოდა. თუმცა, შემდეგში რუსულმა სამთავრობო მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ შეწყვეტილა.

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების დროს ვაგნერელებმა ჩამოაგდეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ექვსი ვერტმფრენი, აქედან ერთი ძვირადღირებული რადიოელექტრონული ბრძოლის ვერტმფრენი და ერთი რადიოელექტრონული დაზვერვის თვითმფრინავი.

მაისში ბახმუტის აღების შემდეგ, ევგენი პრიგოჟინმა საკუთარი ძალები ზურგში, საველე ბანაკებში გადაიყვანა და თქვა, რომ მაშინ დაბრუნდებოდნენ, როცა "სამშობლოს დასჭირდებოდნენ". უკვე რამდენიმე თვეა, რაც ვაგნერსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის დაძაბული ვითარებაა. პრიგოჟინი ხშირად ლანძღავდა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის მეთაურს, ვალერი გერასიმოვს. ის ირწმუნებოდა, რომ თავდაცვის უწყებას ვაგნერის განადგურება სურდა და ეს ჯერ კიდევ 2018 წელს, სირიაშიც კი სცადეს, როცა კერძო სამხედრო კომპანია ამერიკულ ძალებს დაუპირისპირდა და ბევრი მებრძოლი დაკარგა.

"დაიწყეს გამოჩენა ადამიანებმა, რომლებიც თითქოს ჩრდილში ისხდნენ - ისინი არ ჩანდნენ, არ ისმოდა მათი ხმა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ისინი ძალიან ეფექტიანები და ძალიან საჭიროები არიან. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები სიცოცხლეს პირველები ტოვებენ, რადგან თავს არ ინდობენ - აი უბედურება რაშია" – პუტინი

არეულობის დაწყებამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სურდა, რომ ყველა "მოხალისეობრივ დანაყოფთან" კონტრაქტი გაეფორმებინათ. ამის აუცილებლობაზე საუბრობდა პუტინიც, თუმცა ვაგნერის დამფუძნებელი უარზე რჩებოდა და აცხადებდა, რომ თავდაცვის უწყებასთან არანაირ კონტრაქტს გააფორმებდა.

კომენტარები