პრიგოჟინის ამბოხება

რას ნიშნავს პრიგოჟინის ბუნტი რუსეთისთვის – საერთაშორისო შეფასებები

პრიგოჟინის ამბოხება

რას ნიშნავს პრიგოჟინის ბუნტი რუსეთისთვის – საერთაშორისო შეფასებები

რუსეთში სამხედრო არეულობა 23 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერელების ბანაკზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა და მათ საპასუხო ნაბიჯებს დაჰპირდა.

ვაგნერის ძალები 24 ივნისის გამთენიისას შევიდნენ დონის როსტოვში, სადაც, პრიგოჟინის მტკიცებით, აქამდე იმყოფებოდა რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ. ვაგნერის ლიდერი ამბობდა, რომ შოიგუ აქ სპეციალურად ჩამოვიდა, რათა მისი ძალების განადგურება დაეგეგმა, თუმცა, საპასუხო მოქმედებების დაწყების შემდეგ, გაიქცა. თავად პრიგოჟინი ამბობდა, რომ ეს არა სამხედრო გადატრიალება, არამედ "სამართლიანობის მარში" იყო.

დაპირისპირებულ მხარეებს შორის შუამავლობა დაიწყო ბელარუსის ავტოკრატმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ. საბოლოოდ მხარეებმა დეესკალაციის შეთანხმებას მიაღწიეს. პრიგოჟინმა განაცხადა, რომ "გეგმის შესაბამისად", საკუთარ ძალებს უკან, საველე ბანაკებში დააბრუნებდა. შემდეგ კრემლში განაცხადეს, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდებოდა, თავად ოლიგარქი კი ბელარუსში გადავიდოდა.

საერთაშორისო შეფასებები

გთავაზობთ რუსეთში მომხდარი მოვლენების შესახებ პოლიტიკოსების, მსოფლიო ლიდერების, ექსპერტებისა და ანალიტიკოსების გამოხმაურებებს:

ჯოზეფ ბორელი  სამხედრო გადატრიალებამ აჩვენა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები ჩამოშლის პირასაა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ მიმდინარე მოვლენები რუსეთის სამხედრო ძალებში ბზარებს აჩვენებს, რაც უკრაინაში წარმოებული ომის გავლენის შედეგია. 

"პოლიტიკური სისტემა სისუსტეებს ავლენს და სამხედრო ძალები ჩამოშლის პირასაა... მონსტრი, რომელიც პუტინმა ვაგნერის სახით შექმნა, ახლა თავად მასვე კბენს. ურჩხული თავის შემოქმედს დაუპირისპირდა". - თქვა ბორელმა ლუქსემბურგში ჟურნალისტებთან ინტერვიუსას. 

ენტონი ბლინკენი  ეს ამბავი არ დასრულებულა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, ვაშინგტონი ვარაუდობს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის პრიგოჟინის ბელარუსში გამგზავრება პოტენციური საფრთხის დასასრული შესაძლოა არ იყოს. 

"ეს ამბავი არ დასრულებულა - ჩვენ არ გვინახავს ბოლო მოქმედება. მოვლენებს ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით". - ამბობს ბლინკენი CBS-სთან საუბრისას.

ანტონიო ტაიანი  მითი ერთიანი რუსეთის შესახებ დაინგრა

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანტონიო ტაიანის თქმით, ევგენი პრიგოჟინის მიერ გამოწვეულმა სამხედრო არეულობამ რუსეთში დაამსხვრია მითი ერთიანი რუსეთის შესახებ.

"ევგენი პრიგოჟინისა და ვაგნერის ძალების მცდელობამ, მოეწყოთ გადატრიალება რუსეთში, გაანადგურა პუტინის ერთიანი რუსეთის მითი, აჩვენა რუსეთისა და მისი ხელისუფლების სისუსტე". - თქვა ტაიანმა.

ადამ კინზინგერი  ოცნება უარს ამბობს დასავლეთზე იმ ქვეყნის გამო, რომელიც საკუთარ თავთანაა ომში

“ძვირფასო ქართველო ერო და ქართველო ხალხო: თქვენი მთავრობა უარს ამბობს დასავლეთზე იმ ქვეყნის გამო, რომელიც საკუთარ თავთანაა ომში. საქართველოს სურს, დასავლეთის ნაწილი იყოს. ნუ მისცემთ საშუალებას თქვენს მთავრობას, რუსეთს მიეყიდოს”. - წერს აშშ-ს ყოფილი რესპუბლიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი Twitter-ზე.

ჯორჯია მელონი  რუსეთი შიდა ქაოსშია

იტალიის პრემიერმინისტრის, ჯორჯია მელონის თქმით, ვაგნერის ჯგუფის ამბოხმა აჩვენა, რომ რუსეთი შიდა "ქაოსშია". 

"ქაოსური ვითარებაა რუსეთის ფედერაციის შიგნით და ეს ეწინააღმდეგება იმ ზოგიერთ პროპაგანდას, რომელსაც ჩვენ ბოლო თვეებში ვისმენდით". - ამბობს ჯორჯია მელონი.

შარლ მიშელი  ეს აშკარად რუსეთის შიდა საკითხია

“ევროპელ ლიდერებთან და დიდი შვიდეულის პარტნიორებთან ერთად ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს რუსეთში არსებულ ვითარებას.

ეს აშკარად რუსეთის შიდა საკითხია. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისა და ზელენსკისადმი არის ურყევი. - ამბობს ევროსაბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი.

ტიმოთი სნაიდერი

“რუსეთზე მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რასაც ერთი წელია ვამბობ: ომები სრულდება მაშინ, როდესაც შიდა პოლიტიკური სისტემა ზეწოლის ქვეშაა”. - თქვა ამერიკელმა ისტორიკოსმა, ტიმოთი სნაიდერმა.

ანალენა ბერბოკი  ვხედავთ უზარმაზარ ბზარებს რუსულ პროპაგანდაში

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრას რუსეთის ხელმძღვანელობისთვის დამანგრეველი შედეგები მოაქვს

"ჩვენ ვხედავთ რუსეთის აგრესიული ომის დამანგრეველ შედეგებს პუტინის ძალაუფლების სისტემაზე. ის სულ უფრო და უფრო თვითდესტრუქციული ხდება. ასევე, ჩვენ ვხედავთ უზარმაზარ ბზარებს რუსულ პროპაგანდაში". - ამბობს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი. 

იენს სტოლტენბერგი  რუსეთის მოვლენები დემონსტრაციაა იმ დიდი სტრატეგიული შეცდომის, რომელიც პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოებით დაუშვა

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ არეულობა რუსეთში კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყება სტრატეგიული შეცდომა იყო. 

"გასულ დღეებში განვითარებული მოვლენები რუსეთის შიდა საქმეა და კიდევ ერთი დემონსტრაცია იმ დიდი სტრატეგიული შეცდომის, რაც პრეზიდენტმა პუტინმა დაუშვა ყირიმის უკანონო ანექსირებითა და უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოებით". - ამბობს სტოლტენბერგი.

გიტანას ნაუსედა  თუ ბელარუსი პრიგოჟინს მიიღებს, NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება დასჭირდება

"თუ პრიგოჟინი ან ვაგნერის ჯგუფის ნაწილი ბელარუსში აღმოჩნდება გაურკვეველი გეგმებითა და გაურკვეველი განზრახვებით, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ ჩვენი აღმოსავლეთის საზღვრების უსაფრთხოება. აქ მხოლოდ ლიტვაზე არ ვსაუბრობ, არამედ უდავოდ მთელ NATO-ზე". - აღნიშნა ლიტვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ.

მარკ ჰეტლინგი  ვივარაუდებ, რომ რუსეთთან ასოცირებული ქვეყნები, უამრავი პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან

ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ყოფილი ოფიცრის, მარკ ჰეტლინგის თქმით, სულ უფრო მცირდება რუსეთის მოკავშირეების რწმენა, რომ ის სანდო პარტნიორია და რუსეთთან ასოცირებული ყველა სახელმწიფო პრობლემების წინაშე აღმოჩნდება. 

"როცა ევროპაში მეთაური ვიყავი, სწორედ ამას ვაკვირდებოდით. მოსკოვის ქმედებები, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენდა ისეთ ადგილებზე, როგორიც არის თბილისი საქართველოში ან სხვა.

თქვენ იცით, რომ ისინი რუსეთის, პუტინის გავლენის ქვეშ არიან. ფაქტობრივად, რუსეთის მიერ განთავსებული და მობილიზებული ჯარისკაცებიდან ბევრი სწორედ ამ ადგილებიდან ჩამოვიდა. ისეთ ადგილებში, როგორიცაა ყველაზე მტკივნეული ლუკაშენკოს მართული ბელარუსი, ახლა გრძნობენ, რომ მათ არ აქვთ მთავრობის მხარდაჭერა, რადგან ეს უკანასკნელი თითქოს იწყებს ნგრევას და ხდება უფრო დისფუნქციური, ვიდრე აქამდე იყო. დიახ, ვივარაუდებ, რომ რუსეთთან ასოცირებული ქვეყნები, ალბათ, უამრავი პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან". – თქვა ჰეტლინგიმ.

ბრაიან უიტმორი  თუ პრიგოჟინი მძიმე ფასს არ გადაიხდის, პუტინის რეჟიმს სერიოზული საფრთხე ემუქრება

ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის უფროსი თანამშრომელი, ბრაიან უიტმორი რუსეთის სამხედრო არეულობას  5 სხვადასხვა კონტექსტში განიხილავს:

1.უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომმა რუსული ელიტა ორ ფრაქციად გაყო. მათ ერთ ნაწილს კიევის დაპყრობა და ხრეშჩატიკზე სამხედრო აღლუმი სურს, ხოლო მეორეს - კლეპტოკრატებს სურთ, დაბრუნდნენ 2022 წლის 24 თებერვლამდე პერიოდში. უიტმორის აზრით, ამ ორი ფრაქციის სურვილებიდან, არცერთს არ უწერია ხორცშესხმა. თუმცა, მისივე თქმით, რეჟიმისთვის ყველაზე მეტად საფრთხის შემცველი პირველი ფრაქციაა.

“ამან პუტინი ძალიან სავალალო მდგომარეობაში ჩააგდო, მიუხედავად იმისა, თუ როგორ გადაწყდება პრიგოჟინის აჯანყება”. - აღნიშნა ბრაიან უიტმორმა.

2. გარდა ამისა, უიტმორი ფიქრობს, რომ პრიგოჟინის აჯანყება ირეკლავს “პუტინის ვენჩურული კაპიტალის საგარეო პოლიტიკის” საფრთხეებს, რომლის ფარგლებში ჩვეულებრივი სარდლობის მიღმა, იგი ნომინალურად კერძო სექტორის აქტორებზე დავალებებს გასცემს. 

“რუსული სისტემა დაფუძნებულია არა ინსტიტუტებზე, არამედ არაფორმალურ მფარველობით ქსელებზე, რომელშიც პუტინი არის საბოლოო არბიტრი. როდესაც პუტინი ძლიერია, ეს მიდგომა გარკვეულწილად მუშაობს. მაგრამ როდესაც პუტინი დასუსტებულია, სისტემა შეიძლება, კონტროლიდან გამოვიდეს”. - აღნიშნავს უიტმორი. 

3. უიტმორი ასევე საუბრობს, არაფორმალურ სისტემაში მფარველების, ე.წ. კრიშების მიერ პრიგოჟინის მიტოვებაზე.  

“გენერალმა სერგეი სუროვიკინმა და ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა უკვე უარყვეს ის [პრიგოჟინი]. ასევე ძნელი წარმოსადგენია, სხვა სავარაუდო მოკავშირე, როსგვარდიას ლიდერი ვიქტორ ზოლოტოვი, პუტინის ნაცვლად, პრიგოჟინს მიემხროს. ეს, ალბათ, პრიგოჟინის ტაქტიკურ უკან დახევას განაპირობებს. მაგრამ მაშინაც კი, თუ კრიზისი დაუყოვნებლივ მოგვარდება, მისი გამომწვევი მიზეზი რეჟიმის დასუსტებას განაგრძობს”. - თქვა უიტმორმა. 

4. უიტმორის აზრით, მეოთხე კონტექსტი, რომლის ფარგლებში პრიგოჟინის აჯანყების განხილვა შეიძლება, რუსეთის პოლიტიკურ სივრცეში არსებული ცვლილებებია.

“თუ პრიგოჟინი არ გადაიხდის მძიმე ფასს თავისი აჯანყებისთვის, ეს პუტინის რეჟიმს სერიოზული საფრთხის ქვეშ დააყენებს. ეს იმიტომ ხდება, რომ რუსეთში პოლიტიკური ცვლილება იწყება - არსებობს სამი ფაქტორი: გაყოფილი ელიტა, უკმაყოფილო საზოგადოება და შიშის არარსებობა. თუ შიში ამოღებულია განტოლებიდან, მაშინ რეჟიმი საფრთხის ქვეშ იქნება”. - დასძენს უიტმორი

5. ბოლოს, უიტმორი აღნიშნავს, რომ კიევის მხრიდან კონტრშეტევის გაძლიერების ფონზე, პრიგოჟინის აჯანყება რუსეთის საბრძოლო შესაძლებლობებს უკრაინაში კიდევ უფრო ძირს უთხრის.

“რუსული ელიტა არ იქცევა ისე, რომ ომში გამარჯვებას ელოდეს”. - თქვა უიტმორმა. 

დანიელ ფრიდი  1917 წელია თუ 1991 წელი?

ატლანტიკური საბჭოს თანამშრომლისა და პოლონეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, დანიელ ფრიდი პრიგოჟინის სამხედრო გადატრიალების მცდელობას, 1917 წლისა და 1991 წლის მოვლენებს შორის პარალელს ავლებს. 

ფრიდის აზრით, პრიგოჟინის დაქვემდებარებაში მყოფი ძალების რაოდენობის თვალსაზრისით, მას წარმატების შანსი არ ჰქონია. ფრიდის აზრით, პრიგოჟინს აჯანყება 1917 წლის რევოლუციის მსგავსი შეიძლება არ იყოს, მაგრამ მისივე თქმით, პუტინი მარცხს ეტაპობრივად უახლოვდება. 

ფრიდის თქმითვე, როგორიც არ უნდა იყოს პრიგოჟინის წარმატება გადატრიალების ამ მცდელობისას, პუტინის ავტორიტეტი იკლებს, ისევე როგორც გორბაჩოვის ავტორიტეტი მას შემდეგ, რაც ბორის ელცინმა 1991 წლის გადატრიალების მცდელობა შეაჩერა. 

“ეს უარესია: 1991 წელს გადატრიალება ჩაიშალა. მაგრამ პრიგოჟინმა, როგორც ჩანს, რაღაცას მიაღწია”. - თქვა ფრიდმა, 

არიელ კოენი  ფრანკენშტაინის ურჩხული ამზადებს გადატრიალებას

“რუსეთის რეგულარული სამხედრო და მმართველობითი სტრუქტურების გვერდის ავლით, როგორც ჩანს, პუტინმა შექმნა ურჩხული, რომელიც საფრთხეს უქმნის მის უშიშროების სამსახურებზე დაფუძნებულ რეჟიმს და, შესაძლოა, მისი პირადი ძალაუფლების ფარგლებსაც”. - ამბობს ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის თანამშრომელი, არიელ კოენი.

ჰანა ლიუბაკოვა  ლუკაშენკოს მოკლევადიანი გამარჯვება, რამაც შეიძლება, შეარყიოს მისი გრძელვადიანი პოზიცია ბელარუსში

ბელარუსი ჟურნალისტისა და მკვლევრის, ჰანა ლიუბაკოვას აზრით, მეზობელ ქვეყანაში სამხედრო არეულობა გამოიწვევს ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს პოლიტიკის კურსში ეჭვის შეტანას.

“პუტინის ავტორიტეტის შესუსტებასთან ერთად, მინსკის რეჟიმი, შესაძლოა, რუსეთის მხრიდან მხარდაჭერის შემცირების წინაშე აღმოჩნდეს”. - თქვა ლიუბაკოვამ. 

გარდა ამისა, ლიუბაკოვას აზრით, პრიგოჟინის სამხედრო გადატრიალების მცდელობა რუსეთის დაუმარცხებლობის შესახებ ეჭვებს აჩენს.

“პრიგოჟინის შეიარაღებული აჯანყება რუსეთის შიგნით პოლიტიკურ კრიზისზე მიუთითებს და ამსხვრევს მითს რუსეთის დაუმარცხებლობისა და ძლევამოსილების შესახებ”. - თქვა ლიუბაკოვამ. 

უილიამ ფ. ვეშლერი  ეს ამბის დასაწყისია

ატლანტიკური საბჭოს რაფიკ ჰარირის ცენტრისა და ახლო აღმოსავლეთის პროგრამების უფროსი დირექტორი, უილიამ ფ. ვეშლერი ფიქრობს, რომ პრიგოჟინსა და პუტინს შორის ბელარუსის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება არა ამბის დასასრული, არამედ დასაწყისია.

“ერთი შეხედვით, ეს შეიძლება პუტინის გამარჯვებად ჩანდეს, მაგრამ ის დასუსტებულია როგორც იმით, რომ ეს მოხდა, ასევე იმ ფაქტით, რომ ის მოგვარდა მხოლოდ მოლაპარაკების შედეგად კომპრომისით და არა ფიზიკური ძალაუფლების საჯარო დემონსტრირებით”. - თქვა ვეშლერმა. 

გარდა ამისა, ვეშლერის თქმითმვე, ისტორიის განვითარებასთან ერთად, ფილმის “სტალინის სიკვდილის” უკან მდგომი ადამიანები უნდა აკეთებდნენ ჩანაწერებს იმ შემთხვევისთვის, თუ “ფილმის გაგრძელების საჭიროება დადგება”.

ჯონ კ. კალვერი  "წაბორძიკებული" რუსეთი ჩინეთისთვის უფრო დიდ იზოლაციას ნიშნავს 

ატლანტიკური საბჭოს ჩინეთის გლობალური ჰაბის უფროსი თანამშრომელი და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) უფროსი დაზვერვის ოფიცერი ჯონ კ. კალვერი ფიქრობს, რომ პრიგოჟინის აჯანყება ჩინეთისთვის საფრთხისშემცველია და მას იზოლაციის წინაშე აყენებს.

მისი თქმით, რუსეთის შიდა არეულობა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინგისთვის იზოლაციის საფრთხეს, უკრაინის წარმატებული პოზიციების და დასავლეთის სანქციების ფონზე, კიდევ უფრო მეტად ზრდის. 

რამა იადი  ვაგნერის გარეშე პუტინი კარგავს თავისი აფრიკული საყრდენის მნიშვნელოვან ნაწილს

ატლანტიკური საბჭოს აფრიკის ცენტრის უფროსი მმართველის, რამა იადის თქმით, ეჭვგარეშეა, რომ ეს აჯანყება გავლენას მოახდენს აფრიკულ ქვეყნებზე, განსაკუთრებით მალიზე, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაზე, ლიბიასა და სუდანზე - იქ, სადაც ვაგნერმა თავისი ჯარები განათავსა. 

“მიუხედავად იმისა, რომ აქამდე რუსეთის მთავრობისა და ვაგნერის ჯგუფის ინტერესები ერთმანეთს ემთხვეოდა, ახლა ამ ქვეყნებისთვის საჭირო იქნება ბიზნესის კეთება კონკურენტი ინტერესების მქონე ორ რუს აქტორთან. ეს მეტოქეობა მათ აფრიკელ მოკავშირეებს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს”. - თქვა იადიმ.

ჯილ დოგერტი  პუტინი მოღალატეებს არასდროს პატიობს

ჯილ დოგერტის აზრით, CNN-ის მოსკოვის ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი და ექსპერტი პუტინი პრიგოჟინს არასდროს აპატიებს.

"პუტინი არ პატიობს მოღალატეებს. მაშინაც კი, თუ პუტინი იტყვის: „პრიგოჟინ, შენ წადი ბელარუსში“, ის მაინც მოღალატეა და ვფიქრობ, პუტინი ამას არასოდეს აპატიებს“. - თქვა ჯილ დოგერტიმ.

"მე რომ პუტინი ვიყო, შემაწუხებდა ის ფაქტი, რომ როსტოვის დატოვებისას ხალხი ვაგნერელებს შეძახილებით აცილებდა”. - თქვა დოგერტიმ.

ჯეიმს კლეპერი  პრიგოჟინისა და რუსეთის შეთანხმება საეჭვოა

ეროვნული დაზვერვის ყოფილმა დირექტორმა ჯეიმს კლეპერმა CNN-თან საუბრისას აღნიშნა, რომ პრიგოჟინისა და რუსეთის შეთანხმება საეჭვოა. 

“უბრალოდ მაინტერესებს, იყო თუ არა ეს გარიგება, თუ მის [პრიგოჟინის] წინააღმდეგ კულისებს მიღმა პუტინს ჰქონდა რაიმე ბერკეტი, რამაც პრიგოჟინის უკან დახევა აიძულა. ეს არის პასუხგაუცემელი კითხვა”. - თქვა კლეპერმა. 

ჯეიმს სტავრიდისი – გულწრფელად რომ ვთქვა, პრიგოჟინი 60-90 დღეც ვერ გაძლებს 

“ვფიქრობ, რომ აქ “სამეფო კარის თამაშების” ფილოსოფია მოქმედებს. თუ მეფეს მიზანში ამოიღებ, ჯობია მოკლა იგი. პრიგოჟკინმა ეს არ გააკეთა, ახლა ის იზოლირებული იქნება იმ 35 000 მებრძოლისგან, რომელიც მას იცავდა. ის ჰგავს გველს, რომელსაც თავი მოაჭრეს. არ მგონია მან [პრიგოჟინმა] 60-90 დღე გაძლოს, გულწრფელად რომ ვთქვათ, რადგან პუტინი თავისი ბნელი გულით შურისძიებისთვის ყველაფერს გააკეთებს”. - თქვა NATO-ს ძალების ყოფილმა მეთაურმა, გადამდგარმა ადმირალმა ჯეიმს სტავრიდისმა. 

კომენტარები