პრიგოჟინის ამბოხება

ბლინკენი რუსეთის სამხედრო არეულობაზე: ეს ამბავი არ დასრულებულა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი
CNN

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის თქმით, ვაშინგტონი ვარაუდობს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის პრიგოჟინის ბელარუსში გამგზავრება პოტენციური საფრთხის დასასრული შესაძლოა არ იყოს

"ეს ამბავი არ დასრულებულა - ჩვენ არ გვინახავს ბოლო მოქმედება. მოვლენებს ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით". - ამბობს ბლინკენი CBS-სთან საუბრისას. 

რუსეთში სამხედრო არეულობა 23 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერელების ბანაკზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა და საპასუხო დარტყმა დაანონსა. ის ასევე ირწმუნებოდა, რომ თავდაცვის სამინისტრომ თვითმფრინავებით ვაგნერის კოლონებზე დარტყმის ბრძანება გასცეს, რაზეც პილოტებმა უარი თქვეს. 

პრიგოჟინის თქმით, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ სპეციალურად ჩავიდა როსტოვში, რათა კსკ ვაგნერის განადგურების ოპერაცია ჩაეტარებინა. მისივე მტკიცებით, მინისტრი ქალაქიდან გაიქცა. პრიგოჟინის თქმით, მისი მოქმედებები არა სამხედრო გადატრიალება, არამედ "სამართლიანობის მარშია". გასულ ორ დღეში ვაგნერის ძალებმა კონტროლი აიღეს დონის როსტოვზე, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს.

სიტუაციის დეესკალაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც პრიგოჟინმა ბელარუსიის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს შუამავლობით შეთანხმება დადო, რომლის მიხედვითაც, იგი ბელარუსში გაემგზავრება და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდება. დღეს, 25 ივნისს ვაგნერმა ძალების რუსეთის სამხრეთ ვორონეჟისა და ლიპეცკის ოლქებიდან გაყვანა დაიწყო.

კომენტარები