რუსული კანონი

ჩვენ თქვენთან ვართ, რაც არ უნდა მოხდეს – NED-ის თავმჯდომარის მიმართვა ქართველ ხალხს

დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) თავმჯდომარე და დირექტორი, დეიმონ უილსონი

დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) თავმჯდომარემ და დირექტორმა, დეიმონ უილსონმა ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის ძალადობრივად დაშლის მცდელობის შემდეგ, 2 მაისს გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც ქართველ ხალხს ურყევი მხარდაჭერა გამოუცხადა. მანვე ბიძინა ივანიშვილი და მმართველი პარტია გააფრთხილა და თქვა, რომ რუსული კანონის მიღებისა და საქართველოს მოსახლეობის ნების წინააღმდეგ წასვლის შემთხვევაში, შესაბამისი შედეგები დადგება.

2 მაისს გავრცელებული ვიდეომიმართვის ტექსტს სრულად გთავაზობთ:

"ბოლო კვირების განმავლობაში, საქართველოში ახალ ამბებში არაერთხელ მოვხვდით. მაგრამ მე და თქვენ ვიცით, რომ ეს რეალურად NED-ს არ ეხება. მიმდინარე კვირაში მომხდარი აჩვენებს, რომ ეს რეალურად თქვენს შესახებაა. ეს ეხება ქართველებს, რომლებსაც თავიანთი ქვეყანა უყვართ, მხარს უჭერენ დემოკრატიას და იციან, რომ საქართველო ევროპის ნაწილია.

მიმდინარე კვირაში პროტესტის მშვიდობიან მონაწილეებზე სასტიკი ანგარიშსწორების შემდეგ, მინდოდა მომემართა და პირადად მეთქვა: მადლობა! ჩვენ მხარს გიჭერთ. ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ თქვენით. იმით, რომ ამდენი ქართველი გამოვიდა პარლამენტში რუსეთის მიერ შთაგონებული უცხოური აგენტების კანონის განხილვის გასაპროტესტებლად.

ამის პარალელურად, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მიმდინარე კვირაში ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფებოდა. დელეგაციამ NED-ში ჩვენი დისკუსია თავისი მიზნის ხაზგასმით დაიწყო - აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას ხორცი უნდა შევასხათო. ჩვენ სკეპტიკურად განვეწყვეთ, რადგან სულ რამდენიმე წუთით ადრე, ჩვენ მოვისმინეთ ქართველი ხალხისადმი ბიძინა ივანიშვილის შემაძრწუნებელი მიმართვა, სადაც მან დემონიზაცია და დეჰუმანიზაცია მოახდინა პატრიოტი ქართველების, რომლებიც საკუთარი საზოგადოების მხარდასაჭერად იღვწიან, გასცა პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ ძალადობის დაპირება და თავს დაესხა საქართველოს უახლოეს მეგობრებსა და მოკავშირეებს. აშშ-საქართველოს ურთიერთობის განმტკიცების მაგივრად, როგორც ჩანს, მთავრობის მიზანი მისი განადგურებაა.

მთავრობის მიერ მოკავშირეებთან მეგობრული ბმების გაწყვეტის პარალელურად, მან თქვენი, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გამოსვლის თავხედური მზაობა გამოაჩინა. ჩვენ ვუყურებდით, როგორ უმოწყალოდ სცემდა და აკავებდა პოლიცია და სპეცრაზმი მოქალაქეებს, ძალადობდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებზე.

საქართველოში მძიმე დღეებია. პირველ რიგში, ყველა იმ ქართველისთვის, რომელსაც ევროპის ნავსაყუდელში მყოფი დემოკრატიული საქართველოსი სწამს. მძიმე დღეებია საქართველოს ყველა მეგობრისთვისაც, რომლებმაც წლების განმავლობაში თქვენთვის, ჩვენი ურთიერთობებისა და ქართველი ხალხისთვის ამდენი ვიშრომეთ.

რთულ რეგიონში დემოკრატიის დამყარებისკენ საოცარი სწრაფვის, თქვენი ქვეყნის ბედის დასავლეთთან გადაჯაჭვისა და ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებაზე მტკიცე და ამაყი განცხადებების გამო, სიამოვნებით გავიღეთ ჩვენი ენერგია და მხარდაჭერა. სწორედ თქვენი ენერგია, აქტიურობა და სიმტკიცე შთააგონებდა ბევრ ამერიკელს, მათ შორის, მეც.

მიუხედავად იმ ძმური განცდისა, რომელსაც თქვენს მიმართ ვგრძნობთ, ვიცით, რომ წარსულში იმედებიც გაგიცრუეთ. ბევრი ჩვენგანისთვის 2008 წელი შავი ლაქაა - პირადად ჩემთვისაც. მაგრამ წარსულში ჩვენი უმოქმედობა ახლა მხოლოდ აძლიერებს ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს მომავლის მიმართ. აძლიერებს ჩვენს მხარდაჭერას ქართველებისადმი და მათი მისწრაფებებისადმი სუვერენული, დემოკრატიული, ევროპული მომავლისადმი - თქვენი შესაძლებლობისადმი, რომ თავად განსაზღვროთ თქვენივე ბედისწერა. როგორც მიმდინარე კვირაში დელეგაციას ვუთხარით, არსად მივდივართ. ჩვენი მხარდაჭერა გრძელვადიანია იმიტომ, რომ თქვენ ჯერ კიდევ აქ ხართ.

როგორც გასულ კვირაში გამოქვეყნებულ წერილში სენატორებმა შაჰინმა და რიშმა 12 სხვა სენატორთან ერთად ხაზგასმით აღნიშნეს, დადგება შედეგები ბიძინასთვის და ყველასთვის, ვინც რუსული სტილის კანონმდებლობის სასარგებლოდ მისცემს ხმას. მივმართავთ ნებისმიერს, ვინც თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ სწრაფვაში ქართველი ხალხის ნებას აფერხებს - ჩვენ ისტორიულ მომენტებში უკან არასდროს ვიხევთ და რისკის მიუხედავად ჩართულობას ვაორმაგებთ. ეს სწორედ ამგვარი მომენტია.

ისტორიის ტექტონიკური ხაზები იძვრის. უკრაინაში რუსეთის სასტიკმა და გაუმართლებელმა შეჭრამ უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს გაუხსნა კარი ევროკავშირში გასაწევრიანებლად, რომელიც ახლა მზადაა მიიღოს აღმოსავლეთ ევროპიდან და სამხრეთ კავკასიიდან ისინი, ვინც დემოკრატიულ ერთა საზოგადოებასთან შეერთებას ესწრაფვის.

საქართველოში გასამართ არჩევნებს შეუძლია დააჩქაროს ევროპისკენ საქართველოს სვლა, ან თაობებით დააყოვნოს ის. ეს არის მომენტი, როდესაც საქართველოს შეუძლია აირჩიოს, იქნება თუ არა თავისუფალი სამყაროს წევრი.

როდესაც ვხედავთ ათიათასობით თქვენგანს ქუჩაში მშვიდობიან, ლაღ პროტესტზე, გვახსენდება ჩვენი ოპტიმიზმი, ჩვენი რწმენა საქართველოს მიმართ. გვახსენდება, რატომ შეგვიყვარდა საქართველო. საქართველოს ჭეშმარიტი სულისკვეთების ხატება არა პოლიციელის ხელკეტი, არამედ ის წყვილია, რომელმაც ქორწილი აქციაზე აღნიშნა; არა ერთი კაცის ბოდვითი გამოსვლა, არამედ რუსთაველზე ეროვნული ერთიანობის დემონსტრირებაა; არა მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული წყლის ჭავლი, არამედ ის მამაცი ადამიანები არიან, რომლებიც წყლის ნაკადის მიუხედავად ევროკავშირის დროშებს აფრიალებენ, ხმამაღლა გამოხატავენ თავისუფლების ძლიერ სურვილს და ვისი გაჩუმებაც არავის შეუძლია.

მაშინ, როცა ბევრი თქვენგანი იცავს საკუთარ უფლებებს და მომავლის დასაცავად აპროტესტებს, ჩვენი თქვენდამი გზავნილი ერთია: ჩვენ გხედავთ, თქვენი გვესმის და მხარს გიჭერთ. ჩვენი მხარდაჭერა იქნება ურყევი. თქვენთან ვართ, რაც არ უნდა მოხდეს. თქვენ დგახართ ისტორიის სწორ მხარეს.

წარმატებებს გისურვებთ და თავს გაუფრთხილდით!

მადლობა". - თქვა დეიმონ უილსონმა.

14 სენატორისგან შემდგარი ორპარტიული ჯგუფის მიერ ირაკლი კობახიძისთვის გაგზავნილი მწვავე წერილი, რომელზეც NED-ის თავმჯდომარე მიმართვაში საუბრობს, 26 აპრილს ამერიკის ხმამ გაავრცელა. წერილში ამერიკელი სენატორები რუსული კანონის მიღების შემთხვევაში ივანიშვილის რეჟიმს სანქციებს, სავიზო შეზღუდვებს და ფინანსური მხარდაჭერის გადახედვას ჰპირდებიან.

ივანიშვილის ხელისუფლებას უკვე მეორედ სურს გასულ წელს მოქალაქეების პროტესტით შეჩერებული რუსული კანონის მიღება. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.

30 აპრილის ღამეს ხელისუფლებამ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის ძალადობრივი მეთოდებით დაშლა სცადა. მომიტინგეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა გამოიყენა წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი. დააკავეს აქციის ათობით მონაწილე. სპეცრაზმი ფიზიკურად უსწორდებოდა დემონსტრანტებს. სცემეს პოლიტიკოსებიც, მათ შორის, უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს ენმ-ს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს.

ძალადობის მიუხედავად, აქცია არ დაიშალა. სამოქალაქო წინააღმდეგობა 1-ელი მაისის დილის 4 საათამდე გაგრძელდა. სპეცრაზმმა უკან დაიხია, მომიტინგეებმა კი კვლავ დაიკავეს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია. 1-ელ მაისს, დილით, შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც აქციის დაშლის მცდელობისას 63 პირი დააკავეს.

1-ელ მაისს, საღამოს 8 საათზე, საქართველოს პარლამენტმა რუსულ კანონს II მოსმენით მხარი დაუჭირა - მომხრე 83 დეპუტატი იყო. პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით რუსული კანონის განხილვა 30 აპრილს დაიწყო, თუმცა განხილვების ნაწილი და კენჭისყრა 1 მაისს გაიმართა. იმავე ღამეს, ხელისუფლებამ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის დაშლა "სპეციალური საშუალებების გამოყენებით" კიდევ ერთხელ სცადა.

კომენტარები