პრიგოჟინის ამბოხება

კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" წევრებმა ლიპეცკის ოლქი დატოვეს

Roman Romokhov/AFP

კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის წევრებმა რუსეთის ლიპეცკის ოლქი დატოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, ოლქში სრულად განახლდა ტრანსპორტის მუშაობაც.

"ვაგნერის" ქვედანაყოფებმა, რომლებიც ლიპეცკის ოლქში გასულ დღეს გამოჩნდნენ, ტერიტორია დატოვეს". - წერია განცხადებაში.

ცნობები გავრცელდა მას შემდეგ, რაც ვორონეჟის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრე გუსევმა თქვა, რომ ვაგნერის ქვედანაყოფების გადაადგილება რეგიონში "სტაბილურად, ინციდენტების გარეშე" მიმდინარეობდა.

მანამდე, ვაგნერელებმა უკან დახევა როსტოვის სამხრეთი რეგიონიდან დაიწყეს მას შემდეგ, რაც მოსკოვისკენ წინსვლა ბელარუსიის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოსა და პრიგოჟინს შორის მოლაპარაკების საფუძველზე შეაჩერეს. შეთანხმების მიხედვით, ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდება და ის ბელარუსში წავა.

23 ივნისს პრიგოჟინმა თქვა, რომ ვაგნერის ბანაკებზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სარაკეტო იერიში მიიტანა და საპასუხო მოქმედებებისთვის ემზადებოდნენ. ამის შემდეგ, მან განაცხადა, რომ საზღვარი გადაკვეთეს და როსტოვში შედიოდნენ. ის ასევე ირწმუნებოდა, რომ თავდაცვის სამინისტრომ თვითმფრინავებით ვაგნერის კოლონებზე დარტყმის ბრძანება გასცეს, რაზეც პილოტებმა უარი თქვეს.

"პუტინს ატყუებენ, ომი ოლიგარქებს სურდათ, უკან ვიხევთ" – რაზე საუბრობდა პრიგოჟინი არეულობის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე

"ხელს ვუშლით საკუთარი ტრა*ი გადაარჩინონ დამნაშავეებმა, რომლებმაც 100 000-მდე რუსი ჯარისკაცი გაანადგურეს, [ვალერი] გერასიმოვსა და [სერგეი] შოიგუს". – თქვა ევგენი პრიგოჟინმა.

პრიგოჟინის თქმით, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ სპეციალურად ჩავიდა როსტოვში, რათა კსკ ვაგნერის განადგურების ოპერაცია ჩაეტარებინა. მისივე მტკიცებით, მინისტრი ქალაქიდან გაიქცა. პრიგოჟინის თქმით, მისი მოქმედებები არა სამხედრო გადატრიალება, არამედ "სამართლიანობის მარშია".

პრიგოჟინი ყველაფრის განადგურებით იმუქრებოდა. ამ დრომდე, მისი მტკიცებით, 3 ვერტმფრენი ჩამოაგდეს, მათ შორის ერთ-ერთი მოსკოვის ტრასაზე.

ამჟამად არსებული ინფორმაციით, ვაგნერის ძალები აკონტროლებენ დონის როსტოვისა და ვორონეჟის ადმინისტრაციულ შენობებს.

მაისში ბახმუტის აღების შემდეგ, ევგენი პრიგოჟინმა საკუთარი ძალები ზურგში, ბანაკებში გადაიყვანა და თქვა, რომ მაშინ დაბრუნდებოდნენ, როცა "სამშობლოს დასჭირდებოდნენ". უკვე რამდენიმე თვეა, რაც ვაგნერსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის დაძაბული ვითარებაა. პრიგოჟინი ხშირად ლანძღავდა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის მეთაურს, ვალერი გერასიმოვს. ის ირწმუნებოდა, რომ თავდაცვის უწყებას ვაგნერის განადგურება სურდა და ეს ჯერ კიდევ 2018 წელს, სირიაშიც კი სცადეს, როცა კერძო სამხედრო კომპანია ამერიკულ ძალებს დაუპირისპირდა და ბევრი მებრძოლი დაკარგა.

ვლადიმირ პუტინმა მოვლენებს ღალატი, აჯანყება უწოდა და 1917 წლის მოვლენებსაც შეადარა. ის პირობას დებდა, რომ დამნაშავეებს დასჯიდა.

კომენტარები