პრიგოჟინის ამბოხება

პუტინი უახლოეს მომავალში მიმართვით გამოვა - პესკოვი

დმიტრი პესკოვი

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, ვლადიმირ პუტინი "უახლოეს მომავალში" მიმართვით გამოვა.

მიმდინარე მოვლენებს რუსეთის პრეზიდენტი ამ დრომდე არ გამოხმაურებია.

რუსეთში 23 ივნისს დაწყებული სამხედრო არეულობის შემდეგ ვაგნერელებმა ალყაში მოაქციეს ქალაქ დონის როსტოვში მდებარე სამხრეთის სამხედრო ოკრუგის შტაბის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფედერაციული უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ), როსტოვის ადმინისტრაციისა და პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების შენობები. მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს ჯავშანტექნიკა და მებრძოლები, რომლებიც შენობებს მიზანში იღებენ. როსტოვის გუბერნატორი, ვასილი გოლუბიოვი მოქალაქეებს ქალაქის ცენტრში გარეთ გასვლისგან თავის შეკავებას მოუწოდებს.

23 ივნისს პრიგოჟინმა თქვა, რომ ვაგნერის ბანაკებზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სარაკეტო იერიში მიიტანა და საპასუხო მოქმედებებისთვის ემზადებოდნენ. ამის შემდეგ, მან განაცხადა, რომ საზღვარი გადაკვეთეს და როსტოვში შედიოდნენ. ის ასევე ირწმუნებოდა, რომ თავდაცვის სამინისტრომ თვითმფრინავებით ვაგნერის კოლონებზე დარტყმის ბრძანება გასცეს, რაზეც პილოტებმა უარი თქვეს.

"ხელს ვუშლით საკუთარი ტრა*ი გადაარჩინონ დამნაშავეებმა, რომლებმაც 100 000-მდე რუსი ჯარისკაცი გაანადგურეს, [ვალერი] გერასიმოვსა და [სერგეი] შოიგუს". – თქვა ევგენი პრიგოჟინმა.

პრიგოჟინის თქმით, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ სპეციალურად ჩავიდა როსტოვში, რათა კსკ ვაგნერის განადგურების ოპერაცია ჩაეტარებინა. მისივე მტკიცებით, მინისტრი ქალაქიდან გაიქცა. პრიგოჟინის თქმით, მისი მოქმედებები არა სამხედრო გადატრიალება, არამედ "სამართლიანობის მარშია".

პრიგოჟინი ყველაფრის განადგურებით იმუქრება. ამ დრომდე, მისი მტკიცებით, 2 ვერტმფრენი ჩამოაგდეს, მათ შორის ერთ-ერთი მოსკოვის ტრასაზე.

 

კომენტარები