მაღაროელების გაფიცვა

ჭიათურის მაღაროების მართვის მაღაროელებისთვის გადაცემა – Georgian Manganese-ის განცხადება

ჭიათურაში გაფიცული მაღაროელები, 12 ივნისი
მაღაროელი / Facebook

ჯორჯიან მანგანეზი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ვკითხულობთ, რომ კომპანია მზად არის, თანამშრომელთა პასუხისმგებლობის გათავისებისა და სრული კონსენსუსის შემთხვევაში, ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს გადასცეს მართვაში. 

"ჯორჯიან მანგანეზის არაერთი მცდელობისა და შეთავაზების მიუხედავად, რომ დასაქმებულებსა და დამსაქმებელს შორის შეთანხმება შემდგარიყო, თანამშრომელთა ნაწილმა პროტესტის რადიკალურ ფორმას მიმართა.

კომპანიისთვის თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვა და მათი უსაფრთხოება ჩვენი მთავარი ღირებულებაა. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანია ეხმაურება მიმდინარე აქციებზე არაერთგზის გაჟღერებულ მოთხოვნას, რომ ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს გადაეცეთ.

​ჩვენი მიზანია, შექმნილი კრიზისული სიტუაცია დროულად მოგვარდეს, შეწყდეს პროტესტის რადიკალური ფორმა, თანამშრომლები სამუშაო პროცესს დაუბრუნდნენ, აღდგეს ქალაქის ყოველდღიური ცხოვრების რიტმი. ამისათვის კომპანია მზად არის, თანამშრომელთა პასუხისმგებლობის გათავისებისა და სრული კონსესუსის შემთხვევაში, ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცეს". - წერია განცხადებაში.  

ჭიათურაში მე-16 დღეა, ყველა მაღარო გაჩერებულია – 3 000-მდე გაფიცული მაღაროელი კომპანია ჯორჯიან მანგანეზისგან სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვასა და ხელფასების ზრდას ითხოვს. მაღაროელები მე-9 დღეა, ჭიათურაში შიმშილობენ, ასევე, მე-2 დღეა, პარლამენტის წინ შიმშილობენ თბილისში ჩამოსული გაფიცული თანამშრომლებიც. 

18 ივნისს ჭიათურაში გაფიცულმა ერთ-ერთმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა. კიდევ ერთმა დასაქმებულმა კი ხელზე თვითდაზიანება მიიყენა. ჭიათურაში ერთ-ერთმა მაღაროელმა, რომელიც შიმშილობს, პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.

კომპანია ჯორჯიან მანგანეზმა მაღაროელთა 18 ივნისს პროტესტის შესახებ განცხადება გაავრცელა. კომპანია დასაქმებულებს 2023 წლის პირველ თებერვლამდე არსებულ ძველ სამუშაო პირობებზე დაბრუნებას და 12-საათიან სამუშაო გრაფიკს სთავაზობს, ამასთან გაფიცულებს პირველ ეტაპზე ხელფასის 5%-ით გაზრდის პირობას აძლევს და ჰპირდება, რომ "მომგებიანობის ზრდასთან ერთად, ეტაპობრივად გაიზრდება თანამშრომელთა ხელფასიც". 

რას და რატომ აპროტესტებენ ჭიათურელი მაღაროელები?

კომენტარები