მაღაროელების გაფიცვა ჭიათურაში

რას და რატომ აპროტესტებენ ჭიათურელი მაღაროელები?

მაღაროელების გაფიცვა ჭიათურაში

რას და რატომ აპროტესტებენ ჭიათურელი მაღაროელები?

"მე არ მინდა დავინახო ეს ხალხი, სანამ ჩვენი საქმე არ მოგვარდება" – 18 ივნისის ღამეს ჭიათურაში კომპანია ჯორჯიან მანგანეზის გაფიცულმა თანამშრომელმა პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა, იმავე ღამეს კიდევ ერთმა დასაქმებულმა სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით ხელებზე თვითდაზიანებაც მიიყენა.

3 000-მდე მაღაროელმა გაფიცვა 6 ივნისს დაიწყო. ათობით დასაქმებულმა პროტესტის ნიშნად შიმშილობასაც მიმართა, ერთ-ერთმა მათგანმა კი პირი ამოიკერა.

რას ითხოვენ ჭიათურელი მაღაროელები?

გაფიცულები კომპანია ჯორჯიან მანგანეზისგან სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვასა და ხელფასების ზრდას ითხოვენ. კერძოდ:

  • ხელფასის 40%-იანი მატება (არ ეხება მენეჯმენტს);
  • 2023 წლის 1 თებერვლამდე მოქმედი გრაფიკის დაბრუნება;
  • ყველა ბანკში სესხის პროცენტის დარიცხვის შეჩერება და გადახდის გადავადება (მათ შორის, აქამდე დარიცხულის გადახდა);
  • ჯანმრთელობის დაზღვევის შეცვლა და პირობების გაუმჯობესება;
  • ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის უფლება;
  • სამუშაო ტექნიკის განახლება/გაუმჯობესება/შეცვლა;
  • საკვები ულუფის რაოდენობისა და ხარისხის გაუმჯობესება;
  • საერთო საცხოვრებლის (სანატორიუმის) გამოყენების უფლება;
  • ბიულეტენით სარგებლობის შემთხვევაში გაცდენილი დღეები 100%-ით ანაზღაურება;
  • 2023 წლის 7 ივნისიდან (გაფიცვის დაწყების თარიღი) სამუშაო პროცესის აღდგენამდე გაცდენილი დღეების 100%-ით ანაზღაურება;
  • სამუშაო პროცესში უსაფრთხოების "უმაღლეს დონეზე" გაკონტროლება;
  • მაღაროების საქმიანობაში ჩართული ყველა შპს-ს გაუქმება და მათი ერთ კომპანიად გაერთიანება;
  • კომპანიის მიერ ღია კარიერული მოპოვების წესით ახალი ტერიტორიების ათვისებისას საკითხის კონკრეტული სოფლის მოსახლეობასთან შეთანხმება და მათი პოზიციის გათვალისწინება.

მაღაროელთა მოთხოვნების საფუძველი

კომპანია ჯორჯიან მანგანეზი 2023 წლის 1 თებერვლიდან ე.წ. დროებით სამუშაო რეჟიმზე გადავიდა. რეჟიმი მაღაროებისა და ვახტების ნაწილის მუშაობის შეჩერებას და დასაქმებულისთვის ხელფასის 60%-ის შენარჩუნებას გულისხმობდა, თუმცა ის მაისში უნდა დასრულებულიყო. კომპანიის მტკიცებით, გადაწყვეტილების მიზეზი ბაზარზე შექმნილი კრიზისი და წარმოებული პროდუქტის ფასის ვარდნაა. 

ანაზღაურება და სამუშაო გრაფიკი

გაფიცული მაღაროელები ამბობენ, რომ ხელფასის თითქმის განახევრების გამო მათ საბანკო ვალდებულებების შესრულების პრობლემა შეექმნათ და 1 თებერვლამდე მოქმედ გრაფიკზე დაბრუნების მოთხოვნის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს არის. დასაქმებულების თქმით, ჯორჯიან მანგანეზმა 4 ბანკთან შეთანხმებას მიაღწია, რომლის საფუძველზეც ამ პერიოდის განმავლობაში მათ სესხის ძირითადი თანხის დაფარვის ვალდებულება შეუჩერდათ, თუმცა კვლავ ერიცხებოდათ გადავადების პროცენტი. გაფიცულები სესხების პროცენტის დარიცხვის შეჩერებისა და აქამდე დარიცხული თანხის დაფარვის მოთხოვნას სწორედ ამ გარემოებით ხსნიან.

ჭიათურის სამთომრეწველობის პროფკავშირს 4 მაისს ჯორჯიან მანგანეზმა დაუდასტურა, რომ 20 მაისამდე მუშაობას ყველა ვახტა განაახლებდა, თუმცა პირობა ბოლომდე არ შესრულდა და ჯორჯიან მანგანეზმა განაცხადა, რომ ყველა ვახტისა და მაღაროს მუშაობის აღდგენას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებდა, თუ დასაქმებულები ახალ სამუშაო გრაფიკს, გეგმასა და ანაზღაურების სქემას დასთანხმდებოდნენ. კომპანია დასაქმებულებს ანაზღაურების უცვლელობის პირობებში ორცვლიანი 12-საათიანი სამუშაო გრაფიკიდან, სამცვლიან 8-საათიან სამუშაო გრაფიკზე გადასვლას სთხოვს, თუმცა მაღაროელები ამგვარი სისტემით მუშაობაზე უარს კვლავ მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო ამბობენ.

უფლებადამცველ ორგანიზაცია სოციალური სამართლიანობის ცენტრთან ვახტური წესით მომუშავე თანამშრომლები ჰყვებიან, რომ ისინი ე.წ. დროებითი რეჟიმის დაწყებამდე 12-საათიანი გრაფიკით 7 დღე მუშაობდნენ, ხოლო მომდევნო 7 დღე ისვენებდნენ. შედეგად ამგვარი რეჟიმი, დამატებით, სხვა სამუშაოს შესრულების შესაძლებლობას აძლევდათ, რაც მათთვის ფინანსურად მნიშვნელოვანი იყო, ხოლო ჯორჯიან მანგანეზის მიერ შეთავაზებულ ახალ სისტემაში ამგვარი შესაძლებლობა აღარ იარსებებს.

შესასრულებელი გეგმა

კომპანიის მიერ წარდგენილი ცვლილებები არ ეხება მხოლოდ სამუშაო გრაფიკს – დასაქმებულებმა ახალი შესასრულებელი გეგმითაც უნდა იმუშაონ. 2023 წლის 1 თებერვალამდე შესასრულებელი გეგმა ვახტებიდან გამოტანილი მადნის მასით იზომებოდა. ჯორჯიან მანგანეზის მიერ წარდგენილი ახალი გეგმით კი კომპანია თანამშრომლებს დაუდგენს იმ მანძილს, რა მანძილითაც მათ ვახტაში წინ უნდა წაიწიონ 1 ცვლის განმავლობაში. გაფიცული მაღაროელები მიიჩნევენ, რომ ამგვარი გეგმით ყოველდღიური მუშაობა არარეალისტურია, ხოლო მცდელობის შემთხვევაშიც კი ის შრომის უსაფრთხოების ნორმების საფრთხის შემცველ უგულებელყოფას გამოიწვევს. 

ეს ის გარემოებაა, რომელსაც მაღაროებსა და ვახტებში დასაქმებულები ერთნაირად აპროტესტებენ. ბოლო მონაცემებით, ჭიათურაში 9 ვახტა და 4 მაღარო ფუნქციონირებს. კომპანიაში დასაქმებული 3 382 თანამშრომლიდან 720 ვახტებში მუშაობს, ხოლო დანარჩენი მაღაროებში.

უსაფრთხოება

შრომის ინსპექციამ ჯორჯიან მანგანეზის დაქვემდებარებაში არსებული მაღაროები და ვახტები ბოლოს 2018-2019 წლებში შეამოწმა და დარღვევების გამო კომპანიას სანქციაც დააკისრა. მას შემდეგ თანამშრომლები სამუშაო პირობებს პერიოდულად აპროტესტებენ. 

გაფიცულები ამბობენ, რომ მათ არ აქვთ შესაბამისი აღჭურვილობა და სპეცტანსაცმელი, რაც საფრთხეებს შეამცირებდა, უწევთ მძიმე აღჭურვილობის ხელით გადაადგილება, ზოგიერთ მაღაროში დგას წყალი, რომლისგანაც, სპეციალური ფეხსაცმელი ვერ იცავთ, ხოლო წყლის სატუმბი უხარისხოა; მაღაროებში არ კონტროლდება სამთო წნევის დონე; ტრაქტორები გაუმართავია და გამოყოფს გამონაბოლქვს, ხოლო წყლის სისტემა, რომელმაც გამონაბოლქვი უნდა შეამციროს, გაუმართავია; არ ხდება მტვრის კონცენტრაციის გაზომვა აფეთქებების შემდეგ, განიავების სისტემა გაუმართავია, არ არის დადგენილი აფეთქებიდან უსაფრთხო მანძილი და ა.შ. გაფიცულების მიერ უსაფრთხოების გაკონტროლებისა და ტექნიკის განახლება/გაუმჯობესება/შეცვლის მოთხოვნა სწორედ ამ გარემოებებს უკავშირდება.

12 ივნისიდან ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, მაღაროელების გაფიცვის პროცესში შრომის ინსპექციის სამსახური ჩაერთო, თუმცა უწყებას ამ დრომდე არც განცხადება გაუვრცელებია და არც ახალი შემოწმება დაუწყია.

შვებულება, კვება, დაზღვევა

გაფიცული მაღაროელები ამბობენ, რომ მათ კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი შვებულების გამოყენების უფლება არ ეძლევათ, მიზეზად კი კომპანიას ადამიანური რესურსის ნაკლებობა მოჰყავს. ამასთან, მათი ცნობით, ავადმყოფობის დროს ე.წ. ბიულეტენზე გასვლის დროს მათ ხელფასის 100% არ უნაზღაურდებათ. გაფიცულები ასევე აპროტესტებენ კომპანიის მიერ შეთავაზებულ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს და გამოყოფილი საკვები ულუფის ხარისხს/რაოდენობას. საკვების პრობლემა კიდევ უფრო მას შემდეგ გამწვავდა, რაც კომპანია მუშაობის ახალ რეჟიმზე გადავიდა და დასაქმებულებს ჭიათურაში არსებული საერთო საცხოვრებლის (სანატორიუმით) სარგებლობის უფლება შეეზღუდათ.

რას პოზიცია აქვს ჯორჯიან მანგანეზს?

პროტესტის მე-12 დღეს, 18 ივნისს ჯორჯიან მანგანეზი დასთანხმდა გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნას, რომ მუშაობა 2023 წლის 1 თებერვალმდე არსებული 12-საათიანი გრაფიკით გააგრძელონ.

კომპანია დასაქმებულებს ხელფასის 40%-იანი ზრდის ნაცვლად, 5%-ით ზრდას სთავაზობს და ჰპირდება, რომ "მომგებიანობის ზრდასთან ერთად, ეტაპობრივად გაიზრდება თანამშრომელთა ხელფასიც".

ჯორჯიან მანგანეზის განცხადების თანახმად, კომპანიაში გასული 2 წლისა და მიმდინარე წლის ფინანსური მდგომარეობის შესახებ აუდიტი ჩატარდება.

"ამ ეტაპისთვის კომპანიაში დამატებითი ფინანსური რესურსის მოძიება შეუძლებელია. ჯორჯიან მანგანეზში დღეს არსებული კრიზისი გამოწვეულია მადნის ფასის მნიშვნელოვნად გაუფასურებით. კომპანია ასეთ რეჟიმში უკვე რამდენიმე წელია მუშაობს და მნიშვნელოვან ფინანსურ ზარალს განიცდის". – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

რა ხდება ახლა?

გაფიცულმა მაღაროელებმა ჯორჯიან მანგანეზის მიერ შეთავაზებულ პირობებზე უარი თქვეს. ისინი პროტსტის შეწყვეტას არ აპირებენ და ამბობენ, რომ ჭიათურიდან თბილისში გადაინაცვლებენ და ყოველდღიურ პროტესტს პარლამენტის შენობის წინ გააგრძელებენ. აქციის ორგანიზატორების თქმით, 50-მდე მაღაროელი შიმშილობას საკანონმდებლო ორგანოს წინ დაიწყებს.

კომენტარები