მაღაროელების გაფიცვა

NGO-ები: სახელმწიფოს უმოქმედობა მაღაროელთა გაწირვის ფორმას იღებს

SJC

მაღაროელების პროტესტთან დაკავშირებით ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ - მათი შეფასებით, საკითხზე სახელმწიფოს უმოქმედობა მაღაროელთა გაწირვის ფორმას იღებს. 

"მე-15 დღეა, უშედეგოდ მიმდინარეობს ჭიათურის მაღაროელთა პროტესტი საბაზისო შრომის პირობების უზრუნველყოფის მოთხოვნით. მეოთხე დღეა, პროტესტმა თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გადმოინაცვლა. მოთხოვნები სამართლიან ანაზღაურებას, შრომის უსაფრთხოების ნორმების მოწესრიგებას, ჰიგიენისა და კვების საკითხების მოგვარებას ეხება, რაც პასუხისმგებლიანი სამუშაო გარემოს ელემენტარული პირობები უნდა იყოს. მიუხედავად ამისა, დასაქმებულთა ბრძოლა, როგორც კომპანიის, ისე სახელმწიფოს მხრიდან, რეალური და ეფექტური რეაგირების გარეშეა დატოვებული.

მაღაროელთა სამართლიანი და კანონიერი მოთხოვნების იგნორირება, იძულებულს ხდის მშრომელებს, პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართონ: როგორც ჭიათურაში, ისე თბილისში მოშიმშილე მაღაროელებმა მრავლობითი თვითდაზიანება მიიყენეს; ზოგიერთი, ჯანმრთელობის ქრონიკული დაზიანების საფრთხის წინაშეა, ერთ-ერთმა მოშიმშილემ გონებაც დაკარგა;

სიტუაცია ყოველდღიურად მძიმდება და ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე შეუქცევადი ზიანის საფრთხეებს აჩენს, რის გამოც, კომპანიისა და სახელმწიფოს მხრიდან გამოჩენილი უმოქმედობა და საკითხის მიმართ ფორმალური დამოკიდებულებები, ამ ადამიანების, მათზე ფინანსურად დამოკიდებული ოჯახის წევრებისა და მაღაროელთა შრომაზე ეკონომიკურად დამოკიდებული მთელი ქალაქის გაწირვის ფორმას იღებს". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

ხელმომწერები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას: 

  • გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, კომპანიასთან რეალური მოლაპარაკების ჩათვლით, რათა თავიდან იქნას აცილებული მოსალოდნელი ტრაგედია, რომელიც შესაძლოა პროტესტის უმწვავესი ფორმების გამოყენებას მოჰყვეს;
  • იმოქმედოს დაუყოვნებლივ და ეფექტურად, რათა კომპანიამ შეასრულოს მაღაროელებთან კოლექტიური ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები, რომ დაკმაყოფილდეს ჭიათურელი მაღაროელების ბაზისური და სამართლიანი მოთხოვნები;

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს:

  • გაააქტიუროს და არსობრივად წარმართოს მედიაციის პროცესი;
  • პროტესტის მიმდინარეობისას, უზრუნველყოს მოშიმშილე და თვითდაზიანების რეჟიმში მყოფი მაღაროელების მუდმივი სამედიცინო კონტროლი შიმშილობისა და პროტესტის სხვა ფორმებით გამოწვეული თანხმლები გართულებების თავიდან აცილების მიზნით. 

განცხადებას ხელს აწერენ: 

  • ღია საზოგადოების ფონდი
  • ერთობა 2013
  • სოციალურ მუშაკთა გაერთიანება
  • Სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • სოლიდარობის ქსელი
  • მეცნიერების, განათლების და კულტურის პროფკავშირი 

ჭიათურაში მე-16 დღეა, ყველა მაღარო გაჩერებულია – 3 000-მდე გაფიცული მაღაროელი კომპანია ჯორჯიან მანგანეზისგან სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვასა და ხელფასების ზრდას ითხოვს. მაღაროელები მე-9 დღეა, ჭიათურაში შიმშილობენ, ასევე, მე-2 დღეა, პარლამენტის წინ შიმშილობენ თბილისში ჩამოსული გაფიცული თანამშრომლებიც. 

18 ივნისს ჭიათურაში გაფიცულმა ერთ-ერთმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა. კიდევ ერთმა დასაქმებულმა კი ხელზე თვითდაზიანება მიიყენა. ჭიათურაში ერთ-ერთმა მაღაროელმა, რომელიც შიმშილობს, პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.

კომპანია ჯორჯიან მანგანეზმა მაღაროელთა 18 ივნისს პროტესტის შესახებ განცხადება გაავრცელა. კომპანია დასაქმებულებს 2023 წლის პირველ თებერვლამდე არსებულ ძველ სამუშაო პირობებზე დაბრუნებას და 12-საათიან სამუშაო გრაფიკს სთავაზობს, ამასთან გაფიცულებს პირველ ეტაპზე ხელფასის 5%-ით გაზრდის პირობას აძლევს და ჰპირდება, რომ "მომგებიანობის ზრდასთან ერთად, ეტაპობრივად გაიზრდება თანამშრომელთა ხელფასიც". 

რას და რატომ აპროტესტებენ ჭიათურელი მაღაროელები?

კომენტარები