მაღაროელების გაფიცვა ჭიათურაში

ჭიათურაში მე-4 დღეა ყველა მაღარო გაჩერებულია – დასაქმებულები სამუშაო პირობებს აპროტესტებენ

კადრი ვიდეოდან / მთავარი არხი

ჭიათურაში მეოთხე დღეა ყველა მაღარო გაჩერებულია. 3 000-მდე მაღაროელი საპროტესტო აქციებს მართავს და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვს.

თანამშრომლები კომპანია ჯორჯიან მანგანეზისგან ხელფასების ზრდას, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვასა და პირობების გაუმჯობესებას ქალაქის მერიასთან ითხოვდნენ.

"ჩვენს დამსაქმებელს უნდა, მსოფლიო კრიზისს ჩვენი არარეალური და არაადამიანური შრომის ხარჯზე დაძლიოს, რასაც ვეწინააღმდეგებით. ჩვენ ვითხოვთ შრომის ადამიანურ გრაფიკს, ადამიანურ შრომას". – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

მაღაროელების თქმით, ისინი პროტესტს არ შეწყვეტენ, სანამ ჯორჯიან მანგანეზი მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.

"პრობლემები თუ არ მოგვარდება, ჩვენ არსად წასვლას არ ვაპირებთ, უკანდასახევი გზა, ფაქტობრივად, არ გვაქვს. მიმაჩნია, რომ ჩვენი სამსახური ყველაზე რთულია. მიწის ქვეშ შევდივართ კილომეტრობით, სიცოცხლეს ვდებთ სასწორზე". – თქვა ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

კომენტარები