მაღაროელების გაფიცვა

40%-ით და 20%-ით მატების მოთხოვნა ლოგიკას დაქვემდებარებული არ იყო – Georgian Manganese-ს დირექტორი

ჯორჯიან მანგანეზის გენერალური დირექტორი, ლაშა თუთბერიძე ამბობს, რომ თანამშრომლებიც მოთხოვნა ხელფასის მატებასთან დაკავშირებით ალოგიკურია, რადგან კომპანია შემოსავლიანი არ არის. თუთბერიძე გაფიცულებს სთავაზობს, ფინანსური დოკუმენტები გარე აუდიტორულმა კომპანიამ შეისწავლოს და გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიიღონ. 

მისივე სიტყვებით, კომპანიამ ყველა "ლოგიკურად დასმულ" საკითხზე გაფიცულ თანამშრომლებს კონკრეტული წინადადებები შესთავაზა. 

"მათი მხრიდან დასმული იყო ხელფასის 20%-იანი მატების საკითხი. თავიდან მოთხოვნილი იყო 40%, შემდგომ 20%. არანაირ ლოგიკას დაქვემდებარებული ეს არ იყო, პირველ რიგში, ამას აღვნიშნავ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვავალდებულებს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ეს არის კოლექტიური ხელშეკრულება, რომელიც მუშაკთა პროფკავშირების ჩართულობით გაკეთდა. როდესაც ახალი მენეჯმენტი მოვიდა კომპანიის მართვაში, ჩვენმა გუნდმა ძალიან კარგად [იმუშავა], რომ დაგვესრულებინა ეს ეპოქა - 4 წლის უკან გაფიცვა, 7 წლის უკან გაფიცვა, ადამიანების ჯანმრთელობაზე პრობლემებისა და ემოციების ხარჯვის გარეშე ერთად გაგვეწერა და შეგვექმნა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვურთიერთობთ, როგორი დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთთან, ვინ რას აკეთებს, ვის რა ვალდებულება აქვს ხელფასის მატებასთან დაკავშირებით, საპრემიო სისტემა და ა.შ.  

ჩვენი მხრიდან, მუშაკთა პროფკავშირებისა და დასაქმებულების მხრიდან ცალმხრივად ხელი მოეწერა ამ ყველაფერს - ვთქვით, რომ 2021 წელს წლის ბოლოს რა შედეგებიც გამოქვეყნდებოდა სტატისტიკის დეპარტამენტის მხრიდან, თუ რა არის ინფლაციის მაჩვენებელი, ინდექსაცია, რამდენი პროცენტიც იქნება, ჩვენ იმდენი პროცენტით ვიღებთ ვალდებულებას. როდესაც ზრდა არის 5%-მდე, ვიღებთ ვალდებულებას, რომ 5%-მდე ცალსახად მოვამატოთ, 5%-ის შემდგომ ვსხდებით დასაქმებულები, კომპანია, პროფკავშირი და ერთად ვწყვეტთ". - ამბობს ლაშა თუთბერიძე პალიტრანიუსის ეთერში. 

მისივე სიტყვებით, 2023 წლის 1-ლი იანვრისთვის თანამშრომლებს ხელფასები 5%-ით მოემატათ, "მიუხედავად არსებული ეკონომიკური კრიზისისა". თუთბერიძის მტკიცებით, კომპანიამ შეასრულა ყველა ვალდებულება, რაც ჰქონდა.  

"ჭიათურაში იძულებული ვიყავით, საწარმო გაგვეჩერებინა ზარალისა და ფინანსური კრიზისის გამო. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ ჭიათურაში ხელფასებს ვიხდიდით, ხელფასებს, რომელიც გაჩერებულ ჭიათურაში შეადგენდა, დაახლოებით, 6 მილიონ ლარს". - ამბობს ის. 

ლაშა თუთბერიძის თქმით, არ აქვს უფლება, თქვას, თუ რამდენია თანამშრომლების ხელფასი და არ იქნება სწორი, "ვიღაცას ეს საკითხი დავამადლოთ", მისივე სიტყვებით, იცის, რომ მაღაროელების სამუშაო პირობები რთულია და უფრო მაღალ ანაზღაურებას იმსახურებენ. თუთბერიძე ასევე საუბრობს სტატისტიკაზე, რომლის მიხედვითაც, 2022 წელს "მახტურ რეჟიმზე" დასაქმებული 708 კაცის ხელფასი, ჯამში, 25 900 000 ლარი იყო.  

ჯორჯიან მანგანეზის დირექტორის თქმით, მათ აქვთ კრიზისის მართვის გეგმა და მზად არიან, დაიდოს დასკვნა, შეუძლია თუ არა კომპანიას, გადაიხადოს $10 მლნ რომელიც ხელფასის მატებას დასჭირდება. მისივე სიტყვებით, ჰოლდინგი ვერ შეძლებს, ხელფასი მოუმატოს მხოლოდ მიწის ქვეშ მომუშავე მაღაროელებს და არა ავტოსატრანსპორტო საწარმოს თანამშრომლებს, მშენებლებსა და სხვა დასაქმებულებს სერვის კომპანიებიდან. 


ჭიათურაში მე-16 დღეა, ყველა მაღარო გაჩერებულია – 3 000-მდე გაფიცული მაღაროელი კომპანია ჯორჯიან მანგანეზისგან სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვასა და ხელფასების ზრდას ითხოვს. მაღაროელები მე-9 დღეა, ჭიათურაში შიმშილობენ, ასევე, მე-2 დღეა, პარლამენტის წინ შიმშილობენ თბილისში ჩამოსული გაფიცული თანამშრომლებიც. 

18 ივნისს ჭიათურაში გაფიცულმა ერთ-ერთმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა. კიდევ ერთმა დასაქმებულმა კი ხელზე თვითდაზიანება მიიყენა. ჭიათურაში ერთ-ერთმა მაღაროელმა, რომელიც შიმშილობს, პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.

კომპანია ჯორჯიან მანგანეზმა მაღაროელთა 18 ივნისს პროტესტის შესახებ განცხადება გაავრცელა. კომპანია დასაქმებულებს 2023 წლის პირველ თებერვლამდე არსებულ ძველ სამუშაო პირობებზე დაბრუნებას და 12-საათიან სამუშაო გრაფიკს სთავაზობს, ამასთან გაფიცულებს პირველ ეტაპზე ხელფასის 5%-ით გაზრდის პირობას აძლევს და ჰპირდება, რომ "მომგებიანობის ზრდასთან ერთად, ეტაპობრივად გაიზრდება თანამშრომელთა ხელფასიც". 

რას და რატომ აპროტესტებენ ჭიათურელი მაღაროელები?

კომენტარები