საგარეო ვაჭრობა

საქსტატი: რუსეთთან ექსპორტი გასულ წელთან შედარებით 33.8%-ით, ხოლო იმპორტი 40.2%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $8 362.6 მილიონი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.9%-ით მეტია. 

ამავე დროით პერიოდში, ექსპორტმა $2.5 მილიარდი შეადგინა და შესაბამისად, 18.5%-ით გაიზარდა. რაც შეეხება იმპორტს, 2023 წლის იანვარი-მაისის პერიოდში საქართველომ $5.8 მილიარდის საქონელი შეიძინა, რაც წინა წელთან შედარებით 19.1%-ით მეტია.

საქსტატის ინფორმაციითვე, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-მაისში $3.36 მილიარდი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2%-ია.

2023 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა მთლიან ექსპორტში 80.8% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეულში სომხეთთან და აზერბაიჯანთან ერთად შედის რუსეთიც. რუსეთთან ექსპორტის ღირებულებამ $281 346 შეადგინა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 33.8%-ით მეტია. 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

რაც შეეხება იმპორტს, ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილი მთლიან იმპორტში 70.4%-ია. ექსპორტის მსგავსად, რუსეთი უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნების სამეულშიც გვხვდება. რუსეთთან იმპორტმა $778 581 შეადგინა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 40.2%-ით მეტია. 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

 

კომენტარები