სასამართლო კლანის სანქცირება

ო'ბრაიენი მოსამართლეებზე: არ მგონია, ინფორმირებულმა პოლიტიკოსმა შეძლოს თქმა, რომ უსაფუძვლოა

"არ მგონია, კარგად ინფორმირებულმა ქართველმა თანამდებობის პირმა შეძლოს იმის თქმა, რომ ეს უსაფუძვლო იყო" – ასე უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ჯეიმს ო'ბრაიენმა ამერიკის ხმის შეკითხვას აშშ-ს მიერ სანქცირებული 4 ქართველი მოსამართლის შესახებ.

"ეს პირები იმყოფებოდნენ საქართველოში მნიშვნელოვანი კორუფციის ცენტრში ბოლო რამდენიმე ადმინისტრაციის განმავლობაში. ჩვენ გვაქვს გლობალური პოლიტიკა, რომ ადამიანებზე, რომლებიც ბოროტად იყენებენ სახელმწიფო ძალაუფლებას ამ ფორმით, ეს შეზღუდვები უნდა გავრცელდეს. ჩვენი კანონის თანახმად, შეზღუდვების დაწესება, ფაქტობრივად, სავალდებულოა. მას ვხედვათ, როგორც საქართველოს ევროპული მისწრაფებების განმტკიცებას. ეს სტანდარტული ნაბიჯია. რეაქცია, რომელიც ბევრად უფრო კარგად ინფორმირებული ადამიანისგან მივიღეთ, იყო ის, რომ დიახ, უკვე დრო იყო. ვფიქრობ, ფაქტები და გარემოებები ყველასთვის კარგადაა ცნობილი და არანაირი პრობლემა არ არსებობს. არ მგონია, კარგად ინფორმირებულმა ქართველმა თანამდებობის პირმა შეძლოს იმის თქმა, რომ ეს უსაფუძვლო იყო. 

[...] ჩვენ გვინდა, საქართველომ გაატაროს ის რეფორმები, რომლებიც მას სჭირდება იმისთვის, რომ ქართველი ხალხი იყოს ევროპის საზოგადოების ნაწილი. ჩვენ ამის გაკეთებას ვცდილობთ და არა იმას, რომ მოლაპარაკებები ვაწარმოოთ ცალკეულ შემთხვევებზე". – თქვა ო'ბრაიენმა.

5 აპრილს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა "მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო" თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, უვადო მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ასევე უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე ირაკლი შენგელიას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა და შეერთებულ შტატებში შესვლა აუკრძალა. სანქციები დაუწესდათ მათი ოჯახის წევრებსაც. 

ქართული ოცნების წარმომადგენლები აშშ-ს მიერ დაწესებულ სანქციებს უსაფუძვლოს უწოდებენ. 5 ივნისს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვლმა სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების მოხსნისკენ მოუწოდა და თქვა, რომ მოსამართლეებზე "მტკიცებულების გარეშე შეტევა არ შეიძლება".

კომენტარები