სასამართლო კლანის სანქცირება

მილერი სანქცირებულ მოსამართლეებზე: საქართველოს მოვუწოდებთ, მათ მიმართ გამოძიება ჩაატაროს

მეთიუ მილერი
AP Photo

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის, მეთიუ მილერის თქმით, საქართველოს მთავრობას სანქცირებული მოსამართლეების წინააღმდეგ გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა ამერიკის ხმასთან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

"მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გადადგას ნაბიჯები ამ პირების მიმართ გამოძიების ჩატარებით, კორუმპირებული აქტორების ანგარიშვალდებულების ხელშესაწყობად და იმუშაოს სასამართლო სექტორის ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად"

გამოცემასთან საუბრისას მილერმა აღნიშნა, რომ სასამართლო სისტემის ეფექტიანი რეფორმა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წარდგენილ 9 რეკომენდაციას შორის არის, რომელიც შესრულებას კვლავ საჭიროებს.

"ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს ევროკავშირის რეკომენდაცია, რომ მთავრობამ უზრუნველყოს ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა და განახორციელოს ვენეციის კომისიის მიერ ამ უწყებებთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციები. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ მთავრობის მოწოდებას, უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების დაცვა, რადგან ისინი კორუფციასთან ბრძოლის მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან". - თქვა მილერმა.

მილერმა განმარტა, რომ აშშ-ს მხრიდან მიღებული ზომები „ხელს უწყობს ანგარიშვალდებულების დაკისრებას მავნე აქტორებზე“, რომლებიც კანონის უზენაესობას ძირს უთხრიან და საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში ქართული საზოგადოების რწმენას ლახავენ.

"მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე 7031-ე მუხლის (C) ქვეპუნქტით დაექვემდებარნენ სავიზო შეზღუდვებს, მნიშვნელოვან კორუფციაში მათი მონაწილეობის გამო". - თქვა მილერმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თქმით, ამ პუნქტის შესაბამისად სამომავლოდ დამატებით შეზღუდვებს წინასწარ არ განიხილავენ, მაგრამ გლობალური კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას ყველა საშუალებით გააგრძელებენ.

"დეპარტამენტი გააგრძელებს ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყნებებას, მათ შორის, სავიზო შეზღუდვებისაც, კორუმპირებულ აქტორებზე ანგარიშვალდებულების დაკისრების ხელშესაწყობად, გლობალური მასშტაბით". - თქვა მილერმა.

მანამდე, ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ მმართველი პარტიის საპარლამენტო უმრავლესობა აპირებს, აშშ-ს საელჩოს მოსამართლეებისთვის დაწესებული სანქციების მოხსნის მოთხოვნით მიმართოს.

"საპარლამენტო უმრავლესობის სახელით გვინდა, მივმართოთ ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის ამერიკის შეერთებული შტატების ადგილობრივ წარმომადგენლობას, საელჩოს, ქალბატონ ელჩს და ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ მისი ელჩობის პერიოდში ეს საკითხი ობიექტურად გადაწყდება, რომ დაიწყოს საუბარი და სანქციები, რომელიც შტატების მხრიდან დაუწესდათ ქართველ მოსამართლეებს, მოეხსნათ". - თქვა მდინარაძემ.

2023 წლის აპრილში აშშ-მ "მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო" თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, უვადო მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ასევე უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე ირაკლი შენგელიას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ვალერიან ცერცვაძეს, ასევე მათი ოჯახის წევრებს, სანქციები დაუწესა და შეერთებულ შტატებში შესვლა აუკრძალა.

კომენტარები