სასამართლო კლანის სანქცირება

მურუსიძის თქმით, ადვოკატის ფინანსები არ აქვს – 13 წელში მისმა ხელფასმა მილიონ ლარს გადააჭარბა

მოსამართლე ლევან მურუსიძის ჯამურმა ხელფასმა, რომელიც აშშ-ს მიერ მის დასანქცირებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ თავისი სიმართლის დასამტკიცებლად ადვოკატის დაქირავების საშუალება არ აქვს, 2010-2022 წლებში მილიონს ლარს გადააჭარბა. მხოლოდ გასულ წელს საერთო სასამართლოების დეპარტამენტში მოსამართლის პოსტზე ყოფნისას მან ანაზღაურების სახით სახელმწიფო ბიუჯეტიდან 84 138.6 ლარი, ხოლო როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა 2 219.04 ლარი მიიღო.

2010-22 წლებში მურუსიძის მიერ ხელფასის სახით აღებული თანხის დინამიკა შემდეგია:

  • 2010 – 71 900 ლარი;
  • 2011 – 78 762 ლარი;
  • 2012 წელი – 78 600 ლარი;
  • 2013 – 89 225 ლარი;
  • 2014 – 89 225 ლარი;
  • 2015 – 99 965.66 ლარი;
  • 2016 – 80 000 ლარი (სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე) + 8 400 ლარი (იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი);
  • 2017 – 80 500 ლარი;
  • 2018 – 67 215.5 ლარი;
  • 2019 – 70 731.37 ლარი;
  • 2020 – 67 053.6 ლარი;
  • 2021 – 72 681.6 ლარი;
  • 2022 – 84 138.6 ლარი (საერთო სასამართლოების დეპარტამენტში მოსამართლე) + 2 219.04 ლარი (იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი). 

ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციიდან ირკვევა ისიც, რომ 2017 წლის მაისში მურუსიძემ 10 500 დოლარად 1 000 კვ.კმ-ს ფართობის მქონე მიწის ნაკვეთი სოფელ ძეგვში, მცხეთაში შეიძინა. 

ამასთან, მურუსიძემ ერთი თვის შემდეგ მერსედეს-ბენცი ML350-ის ავტომანქანის შეძენისთვის დამატებით 24 500 დოლარი დახარჯა.

2018 წელს მურუსიძე ძეგვში აგარაკის მშენებლობისთვის 97 000 ლარის ოდენობის გასავალი ჰქონდა. დეკლარაციის მიხედვითვე, მურუსიძის სამოგზაურო ხარჯი ამავე დროით პერიოდში 8 080 ევროს შეადგენდა. 

2020 წელს მურუსიძემ სოფელ ძეგვში 318.9 კვ. კმ-ს ფართობის აგარაკის მშენებლობა დაასრულა, რაც 50 000 დოლარი დაუჯდა. ამავე წელს კიდევ ერთი მერსედეს-ბენცის მსუბუქი ავტომანქანის შესაძენად 10 420 ლარი დახარჯა. 

პირველი არხის ცნობით, 2018 წლის ბოლოს ქონებრივი დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებული დარღვევების გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძე სხვა 4 მოსამართლესთან ერთად ხელფასის 20%-ის ოდენობით დააჯარიმა. 

ლევან მურუსიძე 2006-2015 წლებში უზენაესი სასამართლოში მოსამართლის პოსტს იკავებდა,  2013 წელს იუსტიციის საბჭოს წევრად აირჩიეს, ხოლო 2018 წლის დეკემბერში იუსტიციის საბჭომ იგი უვადო მოსამართლედ დანიშნა.

კომენტარები