სასამართლო კლანის სანქცირება

აშშ-მ ჩინჩალაძეს, მურუსიძეს და კიდევ ორ ქართველ მოსამართლეს სანქციები დაუწესა

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა "მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო" თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, უვადო მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ასევე უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე ირაკლი შენგელიას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ვალერიან ცერცვაძეს, ასევე მათი ოჯახის წევრებს, სანქციები დაუწესა და შეერთებულ შტატებში შესვლა აუკრძალა. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია ნათქვამი. 

"აღნიშნულმა პირებმა ბოროტად გამოიყენეს თანამდებობა, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობისა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.

ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გაძლიერების კუთხით და გააგრძელებს იმ პირთა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, ვინც პირადი სარგებლის მიზნით, ბოროტად იყენებს საჯარო უფლებამოსილებას.  

ჩვენ ყველა იმ მოსამართლის გვერდით ვდგავართ, ვისაც აქვს გამბედაობა და კეთილსინდისიერება, იმოქმედოს მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად. 

პირებს, რომელთა სანქცირებაც განხორციელდა 2023 ფისკალური წლის დაფინანსების აქტის 7031(c) თავის საფუძველზე, რომელიც ეხება სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო ოპერაციებსა და მასთან დაკავშირებულ პროგრამებს (Div. K, P.L. 117-328) (“თავი 7031(c)”) და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა" - ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში. 

კომენტარები