სასამართლო კლანის სანქცირება

მურუსიძე სანქციებზე: ადვოკატის დაქირავების საშუალება რომ მქონდეს, სიმართლეს დავამტკიცებდი

მოსამართლე ლევან მურუსიძე აშშ-ს მიერ მის დასანქცირებასთან დაკავშირებით, Interpressnews-თან ინტერვიუში ამბობს, რომ ადვოკატის დაქირავების საშუალება რომ ჰქონდეს, საკუთარ სიმართლეს დაამტკიცებდა.

მურუსიძემ უპასუხა კითხვას, მისი დასანქცირების საპასუხოდ, აპირებს თუ არა სარჩელის მომზადებას და აშშ-ში გაგზავნას.

"სიმართლე გითხრათ, ყველაფერი გამოჩნდება. ეს სანქციები იმდენად დაუსაბუთებელი, არაზნეობრივია და არაფერს ეფუძნებოდა, რომ ყველაფერი გამოჩნდება და დროთა განმავლობაში ცხადი გახდება. სიმართლე გითხრათ, სანქციების საკითხი არ მაწუხებს, იმიტომ, რომ 100%-ით მართალი ვარ, შესაბამისად, გავყვები და რაც იქნება, ეგ არის. ყოველ შემთხვევაში, იცით, რა არის? მე რომ იმის საშუალება მქონდეს, რომ ადვოკატი დავიქირაო და მას ასი ათასობით თანხა ვუხადო, დავადასტურებდი, რომ ნამდვილად ის არის, იმიტომ, რომ 100%-ით მართალი ვარ. ერთი სიტყვით, ასე მგონია, რომ ყველაფერი დალაგდება, იმიტომ, რომ მართალი ვარ. ვნახოთ, რა და როგორ იქნება.

რას დავაპირებ და რას გავაკეთებ, ამას დრო გვიჩვენებს. ახლა, სიმართლე გითხრათ, ჩემთვის მთავარი ის არის, რომ მე დარწმუნებული ვარ და მიმაჩნია, რომ ეს აბსოლუტურად მიუღებელი იყო და შეუძლებელია, რომ ადამიანს, მოქმედ მოსამართლეს კორუფციას აბრალებდე. მაგრამ, თვითონაც იციან, რომ აქ კორუფცია არაფერ შუშია და რეალურად, მე მგონია, რომ ჩემი დასანქცირების საკითხი სხვა რამეს ემსახურებოდა. მერე, დროთა განმავლობაში, ყველაფერი გაირკვევა, იმიტომ, რომ ყველამ იცის, კორუმპირებული ნამდვილად არ ვარ. თუ რამე იყო კორუფციის საფუძველი, შეეძლოთ კონკრეტული ფაქტი ეთქვათ, მაგრამ კონკრეტული ფაქტის დასახელების გარეშე მოსამართლეს აბრალებდე, რომ ის კორუმპირებულია, ეს უკვე სხვა თემაა". - ამბობს მურუსიძე.

Interpressnews-ის კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა, რომ აშშ-ში სასამართლოს სარჩელით მიმართოს, ის პასუხობს, რომ "არ გამოვრიცხავ, ახლაც ვფიქრობ, არ ვიცი, ვნახოთ, შევხედოთ, რა და როგორ იქნება".

აღსანიშნავია, რომ ლევან მურუსიძის 2023 წლის დეკლარაციის მიხედვით, 2022 წელს მან ხელფასის სახით 36 265 დოლარი მიიღო.

მიმდინარე წლის აპრილში აშშ-მ "მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო" თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, უვადო მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ასევე უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე ირაკლი შენგელიას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ვალერიან ცერცვაძეს, ასევე მათი ოჯახის წევრებს, სანქციები დაუწესა და შეერთებულ შტატებში შესვლა აუკრძალა.

კომენტარები