სასამართლო კლანის სანქცირება

პაპუაშვილი: კარგი იქნება, თუ აშშ იმ შეზღუდვებს მოხსნის, რაც ქართველ მოსამართლეებს დაუწესა

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, კარგი ნაბიჯი იქნება, თუ აშშ ქართველ მოსამართლეებს დაწესებულ სანქციებს მოუხსნის. პაპუაშვილი ამბობს, რომ ამ მოსამართლეებთან დაკავშირებით არანაირი მტკიცებულებები არ არსებობს.

"7 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს, მოსამართლეებს ვგულისხმობ, სავიზო შეზღუდვები დაუწესდათ და 7 თვის თავზეც არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ. ეს მე მაფიქრებს, რომ ამ მოსამართლეების შემთხვევაში, არანაირი მტკიცებულებები არ არსებობს [...] აშშ-ს ახალ ელჩსა და მის მოღვაწეობას, რომელიც საქართველოში დაიწყო, ჩვენ იმედით ვუყურებთ. ვფიქრობ, კარგი ნაბიჯი იქნებოდა, თუ აშშ იმ სავიზო შეზღუდვებს მოხსნიდა, რომელიც საქართველოს 4 მოქალაქის მიმართ დაწესებული აქვს. ეს საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთების განხორციელების ერთ-ერთი კარგი ნიშანი იქნებოდა - იქიდან გამომდინარე, რომ 7 თვე გავიდა და ფაქტია, რომ არც თავად აშშ-ს და არც საქართველოს მოქალაქეებს პასუხი არ აქვთ იმაზე, თუ რა მტკიცებულებები არსებობს ამასთან დაკავშირებით". - თქვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.

მიმდინარე წლის აპრილში აშშ-მ "მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო" თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, უვადო მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ასევე უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე ირაკლი შენგელიას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ვალერიან ცერცვაძეს, ასევე მათი ოჯახის წევრებს, სანქციები დაუწესა და შეერთებულ შტატებში შესვლა აუკრძალა.

კომენტარები