არჩევნები თურქეთში

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე ხმის მიცემის პროცესი ადგილობრივი დროით 17:00 საათზე დასრულდა და საარჩევნო უბნები დაიხურა.

ხმების დათვლის პროცესი უბნების დახურვისთანავე დაიწყო და წინასწარი შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

არჩევნების მეორე ტურში თურქეთის მე-13 პრეზიდენტად კენჭს ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ერთიანი ოპოზიციის კანდიდატი, ქემალ ქილიჩდაროღლუ იყრიან.

პირველი ტურის შედეგებით რეჯეფ თაიფ ერდოღანი 49.5%-ით ლიდერობს, ხოლო ქემალ ქილიჩდაროღლუს ხმათა 44.89% აქვს. სახელმწიფო საარჩევნო კომისიის ცნობით, არჩევნებში მონაწილეობა მოსახლეობის 89%-მა მიიღო.

მოქმედი საარჩევნო სისტემით ეს პირველი შემთხვევაა, როცა თურქეთში არჩევნების მეორე ტური დაინიშნა.

პრეზიდენტობის ორივე კანდიდატმა მხარდაჭერებთან ბოლო წინასაარჩევნო შეხვედრა სტამბოლში გამართა.

მეორე ტურის დანიშვნასთან დაკავშირებით ერთიანი ოპოზიციის კანდიდატმა, ქილიჩდაროღლუმ აღნიშნა, რომ "თუკი ჩვენს ერს მეორე ტური უნდა, ამას პატივს ვცემთ. ერდოღანმა ის შედეგები ვერ მიიღო, რაც სურდა".

კომენტარები