არჩევნები თურქეთში

მთავრობა: ღარიბაშვილმა ერდოღანს I ტურში მიღწეული წარმატება მიულოცა

საქართველოს მთავრობის ცნობით, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან.

"პრემიერმინისტრმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს არჩევნების წარმატებით ჩატარება, პირველ ტურში მიღწეული წარმატება, ხოლო საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის მიერ ხმათა უმრავლესობის მოპოვება მიულოცა.

პრემიერმინისტრმა ხაზი გაუსვა პრეზიდენტ ერდოღანის პერსონალურ როლს როგორც თურქეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებაში, ასევე რეგიონის მდგრად და სტაბილურ განვითარებაში იმ ერთობლივი, საერთაშორისო ხასიათის პროექტების მხარდაჭერით, რომელშიც თურქეთი და საქართველო არიან ჩართულნი.

საქართველოს პრემიერმინისტრმა პრეზიდენტ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წარმატებით ჩატარება უსურვა" - აცხადებს საქართველოს მთავრობა.


თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაინიშნება. პირველი ტურის შედეგებით თურქეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი 49.5%-ით ლიდერობს, ხოლო ერთიანი ოპოზიციის კანდიდატს, ქემალ ქილიჩდაროღლუს ხმათა 44.89% აქვს. სახელმწიფო საარჩევნო კომისიის ცნობით, არჩევნებში მონაწილეობა მოსახლეობის 89%-მა მიიღო. 

მოქმედი საარჩევნო სისტემით ეს პირველი შემთხვევაა, როცა თურქეთში არჩევნების მეორე ტური დაინიშნა. 

მეორე ტურის დანიშვნასთან დაკავშირებით ერთიანი ოპოზიციის კანდიდატმა, ქილიჩდაროღლუმ აღნიშნა, რომ "თუკი ჩვენს ერს მეორე ტური უნდა, ამას პატივს ვცემთ. ერდოღანმა ის შედეგები ვერ მიიღო, რაც სურდა". 

კომენტარები