არჩევნები თურქეთში

ერდოღანი: თურქეთს პუტინთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს

DEMYANCHUK/SPUTNIK/AFP via Getty Images

უმნიშვნელოვანესი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ დასავლეთის ზეწოლის მიუხედავად, რომ თურქეთი შეუერთდეს მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ქვეყანას "განსაკუთრებული" და მზარდი ურთიერთობა აქვს.

"ჩვენ არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ რუსეთს დასავლეთის მსგავსად სანქციები დავუწესოთ. ჩვენ დასავლეთის სანქციებით შებოჭილი არ ვართ. ძლიერი სახელმწიფო ვართ და რუსეთთან პოზიტიური ურთიერთობები გვაქვს. რუსეთსა და თურქეთს ერთმანეთი ყველა შესაძლო სფეროში სჭირდებათ". - თქვა ერდოღანმა.

მოქმედ პრეზიდენტსა და მეორე ტურში მის მეტოქე ქემალ ქილიჩდაროღლუს თურქეთის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვები აქვთ. თუ ერდოღანი ფსონს პუტინთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე დებს, ქილიჩდაროღლუ რუსეთს აკრიტიკებს და დასავლეთთან ურთიერთობის ნორმალიზების პირობას იძლევა.

"ძვირფასო რუსო მეგობრებო, თქვენ დგახართ იმ მონტაჟების, შეთქმულების, Deep Fake-ებისა და ჩანაწერების უკან, რომლებიც გუშინ ამ ქვეყანაში გავრცელდა". - წერდა Twitter-ზე ქილიჩდაროღლუ პირველ ტურამდე და რუსეთს არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებდა.

ქილიჩდაროღლუ ასევე ამბობს, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის დღეს არსებული, პერსონალურ სიმპათიებზე დამყარებული ურთიერთობა შეიცვლება და წინა პლანზე სახელმწიფო ინტერესები დადგება.


თურქეთის სახელმწიფო საარჩევნო კომისიის უწყებით, არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობა მოსახლეობის 89%-მა მიიღო. 

მოქმედი საარჩევნო სისტემით ეს პირველი შემთხვევაა, როცა თურქეთში არჩევნების მეორე ტური დაინიშნა. 

მეორე ტურის დანიშვნასთან დაკავშირებით ერთიანი ოპოზიციის კანდიდატმა, ქილიჩდაროღლუმ აღნიშნა:

"თუკი ჩვენს ერს მეორე ტური უნდა, ამას პატივს ვცემთ. ერდოღანმა ის შედეგები ვერ მიიღო, რაც სურდა". 

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომლის მეორე ტურიც 28 მაისს გაიმართება, ერდოღანი ჯერჯერობით აშკარა ლიდერია.

კომენტარები