ლავროვის ოჯახი ყვარელში

TI: ადვოკატებს უკანონოდ უშლიან ხელს ყვარელში დაკავებულების უფლებების დაცვაში

ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ყვარელში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

ორგანიზაციის ცნობით, მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დროს პოლიციამ 10-ზე მეტი სამოქალაქო აქტივისტი დააკავა. არის კადრები, სადაც ჩანს პოლიციის მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების მიმართ ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტები. დაკავებულები გადაყვანილნი არიან თელავის პოლიციის შენობასთან.

არასამთავრობო ორგანიზაციების ადვოკატები დაკავებული პირების უფლებების დასაცავად პოლიციის შენობასთან იმყოფებიან, თუმცა, მათ უკანონოდ ეშლებათ ხელი დაცვის ქვეშ მყოფი პირების უფლებების დაცვაში. პოლიცია ადვოკატებს არ აძლევს შესაძლებლობას, მოინახულონ დაკავებულები. ასევე, იმ დროს, როდესაც საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს იურისტი ორი საათის განმავლობაში ელოდებოდა დაკავებულთან შეხვედრას, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, გიორგი კლიმიაშვილმა მას იძულებით დაატოვებინა პოლიციის შენობა.

ამ დროისათვის ადვოკატებისათვის უცნობია, რა მდგომარეობაში იმყოფებიან დაკავებული აქტივისტები. დაკავებულების უფლებები განგრძობითად ირღვევა. - წერია განცხადებაში. 


გუშინ, 19 აპრილს, მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყვარელში არიან ლავროვის სანქცირებული შვილი, ეკატერინა ლავროვა და მისი ქმარიც.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათთან სასტუმროში ეკატერინა ლავროვა ისვენებს, უარყო ორმა სასტუმრომ - Kvareli Lake Resort-მა და ახაშენმა.  

კომენტარები