ლავროვის ოჯახი ყვარელში

მელია: აღმოსავლეთ საქართველოს სპეცსამსახურები ყვარელშია, მოჰყავთ წყლის ჭავლის მანქანა

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ ყვარელში, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სანქცირებული ოჯახის წევრები იმყოფებიან, აღმოსავლეთ საქართველოს სპეცსამსახურებია მობილიზებული და მიჰყავთ წყლის ჭავლის მანქანაც. 

"ბავშვსაც ვერავინ ვერ დააჯერებს, რომ შეთანხმების გარეშე ხდება ის, რაც დღეს ხდება. მთელი აღმოსავლეთ საქართველოს სპეცსამსახურები აქ არიან და წყლის ჭავლის შესაბამისი მანქანა მოჰყავთ, თუკი რამით ახლა ისინი დაკავებული არიან, არის ის, რომ ქორწილის ჩატარება უზრუნველყონ. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ აქ ქორწილი არ შედგეს. 

ლავროვის სიძის ძმა არის მთავარი მასპინძელი, მისი ქორწილია. ლავროვის სიძე დასანქცირებულია, ლავროვის ქალიშვილი დასანქცირებულია, ლავროვის სიძის ძმის მამაც დასანქცირებულია. ეს რაც ვიცით და რაც არ ვიცით? აქ უნდა შეისვას დღეს პუტინის სადღეგრძელო, აქ უნდა შეისვას დღეს რუსული არმიის სადღეგრძელო, აქ უნდა თქვან, რომ გაუმარჯოს რუსეთს, ძირს საქართველო და ძირს უკრაინა. თავმოყვარეობის, ღირსების საკითხია. გავრილოვი არაფერია იმ "სტუმრებთან", ესენი სტუმრები არ არიან, ესენი არიან ოკუპანტები, ამათთან შედარებით გავრილოვი იყო მარიონეტი, პუტინისთვის ვინ იყო - შეიძლება არც იცნობს ნორმალურად, ხომ? ვინ იყო პოზნერი, არავინ არ იყო. კრემლის ნაწილია დღეს აქ, ყვარელში, ვლადიკავკაზიდან შემოიყვანეს და დღეს აქ აპირებენ ძალიან ბოჰემური საღამოს მოწყობას. ამ სასტუმროში, არცერთმა საქართველოს მოქალაქემ, ვინც ამ ქვეყნის სუვერენიტეტს პატივს სცემს და რუსეთი მტრად მიაჩნია სამართლიანად, ერთი საათიც აღარასდროს უნდა გატაროს". - ამბობს ნიკა მელია.  

გუშინ, 19 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყვარლის ტბაზე სასტუმროში სერგეი ლავროვის სიძის ძმა ქორწილის გადახდას აპირებს. მედიის ცნობით, იქ არიან ლავროვის სანქცირებული შვილი, ეკატერინა ლავროვა და მისი ქმარი. Instagram-ზე გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით, წყვილმა ჯვარი თბილისში დაიწერა. 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათთან სასტუმროში ეკატერინა ლავროვა ისვენებს, უარყო ორმა სასტუმრომ - Kvareli Lake Resort-მა და ახაშენმა.  

კომენტარები