პირდაპირი ფრენები რუსეთთან

ხოშტარია: [რუსული] თვითმფრინავი მშვიდად ვერ ჩამოფრინდება, რესპუბლიკის მოედანზე ვიკრიბებით

დროა

დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, 17 მაისს, 12:00-ზე რესპუბლიკის მოედანზე მხარდამჭერებთან ერთად შეიკრიბებიან და მოსკოვი-თბილისის ფრენის გასაპროტესტებლად კოლონით წავლენ. ხოშტარია ასევე ამბობს, რომ შეუერთდებიან ყველა აქციას, რომელიც ამავე თემაზე დაიგეგმა.  

"ჩვენ შევუერთდებით ყველა აქციას, რომელიც უკვე თვითორგანიზებით იგეგმება დღეს პარლამენტის უკან, დღეს კანცელარიასთან - სხვადასხვა ინიციატივებია, აბსოლუტურად ყველგან ვიქნებით. ამასთანავე, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია, ფრენის პირველ დღეს საქართველომ რუსეთს, უკრაინასა და მსოფლიოს საკუთარი სახე აჩვენოს. 

ეს თვითმფრინავი კომფორტულად აქ ვერ ჩამოფრინდება, მშვიდად ვერ ჩამოფრინდება. ჩვენ უნდა დავდგეთ პირველი ფრენის დროს და უნდა ვაჩვენოთ, სად არის ქართული საზოგადოება. ამიტომ 19 რიცხვში, როდესაც დანიშნულია პირველი რეისი, დღის 12 საათზე შევიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე და კოლონით წავალთ ამ მოღალატეობრივი გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად. დაინახოს ყველამ, ჩვენ იქ არ ვერჩით მგზავრებს, ეს ჩვენი საქმე არაა, ვინ როგორ გადაწყვეტს, სად იფრინოს, მაგრამ ჩვენ რუსეთსა და მთელ მსოფლიოში ვაჩვენებთ, რომ საქართველოში ქართული ოცნების გარდა ამ თვითმფრინავს ტაშით არავინ ხვდება". - ამბობს ელენე ხოშტარია.   

"ცალმხრივი ბილეთი მოსკოვში ივანიშვილის რეჟიმს" - დღეს, 16 მაისს, 19:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია-პერფორმანსის გამართვას გეგმავს ევროპული საქართველო. აქცია გაიმართება საქართველოს პარლამენტის უკანაც. 

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, რუსული ავიაკომპანია Азимут-ი, რომელიც უკრაინის მიერაა სანქცირებული 17 მაისიდან საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების შესრულებას დაიწყებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, კომპანია Азимут-ი მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით კვირაში 7 რეისს შეასრულებს. სააგენტოს ცნობით, დღეის მდგომარეობით, ეს კომპანია ევროკავშირის შავ სიაში არ იმყოფება.


სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კომპანია Азимут-ისთვის ფრენების განხორციელებისთვის აუცილებელი ნებართვა 15 მაისს გასცა. 

ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო რეჟიმიც.

პუტინის განკარგულების შემდეგ, ავიაკომპანია Georgian Airways-მა რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ პირდაპირი ფრენების დაწყების სურვილი გამოთქვა. ამის შესახებ ავიანიუსთან კომპანიის დამფუძნებელმა, თამაზ გაიაშვილმა ისაუბრა.

"ძალიან გამიხარდა, რომ ჩვენი მთავრობაც პოზიტიურად არის განწყობილი. ბოლოს და ბოლოს ეროვნული მთავრობაა, რომელსაც ეროვნული ინტერესები აქვს". – აღნიშნავს გაიაშვილი ავიანიუსთან.

კომენტარები