პირდაპირი ფრენები რუსეთთან

Азимут-მა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოში ფრენების დაწყებამდე ქვეყნების სიიდან ამოიღო

რუსულმა ავიაკომპანიამ, Азимут-მა რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები – აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ქვეყნების სიიდან ამოიღო. 

ჯერ კიდევ 15 მაისს, 18:48:22 საათამდე კომპანიის ვებგვერდზე რეგისტრაციისას მომხმარებელს შეეძლო, პირადი მონაცემების შეყვანისას სხვა ქვეყნებთან ერთად აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთიც აერჩია. 

სქრინი Азимут-ის ვებსაიტიდან, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის
​​​​​​ ქვეყნების სიიდან ამოღებამდე
სქრინი Азимут-ის ვებსაიტიდან, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ქვეყნების სიიდან ამოღებამდე

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, რუსული ავიაკომპანია Азимут-ი, რომელიც უკრაინის მიერაა სანქცირებული 17 მაისიდან საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების შესრულებას დაიწყებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, კომპანია Азимут-ი მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით კვირაში 7 რეისს შეასრულებს. სააგენტოს ცნობით, დღეის მდგომარეობით, ეს კომპანია ევროკავშირის შავ სიაში არ იმყოფება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კომპანია Азимут-ისთვის ფრენების განხორციელებისთვის აუცილებელი ნებართვა დღეს, 15 მაისს გასცა.

ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო რეჟიმიც.

პუტინის განკარგულების შემდეგ, ავიაკომპანია Georgian Airways-მა რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ პირდაპირი ფრენების დაწყების სურვილი გამოთქვა. ამის შესახებ ავიანიუსთან კომპანიის დამფუძნებელმა, თამაზ გაიაშვილმა ისაუბრა.

"ძალიან გამიხარდა, რომ ჩვენი მთავრობაც პოზიტიურად არის განწყობილი. ბოლოს და ბოლოს ეროვნული მთავრობაა, რომელსაც ეროვნული ინტერესები აქვს". – აღნიშნავს გაიაშვილი ავიანიუსთან.

კომენტარები