ცესკო

ღუდუშაური: სალომე ზურაბიშვილი ტელეკამერების წინ ვეტოს ისე იქნევს, როგორც ხმალს

ქართული ოცნების დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების წარდგენის ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას გამოეხმაურა. ღუდუშაურის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ტელეკამერების წინ ვეტოს ხმალივით იქნევს.

"ქალბატონი პრეზიდენტი ტელეკამერების წინ ამ ვეტოს ისე იქნევს, როგორც ხმალს. ამიტომ, მე მას განვუმარტავდი, რომ იქნებ თავის აპარატს უთხრას, რა შემთხვევაში შეიძლება, ვეტო იყოს გამოყენებული [...] როდესაც ქალბატონი პრეზიდენტი არარსებულ კანონზე ასეთ განცხადებას აკეთებს, მე ვფიქრობ, მან თავისი აპარატის წარმომადგენლები როგორც მინიმუმ აუცილებლად უნდა დატუქსოს". - თქვა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან საუბარში.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების წარდგენის ახალი კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში დღეს, 15 მაისს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების წარდგენის ახალ კანონპროექტს ვეტოს დაადებს. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ერთპარტიული დანიშვნები სახელმწიფოებრიობასა და ევროპულ მომავალს ეწინააღმდეგება.

ქართული ოცნების დეპუტატების მიერ ინიცირებული ცვლილებების თანახმად, თავმჯდომარისა და რამდენიმე წევრის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. არსებული კანონმდებლობით, ეს უფლებამოსილება მხოლოდ პრეზიდენტს ჰქონდა.

ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, იცვლება მათ არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმიც. კერძოდ, თუ პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმით) მხარს დაუჭერს, თანამდებობას ხუთი წლის ვადით დაიკავებენ.

რაც შეეხება შერჩევის პროცედურას, ცვლილებებით, ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას შექმნის პარლამენტის თავმჯდომარე. პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს საკანონმდებლო ორგანოს კანდიდატურებს. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში პრეზიდენტის ერთი წარმომადგენელი იქნება.

ამჟამად ცესკოს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი 6 თვით მესამედაა არჩეული. საქართველოს პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი და ორი წევრი 2021 წლის აგვისტოში 19 აპრილის შეთანხმების საფუძველზე მიღებული ახალი კანონით პირველად 6 თვით აირჩია.

2022 წლის 15 დეკემბერს პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილებას. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო მიიჩნევს, რომ კანონპროექტის საბოლოოდ მიღების შემთხვევაში, ფაქტობრივად, უქმდება 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების შედეგად შემუშავებული წესი და არსებითად უარესდება პარლამენტის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და პროფესიული წევრების არჩევის პროცედურა.

მოქმედი რეგულაციით, ცესკოს თავმჯდომარე და პროფესიული წევრები აირჩევიან პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ით (100 ხმა). ასეთი უმრავლესობით არჩევის შეუძლებლობის შემთხვევაში, მათ პარლამენტის 3/5 ამტკიცებს (90 ხმა), ხოლო თუ ეს კვორუმიც ვერ შეგროვდა, ცესკოს წევრს პარლამენტის უბრალო უმრავლესობა ირჩევს. თითოეულ კენჭისყრას შორის პერიოდი არანაკლებ 4 კვირა უნდა იყოს. ცესკოს თავმჯდომარის ან წევრის 2/3-ით არჩევის შემთხვევაში ის 5 წლით იკავებს თანამდებობას, სხვა შემთხვევაში კი მხოლოდ 6 თვით.

კომენტარები