ცესკო

TI: ოცნება ცესკოს თავმჯდომარის, წევრების არჩევის წესს აუარესებს – შეთანხმებას ეწინააღმდეგება

ტაბულა

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI) ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის შეფასებით, ქართული ოცნება არჩევის წესს აუარესებს, რაც 19 აპრილს დადებულ შარლ მიშელის შეთანხმებას ეწინააღმდეგება.

"15 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც, ფაქტობრივად, უქმდება 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების (ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმება) შედეგად შემუშავებული წესი და არსებითად უარესდება პარლამენტის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) თავმჯდომარის და პროფესიული წევრების არჩევის პროცედურა". - წერია განცხადებაში. 

ორგანიზაციის შეფასებით, კანონპროექტის მიღებით ქვეყანაში გაღრმავდება პოლიტიკური პოლარიზება და კიდევ უფრო შემცირდება საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობა და მის მიმართ ნდობა, ასევე, საერთაშორისო პარტნიორების წინაშე დადებული პირობის დარღვევის გამო ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს კიდევ ერთი ზიანი მიადგება. 

"მმართველი პარტიის დეპუტატების მიერ ინიცირებული კანონპროექტით ცვლილებები შედის პარლამენტის რეგლამენტში და ის დაჩქარებული წესით განიხილება. კანონპროექტის ავტორები განმარტებით ბარათში უთითებენ, რომ ვინაიდან ცესკოს მოქმედ თვმჯდომარეს და ორ წევრს უფლებამოსილების ვადა მომავალი წლის თებერვალში გასდის, ამიტომ არის საჭირო ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება. 

მოქმედი რეგულაციით, ცესკოს თავმჯდომარე და პროფესიული წევრები აირჩევიან პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ით (100 ხმა). ასეთი უმრავლესობით არჩევის შეუძლებლობის შემთხვევაში, მათ პარლამენტის 3/5 ამტკიცებს (90 ხმა), ხოლო თუ ეს კვორუმიც ვერ შეგროვდა, ცესკოს წევრს პარლამენტის უბრალო უმრავლესობა ირჩევს. თითოეულ კენჭისყრას შორის პერიოდი არანაკლებ 4 კვირა უნდა იყოს. ცესკოს თავმჯდომარის ან წევრის 2/3-ით არჩევის შემთხვევაში ის 5 წლით იკავებს თანამდებობას, სხვა შემთხვევაში კი მხოლოდ 6 თვით. შემოთავაზებული ცვლილებებით, თუ პირველ კენჭისყრაზე კანდიდატმა ვერ მიიღო პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ის მხარდაჭერა, შემდეგ კენჭისყრაზე ყოველგვარი სავალდებულო დროის შუალედის გარეშე  პარლამენტი სრული შემადგენლობის უბრალო უმრავლესობით შეძლებს კანდიდატის თანამდებობაზე არჩევას. ეს პროცედურა იმდენად ამარტივებს ცესკოს წევრობის კანდიდატის არჩევას, რომ საპარლამენტო უმრავლესობა კარგავს  საპარლამენტო ოპოზიციასთან შეთანხმების ყოველგვარ მოტივაციას, რითაც  საარჩევნო რეფორმის ეს ნაწილი ბოლომდე უფასურდება". - წერია განცხადებაში. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს განცხადების მიხედვით, ფაქტობრივად, უქმდება აპრილის პოლიტიკური შეთანხმების შედეგად შემუშავებული წესი, რასაც გადაწყვეტილების მიღების პროცესის ინკლუზიურობა და საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობა უნდა გაეზარდა. 

"აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ცესკოს წევრების არჩევის შეთანხმებულ წესს მმართველი პარტია ცვლის და საკუთარ პოლიტიკურ ინტერესს არგებს. 2021 წლის მუნიციპალურ ორგანოთა  არჩევნების წინაც ცესკოს წევრების ასარჩევად საპარლამენტო კენჭისყრებს შორის კანონით დადგენილი პერიოდის 1 თვიდან 1 კვირამდე ერთჯერადი შემცირებით საპარლამენტო უმრავლესობამ მარტივად შეძლო მხოლოდ მის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატების არჩევა. ახალი ცვლილება კი ამ წესს უკვე არა ერთჯერადად, არამედ ხანგრძლივი ვადით და უფრო მეტად აუარესებს". - ვკითხულობთ განცხადებაში.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო მოუწოდებს საპარლამენტო უმრავლესობას, უარი თქვას შემოთავაზებული კანონპროექტის მიღებაზე და ცესკოს შემდეგი თავმჯდომარე და წევრები აირჩიოს საპარლამენტო ოპოზიციასთან დიალოგსა და ფართო კონსესუსზე დაფუძნებული პრინციპით, რათა საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ საზოგადოების ნდობა გაიზარდოს. 

19 აპრილს მხარეების მიერ დადებულ შეთანხმებაში, შარლ მიშელის დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი ამბიციური საარჩევნო რეფორმაა, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტებაში შესატან ცვლილებებსაც მოიცავს.   

ქართულმა ოცნებამ  28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, ვალდებულებების შესრულება მათ "კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. 

კომენტარები