პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების წარდგენის ახალ კანონპროექტს ვეტოს დაადებს. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ერთპარტიული დანიშვნები ეწინააღმდეგება სახელმწიფოებრიობას და ევროპულ მომავალს.
"უკვე მესამედ, მმართველი უმრავლესობა ცვლის კანონებს იმ მიზეზით, რომ პრეზიდენტმა არ წარადგინა მათთვის სასურველი კანდიდატები კონკრეტულ თანამდებობებზე. ესენია: ელჩები, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები, ცესკოს თავმჯდომარე და წევრები. სამივე შემთხვევაში პრეზიდენტის პრინციპული პოზიცია გამომდინარეობს სახელმწიფო და არა პირადი ინტერესებიდან.
პრეზიდენტი კანდიდატურების შერჩევისას ხელმძღვანელობს მათი დამოუკიდებლობის ხარისხითა და მიუკერძოებლობით. პრეზიდენტი ეჭვქვეშ არ აყენებს მათ კვალიფიკაციას, მაგრამ პრინციპულად მიაჩნია, რომ ასეთ თანამდებობებზე ერთპარტიული დანიშვნები ეწინააღმდეგება სახელმწიფოებრიობას და ევროპულ მომავალს. ამდენად, ამ კანონსაც პრეზიდენტი ვეტოს დაადებს". – ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.
ქართული ოცნების დეპუტატების მიერ ინიცირებული ცვლილებების თანახმად, თავმჯდომარისა და რამდენიმე წევრის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. არსებული კანონმდებლობით, ეს უფლებამოსილება მხოლოდ პრეზიდენტს ჰქონდა.
ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, იცვლება მათ არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმიც. კერძოდ, თუ პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმით) მხარს დაუჭერს, თანამდებობას ხუთი წლის ვადით დაიკავებენ.
რაც შეეხება შერჩევის პროცედურას, ცვლილებებით, ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას შექმნის პარლამენტის თავმჯდომარე. პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს საკანონმდებლო ორგანოს კანდიდატურებს. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში პრეზიდენტის ერთი წარმომადგენელი იქნება.
ამჟამად ცესკოს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი 6 თვით მესამედაა არჩეული. საქართველოს პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი და ორი წევრი 2021 წლის აგვისტოში 19 აპრილის შეთანხმების საფუძველზე მიღებული ახალი კანონით პირველად 6 თვით აირჩია.
2022 წლის 15 დეკემბერს პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილებას. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო მიიჩნევს, რომ კანონპროექტის საბოლოოდ მიღების შემთხვევაში, ფაქტობრივად, უქმდება 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების შედეგად შემუშავებული წესი და არსებითად უარესდება პარლამენტის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და პროფესიული წევრების არჩევის პროცედურა.
მოქმედი რეგულაციით, ცესკოს თავმჯდომარე და პროფესიული წევრები აირჩევიან პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ით (100 ხმა). ასეთი უმრავლესობით არჩევის შეუძლებლობის შემთხვევაში, მათ პარლამენტის 3/5 ამტკიცებს (90 ხმა), ხოლო თუ ეს კვორუმიც ვერ შეგროვდა, ცესკოს წევრს პარლამენტის უბრალო უმრავლესობა ირჩევს. თითოეულ კენჭისყრას შორის პერიოდი არანაკლებ 4 კვირა უნდა იყოს. ცესკოს თავმჯდომარის ან წევრის 2/3-ით არჩევის შემთხვევაში ის 5 წლით იკავებს თანამდებობას, სხვა შემთხვევაში კი მხოლოდ 6 თვით.