ახალი კანონპროექტის მიხედვით, საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში ჩარევა დაჯარიმდება 2000 ლარით, ნაცვლად 500 ლარისა - ორგანულ კანონში "ცენტრალური საარჩევნო კოდექსი" ცვლილებები იგეგმება.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, კანონპროექტი მიზნად ისახავს საარჩევნო კანონმდებლობის მომწესრიგებელი ნორმების დახვეწას და ჰარმონიზაციას
"2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული საქართველოს პარლამენტის არჩევნების შემდეგ, გამოიკვეთა, რომ საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მოქმედი რედაქცია საჭიროებს რიგი პროცედურული და ტექნიკური თავისებურებების გადახედვას და არსებულ პრაქტიკულ გამოწვევებთან შესაბამისობაში მოყვანას. ამრიგად, აღნიშნული კანონპროექტი მიზნად ისახავს საარჩევნო კანონმდებლობის მომწესრიგებელი ნორმების დახვეწას და ჰარმონიზაციას" - წერია დოკუმენტში.
კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები ქართული ოცნების და ხალხის ძალის დეპუტატები გივი მიქანაძე, არჩილ გორდულაძე, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, თორნიკე ჭეიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი არიან.