კანონპროექტში წერენ, რომ საარჩევნო კოდექსში "პროცედურული და ტექნიკური" ცვლილებები შედის. ცვლილებები ეხება საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის/დანიშვნის კრიტერიუმებს, კომისიის არჩეულ/დანიშნული წევრის უფლებამოსილებას, გაუნაწილებელი მანდატების გადანაწილების წესს და ა.შ.
ახალი კანონპროექტის მიხედვით, საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში ჩარევა დაჯარიმდება 2000 ლარით, ნაცვლად 500 ლარისა.
ამასთან, დოკუმენტში წერია, რომ დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელს და დამკვირვებელს ეზღუდებათ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება. ცვლილება ახსნილია პარტიულ და არაპარტიულ დაკვირვებას შორის "არსებული ზღვრის უფრო მკაფიოდ დაცვის" მოტივით.
-
"სპეციალური ჯგუფის წევრის საქმიანობა ან/და შრომის ანაზღაურება მის საზიანოდ გავლენას არ მოახდენს მისი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციაზე, მისთვის სოციალური დახმარების, სოციალური გასაცემლის ან/და სახელმწიფო გასაცემლის მიცემაზე, მასზე სოციალური შეღავათის გავრცელებაზე ან/და მის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ან/და ასეთი პროგრამის ქვეპროგრამაში მონაწილეობაზე;
-
საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის/დანიშვნის კრიტერიუმები უფრო მკაფიოდ და ერთგვაროვნად ყალიბდება;
-
საარჩევნო კომისიის არჩეულ/დანიშნულ წევრს უფლებამოსილება შეუწყდება სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის/გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე;
-
ზუსტდება, რომ ამომრჩეველთა ერთიანი სიის გრაფაში "ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი" ჩანაწერი "საკონსულო აღრიცხვაზეა", მსგავსად ჩანაწერისა "იმყოფება უცხოეთში" არ არის კენჭისყრაში მონაწილეობის შეზღუდვის საფუძველი
-
მუხლიდან, რომელიც არეგულირებს რიგითი ნომრის მინიჭების წესს, ამოღებულია საარჩევნო ბლოკთან დაკავშირებული ჩანაწერი;
-
პარტიულ და არაპარტიულ დაკვირვებას შორის არსებული ზღვარის უფრო მკაფიოდ დაცვის მიზნით, დგინდება ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და ადგილობრივ დამკვირვებელთა, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დანიშვნის ახალი კრიტერიუმები;
-
ზუსტდება, რომ საარჩევნო სუბიექტს ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის მსგავსად, უფლება აქვს კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არაუმეტეს 1 წარმომადგენლისა;
-
პარტიულ და არაპარტიულ დაკვირვებას შორის არსებული ზღვარის უფრო მკაფიოდ დაცვის მიზნით, დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელს და დამკვირვებელს ეზღუდებათ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება;
-
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრა ჩატარდება კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-7 დღისა;
-
იზრდება საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში ჩარევისთვის განსაზღვრული სანქციის ოდენობა;
-
ზუსტდება ჩანაწერი, რომელის თანახმად საქართველოს მოქალაქე საქართველოს პარლამენტის წევრად, მერად, საკრებულოს წევრად შეიძლება აირჩეს თუ კენჭისყრის დღემდე ან კენჭისყრის დღეს უსრულდება კანონმდებლობით დაწესებული შესაბამისი ასაკი;
-
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნებისთვის იცვლება გაუნაწილებელი მანდატების გადანაწილების წესი - შესაბამისობაში მოდის საქართველოს პარლამენტის არჩევნებში გაუნაწილებელი მანდატების გადანაწილების წესთან" - წერია კანონპროექტში.
კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები ქართული ოცნების და ხალხის ძალის დეპუტატები გივი მიქანაძე, არჩილ გორდულაძე, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, თორნიკე ჭეიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი და გურამ მაჭარაშვილი არიან
იმავე დეპუტატების ინიციატივით, მომზადებულია მეორე კანონპროექტიც, რომლის მიხედვით, ცესკოს წევრები სახელმწიფოსგან კომპენსაციას მიიღებენ.