სასამართლო კლანის სანქცირება

მდინარაძე სასამართლოს კომისიაზე: ყველაფერს აკეთებენ, რომ პატარ-პატარა ნაღმები ჩადონ

ქართული ოცნება

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის თქმით, მართველი პარტია ოპოზიციას სასამართლოს შესახებ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საშუალებას არ მისცემს. მდინარაძემ კომისიას "ნაღმი" უწოდა და თქვა, რომ პარტია ოპოზიციას ამ "ნაღმს არ ჩაადებინებს".

"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოს არ დაბრალდეს რეკომენდაციების არშესრულება, საბაბი არ მივცეთ იმ გეგმის შესასრულებლად, რომ საქართველოს არ მიეცეს სტატუსი და ამან გამოიწვიოს არეულობა. ამ დროს ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ პატარ-პატარა ნაღმები ჩადონ და ერთ-ერთი ნაღმი, არა მთლად პატარა, სასამართლოს შესახებ კომისიის შექმნის მოთხოვნაა. ამ ნაღმს არ ჩავადებინებთ. პოლიტიკური გადაწყვეტილება ასეთია და სამართლებრივად კონსტიტუციის და რეგლამენტის კითხვა ამ ხალხმა ვერ ისწავლა, მე რეპეტიტორად არ გამოვადგები". – თქვა მდინარაძემ.

ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მას შემდეგ ცდილობენ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთხი ქართველი მოსამართლე დაასანქცირა. როგორც საქართველოში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა განმარტა, სანქცირებული პირები ხელს უშლიდნენ ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მშენებლობას.

ოპოზიციის ინიციატივით სასამართლო სისტემაში კორუფციისა და სხვადასხვა სახის სამართალდარღვევის შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა კვორუმის არარსებობის გამო უკვე სამჯერ ჩავარდა. სამივე შემთხვევაში ქართული ოცნების დეპუტატებმა რეგისტრაციის გავლაზე უარი თქვეს. 24 აპრილს კელი დეგნანმა იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი საგამოძიებო კომისიის ინსტრუმენტის გამოყენებას შეძლებს. მისი შეფასებით, საგამოძიებო კომისიის შექმნა მექანიზმია, რომელიც უფრო მეტი გამჭვირვალობისთვის არის საჭირო.

კომენტარები