ამერიკის ელჩი საქართველოში

დეგნანი საგამოძიებო კომისიაზე: იმედი მაქვს პარლამენტი ამ ინსტრუმენტს სრულად გამოიყენებს

US Embassy Tbilisi, Georgia / Facebook

საქართველოში ამერიკის ელჩის კელი დეგნანის შეფასებით, საგამოძიებო კომისიის შექმნა მექანიზმია, რომელიც უფრო მეტი გამჭვირვალობისთვის არის საჭირო. ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომელიც სასამართლოსთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროებას ეხებოდა, ელჩმა თქვა, რომ აღნიშნული ინსტრუმენტი მოქალაქეებს მეტად ინფორმირებაში დაეხმარება. 

"საგამოძებო კომიტეტის შექმნა არის მექანიზმი, რომ შემოწმდეს და მოკვლევა მოხდეს იმ საკითხების, რომლებიც ქართველი ხალხისთვის არის მნიშვნელოვანი და რომლებიც უფრო მეტ გამჭვირვალობას მოითხოვენ, მეტ ინფორმაციულობას და მოქალაქეებს საშუალებას აძლევენ იყვნენ უფრო ინფორმირებულები. 

მიზეზი, რატომაც შექმნა პარლამენტმა ეს ინსტრუმენტი, არის ის, რომ მოქალაქეებს მიაწოდონ მეტი ინფორმაცია. ეს არის ძალიან სასარგებლო მექანიზმი, რომელიც ბევრი სხვა ქვეყნის პარლამენტში და კონგრესშიც  გამოიყენება. იმედი მაქვს, რომ პარლამენტი და პარლამენტის წევრები სრულად გამოიყენებენ ამ ინსტრუმენტს, რომელიც მათ შექმნეს თავიანთი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე".- განაცხადა კელი დეგნანმა. 

სასამართლო სისტემაში კორუფციისა და სხვადასხვა სახის სამართალდარღვევის შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა კვორუმის არარსებობის გამო სამჯერ ჩავარდა. ქართული ოცნების დეპუტატებმა რეგისტრაცია არ გაიარეს.

ოპოზიციის წარმომადგენლები დასანქცირებული მოსამართლეების საქმიანობასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ. კომისიამ სასამართლო სფეროში კორუფციის და ნეპოტიზმის სავარაუდო ფაქტები და მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის მხრიდან მოსამართლეებზე ზემოქმედების შესაძლო შემთხვევები უნდა გამოიძიოს.

კომენტარები