სასამართლო კლანის სანქცირება

კობახიძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ოპოზიციამ სასამართლოზე საგამოძიებო კომისია არ შექმნას

ქართული ოცნება

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი პარტიის პოზიცია კვლავ უცვლელია და ყველაფერს გააკეთებენ, რათა პარლამენტში სასამართლოს საკითხებზე საგამოძიებო კომისია არ შეიქმნას.

"ჩვენი პოზიცია უცვლელია. კონსტიტუციისა და რეგლამენტის ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ, კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ სასამართლოს თემაზე არ შექმნას საგამოძიებო კომისია. ამისათვის გამოვიყენებთ ყველა ბერკეტს კონსტიტუციისა და რეგლამენტის ფარგლებში". – თქვა კობახიძემ.

ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მას შემდეგ ცდილობენ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთხი ქართველი მოსამართლე დაასანქცირა. როგორც საქართველოში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა განმარტა, სანქცირებული პირები ხელს უშლიდნენ ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მშენებლობას.

ოპოზიციის ინიციატივით სასამართლო სისტემაში კორუფციისა და სხვადასხვა სახის სამართალდარღვევის შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა კვორუმის არარსებობის გამო უკვე სამჯერ ჩავარდა. სამივე შემთხვევაში ქართული ოცნების დეპუტატებმა რეგისტრაციის გავლაზე უარი თქვეს. 24 აპრილს კელი დეგნანმა იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი საგამოძიებო კომისიის ინსტრუმენტის გამოყენებას შეძლებს. მისი შეფასებით, საგამოძიებო კომისიის შექმნა მექანიზმია, რომელიც უფრო მეტი გამჭვირვალობისთვის არის საჭირო.

კომენტარები