ნიკა გვარამიას საქმე

ჰერჩინსკი: პრეზიდენტზეა დამოკიდებული, შეიწყალებს თუ არა გვარამიას – ყურადღებით ვაკვირდებით

European Union in Georgia

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის თქმით, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზეა დამოკიდებული, შეიწყალებს თუ არა მთავარი არხის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, რადგან ეს მისი კონსტიტუციური უფლებაა. ელჩის თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლობა გვარამიასა და სხვა საქმეებს ყურადღებით აკვირდება.

"საქართველოს პრეზიდენტზეა დამოკიდებული, შეიწყალებს თუ არა ნიკა გვარამიას. მისი კონსტიტუციური უფლებაა, შეიწყალოს ნებისმიერი ადამიანი, ვისი შეწყალებაც სურს. ასე რომ, მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ. როგორც იცით, 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი ეხება მედიის თავისუფლებას, პროფესიონალიზმს, დამოუკიდებლობას. გამოხატვის თავისუფლება არის ერთ-ერთი პრინციპი, რომელსაც ევროკავშირი ეფუძნება. ასე რომ, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ და სხვა საქმეებს. ჯერ კიდევ არის დრო, ვიდრე ევროკომისია გამოაქვეყნებს შეფასებას. ეს მოხსენება ოქტომბერში გამოქვეყნდება და უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე წევრი ქვეყნები გადაწყვეტენ მომდევნო ნაბიჯებს, რომელიც ეხება საქართველოს ინტეგრაციის პროცესს მიმდინარე წლის დეკემბერში". – თქვა ჰერჩინსკიმ პირველი არხის ცნობით.

2022 წლის 16 მაისს, საქართველოს კანდიდატის სტატუსზე ევროკავშირის გადაწყვეტილებამდე ერთი თვით ადრე მთავარი არხის დირექტორს ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 50 000-ლარიანი ჯარიმა და 3 წლის და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელის შთანთქმის პრინციპით გვარამიას ჯარიმა მოეხსნა და საბოლოო სასჯელად პატიმრობა დარჩა. მოსამართლის განკარგულებით, მთავარი არხის დირექტორი სასამართლო დარბაზში დააკავეს. 

ნიკა გვარამია რუსთავის 2-ის საქმეზე რამდენიმე მუხლით იყო ბრალდებული (ყალბი დოკუმენტაციის დამზადება, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, კომერციული მოსყიდვა და ქონების გაფლანგვა). მოსამართლემ პირველ სამ ბრალდებაში გაამართლა, გაფლანგვის მუხლი კი, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გადაუკვალიფიცირა.

2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. სააპელაციო სასამართლომ, წინა ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, ნიკა გვარამიასთვის წარდგენილი გაფლანგვის მუხლი გადააკვალიფიცირა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით. თუმცა, თუ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ მთავარი არხის დირექტორს 2015 წლის ეპიზოდზე ჯარიმა მიუსაჯა, ხოლო ავტომანქანის ეპიზოდზე თავისუფლების აღკვეთა, სააპელაციო სასამართლომ ორივე ეპიზოდზე საპატიმრო სასჯელი გამოიყენა.

კომენტარები